კახა ბასილია კიევის სადარაჯოზე ოთხფეხა მეგობრებსაც იცავს

კახა ბასილია კიევის სადარაჯოზე ოთხფეხა მეგობრებსაც იცავს

კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერი კახა ბასილია მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, უკრაინაში იმყოფება. ის, ქართულ ლეგიონთან ერთად, გმირი უკრაინელების მხარდამხარ, ომის პირველივე დღეებიდან კიევის მცველთა რიგებში იბრძვის.

სენსეი კახა უკრაინაში ქართული ლეგიონის სპორტულ განყოფილებას ხელმძღვანელობს და ლეგიონის ბაზაზე, უცხოელ ინსტრუქტორებთან ერთად, უკრაინის მოქალაქეებს ამზადებს თავდაცვაში. არის პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც სამოქალაქო პირებისთვის თავდაცვის ელემენტებთან ერთად პარტიზანული ბრძოლის სწავლებასაც ითვალისწინებს. მისივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე 3 ათასზე მეტი მოქალაქე გადაამზადეს. კახა ბასილია თადარიგის პოლკოვნიკია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე.

*

რუსეთის არმიამ უკრაინის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სასაკლაო მოაწყო, ენითაუწერელი სისასტიკე გამოავლინა. არც შინაური ცხოველები და ფრინველები დაინდეს.

მძიმე მდგომარეობაში არიან სიკვდილს გადარჩენილი ცხოველებიც… უკრაინელი და ქართველი მებრძოლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ მათ დაცვას.

ქართული ლეგიონის ბაზაზე უპატრონოდ დარჩენილი რამდენიმე ჯიშიანი ძაღლია შეფარებული, რომელთაც კახა ბასილია პატრონობს. ოთხფეხა მეგობრებს კარატეს ლიდერი განსაკუთრებით უყვართ და ეიმედებათ.

„სმარტ პეტის“ მკითხველმა იცის, რომ ბატონი კახა ფაუნის ბინადართა მოყვარული, გულშემატკივარი და ქომაგია. მას ძაღლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თბილისში, ოჯახში, 2 საუცხოო ბინადარი ჰყავს: გერმანული ნაგაზი და ლაბრადორი, რომლებიც დღეს მის სიშორეს განიცდიან.

_ ბატონო კახა, ქართულ ლეგიონთან ერთად უშუალოდ მონაწილეობთსაბრძოლო ოპერაციებში. ომის სისასტიკე მშვიდობიან მოსახლეობაზე და ოთხფეხა მეგობრებზეც აისახა… რა ვითარება დაგხვდათ მტრისგან დაქცეულ ქალაქებში?

_ „უფლის ნათქვამი, გიყვარდეს ადამიანები, გაიგეს მხოლოდ ძაღლებმა“, _ რუსული აგრესიიდან გამომდინარე, ამ გამონათქვამს ვეთანხმები. მტერმა არნახული სისასტიკე და კაცთმოძულეობა გამოავლინა. ბუჩა პატარა ქალაქია, წყნეთის მსგავსი, მდიდრული დასახლებით. წმენდაზე რომ შევედით, დაგვხვდა უმძიმესი სურათი: მტრისგან გაძარცვული და განადგურებული სახლები, უმოწყალოდ ნაწამები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, დახოცილი ცხოველები…

უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები, რომლებიც ტყვიას გადაურჩნენ, დასტრესილები არიან. სარდაფში ვიპოვეთ შოკირებული კანე კორსო და ამოვიყვანეთ… 4 ძაღლი წამოვიყვანე ბაზაზე (რაც მანქანაში ჩაეტია), მათ შორის კანე კორსო, ციმბირული ჰასკი, ნაგაზი… ჰასკი არ ეკარებოდა საკვებს, ძალიან შეშინებული და დაბეჩავებული იყო. თანდათან მომჯობინდა, ხტუნვა დაიწყო.

კორსო ისე იყო შოკირებული, 2 დღე არ გამოდიოდა ოთახიდან. ექიმი მოვიძიე, რომელმაც დასამშვიდებელი ნემსი გაუკეთა. თანდათან სიარული დაიწყო, დღის სინათლეზე გამოვიდა და სხვა ძაღლებს შეერია ბაზაზე.

_ ლეგიონის ბაზაზე, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, გყავთ შეფარებული უპატრონოდ დარჩენილი რამდენიმე გერმანული ნაგაზი. მათი პატრონები არ გამოჩნდნენ?

_ ზოგი დასავლეთში წავიდა, ზოგი ალბათ ცოცხალი აღარ არის. ვერ გავამტყუნებ ძაღლის პატრონს, რომელიც ომის საშინელებას გაექცა, ოჯახის წევრები, ცოლ-შვილი გახიზნა, თუმცა ოთხფეხა მეგობრის წაყვანა ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა, დაეტოვებინა.

ომი ცხოველებზეც საშინლად მოქმედებს, ისინი ყველაზე დაუცველები არიან. ასეთი წყნარი ძაღლები პირველად ვნახე. წესით, ნაგაზი უცხოს მიმართ აგრესიული უნდა იყოს. ეს ძაღლები ზოგჯერ ერთმანეთს უღრენენ, მაგრამ არ ერჩიან, იმდენად ყველა დაშინებულია.

_ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში შეიქმნა მიტოვებული და უპატრონო ცხოველების ხსნის საზოგადოებრივი სამსახურები. მათ ვერ დაუკავშირდით?

_ ვერ მოვიძიე. სხვათა შორის, ორ ძაღლს, ჰასკის და კორსოს, მალევე გამოუჩნდათ ახალი პატრონები, ალბათ წაიყვანენ. უკრაინელებს უყვართ ცხოველები და მათი მოვლის კულტურითაც გამოირჩევიან.

_ ძაღლებს, როგორც ჩანს, განსაკუთრებით უყვარხართ, ასე რომ მოგეკედლნენ. რთულ და დაძაბულ საომარ ვითარებაში, როგორ ახერხებთ მათ მოვლას?

_ ოპერაციაზე რომ გავდივართ, ძაღლები რჩებიან ბაზაზე. როცა ვბრუნდებით, ვაჭმევ, ვეფერები… აქ ბევრი ადამიანია, მაგრამ ძაღლები რატომღაც ჩემთან მოდიან. ღამით, ოთახში ერთი ნაგაზი ფეხებთან მიწევს, მეორე კართან, მესამე _ გასასვლელთან… არ მშორდებიან. სტრესის გადატანის შემდეგ შიში იპყრობთ, კვლავ არ დაკარგონ პატრონი, პატარა ბავშვებივით არიან. ასე ვთქვათ, მდარაჯობენ.

_ ერთ ნაგაზს „ბაირახტარი“ დაარქვით, მეორეს _ „ჯაველინი“… „ბაირახტარი“ განსაკუთრებით გიყვართ, მასთან გადაღებული ფოტო ფეისბუქზეც ატვირთეთ, გვიამბეთ მათზე.

_ ძალიან შემეჩვივნენ. ახლაც, რომ გესაუბრებით, თათს მიტყაპუნებს „ჯაველინი“, ყურადღებას ითხოვს… ძაღლებს მოვლა, კვება სჭირდებათ, წყალი სულ უნდა ედგათ… სხვათა შორის, ესენი ბევრს არ ჭამენ, მთავარია, გიყურონ _ დარწმუნდნენ, რომ აქ ხარ, მათ გვერდით.

„ბაირახტარი“ ცალკე თემაა, სწრაფი და მაგარი ძაღლია, არ მშორდება, ღამით ჩემ გვერდით წევს. პირველ დღეებში, დაბომბვიდან რამდენიმე წუთით ადრე იწყებდა ჩემს გაღვიძებას, იმდენად აქვს განვითარებული ინტუიცია. რამდენჯერმე მისმა ალღომ გადამარჩინა, სახიფათო ზონიდან გამიყვანა.

_ საბრძოლო ოპერაციაზე რომ გადიხართ, „ბაირახტარს“ რა რეაქცია აქვს, წაყოლას ითხოვს?

_ იცის, ვერ გავიყოლებ _ მიეჩვია. მანქანაში რომ ვჯდები, მაცილებს და მერე ელოდება იმ მანქანას. საქართველოში რომ დავბრუნდები, წამოვიყვან, აქ ვერ დავტოვებ. ჩემი მეგობარია, რომელიც ფრონტზე ჩემთან ერთადაა.

_ ძაღლის საკვებით ლეგიონს ვინ უზრუნველგყოფთ?

_ თავიდან პრობლემა იყო, მერე ქართველმა ბიჭებმა მოგვამარაგეს ინგლისიდან. ფურა გამოაგზავნეს, რომელშიც ბლომად იყო ძაღლის საკვები. თუმცა, ნაგაზები იმდენად მყავდა განებივრებული, რომ ახლა ამ საკვებს აღარ მიირთმევენ. „ტუშონკას“, სოსისს, ჩემს საჭმელს ვაძლევდი და მიეჩვივნენ. ის ფუთები რეგიონის ძაღლებსაც გავუნაწილეთ.

_ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ გამარჯვებას და შინ მშვიდობით დაბრუნებას მთელ ქართულ ლეგიონს!

სმარტ პეტი

არის თუ არა კახა გოგიძის ბოი “ძაღლების დონ ვიტო”

“როდესაც გადაცემის ჩაწერისას, და ამ არეული და აწეწილი სიტუაციის დროს, სტუდიაში ეს საოცრება (ძაღლი, ავტ.) შემოდის და დიდი, სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებს, ხვდები, რომ ცხოვრება სულ სხვა რამეა, ვიდრე მტყუან-მართლის გარკვევა და ერთმანეთის ზიზღი!!!”_ ასე გამოხატა ძაღლების მიმართ დამოკიდებულება კახა გოგიძემ, ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა, რომელმაც განსაკუთრებული არტისტული და სასიმღერო ტალანტი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”. მოგეხსენებათ, ამ სერიალში ის დარდიმანდი პრეზიდენტის, სულიკო დარდიანიძის როლს ასრულებს, თანაც ბრწყინვალედ…
გარდა ამისა, კახა გოგიძე ოთხფეხა მეგობრების განსაკუთრებულად მოყვარული და ქომაგია. ამჯერად ჰყავს პოინტერი, სახელად ბოი, და ორი კატა _ ფარსადანი და აბესალომი. თავს გამოცდილ მეძაღლეს უწოდებს. ზოგადად, ძაღლების პატრონებსაც მეძაღლეებად მოიხსენიებს. მისი ჰობია ნადირობა.
“ისე მიყურებს, თითქოს ძაღლების დინ ვიტო იყოს, ჩემი “ბოი”… დილა მშვიდობისა, ერო!” _ ასეთი სახალისო წარწერა წაუმღვარა თავისი პოინტერის ფოტოს ფეისბუქზე. არის თუ არა ბოი “ძაღლების დონ ვიტო”, რამდენად ასრულებს მონადირის ფუნქციას, ამ და სხვა საკითხებზე, ფაუნის ბინადრების მიმართ დამოკიდებულებასა და გამოცდილებაზე კახა გოგიძე “სმარტ პეტს” ესაუბრა.

_ თქვენი მეგობრობა ოთხფეხა ბინადრებთან როდის დაიწყო?
_ ბავშვი ვიყავი, მამამ რომ ძაღლი მოიყვანა, პოინტერი, სახელად პერი. ცოტახანს გვყავდა, მერე სოფლის გზას გაუყენა. იქ კი, სამწუხაროდ, ჩვენი პერი მანქანის ქვეშ მოყვა… ძალიან დამწყდა გული. მას შემდეგ სულ მინდოდა, ძაღლი მყოლოდა.
დაახლოებით 25 წლის ასაკში მოვიყვანე კურცხალი. ძალიან მაგარი ძაღლი იყო. ჩემმა მეგობარმა როი დაარქვა. არ მიყვარს გაპრანჭული სახელები და ამიტომ როინს ვეძახდი. მე და როინი დიდხანს ვნადირობდით. მერე ისე მოხდა, რომ ჩემ გვერდით აღარ იყო, დეტალებს არ გავიხსენებ… მის გამო ვიდარდე…
ახლა მყავს პოინტერი, სახელად ბოი. მოგეხსენებათ, მონადირე ჯიშია, მაგრამ ბოი ვერ ნადირობს _ შეშინებულია. ასევე, მყავს 2 კატა. პირველს ფარსადანი დავარქვი. მეორე კატა მსახიობმა ნინო ლეჟავამ მაჩუქა. თავიდან გოგო მეგონა, თუმცა ბიჭი აღმოჩნდა და აბესალომი დავარქვი.
_ ოთხფეხა მეგობრები კერძო სახლში გყავთ თუ კორპუსის ბინაში?
_ ამჯერად თბილისში ვმუშაობ, კერძო სახლში ვცხოვრობ ჩემს ვაჟთან ერთად, მაქვს საშუალება, თავი გავინებივრო _ ძაღლი ეზოში მყავს, კატები სახლში. პირველი ძაღლი კორპუსში მყავდა, იქ ძაღლიც დაიტანჯა და ჩემებიც… კერძო სახლში კი კარგად ვართ. ზოგადად, ოჯახში ცხოველებთან ურთიერთობის პრობლემა არავის აქვს.
_ რა თვისებებს ამჟღავნებენ თქვენი ოჯახის ფაუნის ბინადრები?
_ პოინტერი იმიტომ მაჩუქეს, რომ ნადირობა მიყვარს, მაგრამ ბოი მშიშარა აღმოჩნდა. მალე 3 წლის გახდება. ნადირობისას პარტნიორად არ გამოდგება, თუმცა მაინც ძალიან მიყვარს. ვისაც ოდესმე ძაღლი ჰყოლია, მიხვდება, რა არის ოთხფეხა მეგობარი. ეს ნამდვილი მეგობარია _ უერთგულესი, რომელიც არ წავა შენგან, არ დაგტოვებს, არ გაგწირავს, არ გიღალატებს.
კატები უფრო სხვაგვარად იქცევიან, თითქოს მე ვარ მათთან სახლში და არა ისინი _ ჩემთან. პირველი კატა, ფარსადანი რომ მოვიყვანე, აღმოვაჩინე, რომ ესეც ძალიან ანგარიშგასაწევი, საინტერესო არსებაა. სახლში მოყვანილი ცხოველი ოჯახის წევრი ხდება.
_ რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც ოთხფეხა მეგობრის აყვანა სურთ?
_ არასწორია, როდესაც დეკორაციად მიჰყავთ შინაური ცხოველები და მერე აღმოჩნდება, რომ ვერ უვლიან. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს: შინ მიყვანილი ფაუნის ბინადარი (კატა იქნება, ძაღლი თუ სხვა) ოჯახის წევრად უნდა მიიღო და თანასწორად აღიქვა.
ოთხფეხა მეგობრები საოცარი არსებები არიან. ჩემი ძაღლი, ჩვეულებრივ, განიცდის იმას, რაც შეიძლება მე განვიცადო. ჩემს მეგობრებს ისეთივე კეთილგანწყობით უყურებს, როგორც მე ვუყურებ მათ. ძაღლი ჩემს მიმიკებს კითხულობს, ჩემს განწყობებს გრძნობს. აქედან გამომდინარე, ოჯახის ბინადარ ძაღლს თუ კატას ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორც ოჯახის სხვა წევრებს. რასაკვირველია, სუფრასთან ვერ დავსვამ, მაგრამ სხვა მხრივ ნაკლებ ყურადღებას არ ვაქცევ.
ძაღლებს რომ აჩხუბებენ, ან ძაღლს რომ ურტყამენ _ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია!..
თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ძაღლი თავს მარიდებს, კატები კი მოდიან და მეფერებიან, ამით მდგომარეობიდან გამოვყავარ. ძალიან მიყვარს სიმარტოვე, ჩემი ოთხფეხა მეგობრები კი ამ სიმარტოვეს მივსებენ.
_ თქვენი ძაღლი და ონავარი კატები ერთმანეთს როგორ ეწყობიან?
_ ჩემი კატები ბოის ძალიან აწვალებენ, გაწამებული ჰყავთ, კბენენ, კუდს ქაჩავენ… ბოი სხვა კატებს ემტერება, ჩემს კატებს _ არა. გრძნობს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ და თავისიანებად აღიქვამს. ესენი კი ბოროტად სარგებლობენ ბოის კეთილგანწყობით და თამაშის დროს კბენენ, კაწრავენ… თუმცა მაინც, ბოის დათმენითა და ძალისხმევით, ერთად ჰარმონიულ ცხოვრებას ახერხებენ.
საინტერესო ფაქტს გიამბობთ. ერთხელ ჩემს ძაღლს ფუტკარმა უკბინა, ძალიან დასივდა, ფეხები ეკეცებოდა, ვერ დგებოდა, კინაღამ მოკვდა. ვეტერინარიც ჩავრიეთ, ანტიალერგიული საშუალებები, დექსამეტაზონი და სუპრასტინი გავუკეთეთ, რომ გადაგვერჩინა. ძაღლს ჩაეძინა. შავი კატა ფარსადანი, რომელიც მანამდე სულ აწვალებდა ბოის, ახლა გვერდიდან არ მოსცილებია, თავზე ჩაეხუტა. ერთი დღე ეძინა ბოის და კატაც გაუნძრევლად იწვა მასთან. სანამ არ წამოდგა ბოი და არ დავრწმუნდით, რომ ჯანმრთელად იყო, კატა წამითაც არ მოშორებია. მსგავსი არაფერი მინახავს. ნამდვილი მეგობარივით მოიქცა, გასაჭირში რომ არ მიგატოვებს.
ადრე კატებს ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი, ამის შემდეგ კი პატივისცემით განვიმსჭვალე, ასე რომ უერთგულა ძაღლს.
_ კურცხალი ნადირობისას თქვენი კომპანიონი იყო, მას როგორ გაიხსენებთ?
_ ნადირობის შემდეგ იმ ძაღლს მართლა ვსვამდი სუფრასთან, ნადირობისას ძაღლი თანასწორუფლებიანად შეიძლება ჩაითვალოს. მონადირე ძაღლი რომ მოიყვანო და დეკორაციად გყავდეს, ცოდოა, მან უნდა ინადიროს, ფუნქცია შეასრულოს. ის ძაღლი ჩემთვის დიდი დანაკლისია, გენიალური მონადირე იყო, იცოდა, ერთად რა და როგორ გვეკეთებინა, ესმოდა ჩემი, მაგებინებდა, რა უნდოდა. საოცარი ძაღლი იყო.
_ კურცხალს რა თვისებები ახასიათებს და რით განასხვავებთ პოინტერისგან?
_ კურცხალი ძალიან გამძლე და ერთგულია. დაცინვას ვერ იტანს. თუ დასცინებ, მერე შეიძლება აქეთ დაგცინოს. ძალიან ამაყი და ღირსეულია.
პოინტერი მცივანაა, ზაფხულშიც კანკალებს _ ყველა დამეთანხმება, ვისაც ამ ჯიშის ძაღლი ჰყავს. ზოგადად, პოინტერები ძალიან კარგი მონადირეები არიან.
_ რამ გამოიწვია, რომ თქვენი პოინტერი მშიშარა და სანადიროდ გამოუსადეგარია?
_ ბოი რომ მაჩუქეს, უკვე დიდი იყო… ზოგჯერ ძაღლებს არაპოპულარული მეთოდებით წვრთნიან. ეტყობა, წინა პატრონმა ყურთან გაუსროლა და ამით დაშინდა. ნადირობისთვის აღარ გამოდგება, მაგრამ მაინც ჩემი მეგობარია.
_ აპირებთ სხვა ძაღლის მოყვანას?
_ ჯერჯერობით არა. სამომავლოდ კურცხალის მოყვანა მინდა.
_ სად და რომელ ფრინველებზე ნადირობთ?
_ ვნადირობთ ჯავახეთის ზეგანზე, ქარელის რაიონში, კახეთში სეზონის გახსნაზე მივდივარ ხოლმე… ძირითადად ვნადირობ მწყერზე და იხვზე, ამ ფრინველებზე ნადირობა ნებადართულია.
მამაკაცებს გვაქვს ნადირობის ინსტინქტი, ისევე, როგორც ქალებს აქვთ ჩანთის ტარების ინსტინქტი. ვიღაცას უყვარს ნადირობა, ვიღაცას _ არა, ზოგი მას ძალადობად თვლის. მე ასე არ განვიხილავ, ჩემთვის ეს მხოლოდ ტრადიციაა.
_ თქვენს ძაღლს რით კვებავთ?
_ ძირითადად სპეციალური საკვებით: ზაფხულში მაღალხარისხიან საკვებს ვაძლევ, ვინაიდან ბევრს მოძრაობს, მეტად აქტიურია. ზამთარში კი საშუალო ხარისხისას ვჯერდები.
_ ძაღლის და კატის გარდა, კიდევ რომელ ოთხფეხა მეგობარს იყოლიებდით?
_ სამეგრელოში ვიმუშავეთ სპექტაკლზე და იქ ყოფნისას ჭკუაში დამიჯდა, ცხენი მყავდეს. ჩემმა ერთმა, აწ განსვენებულმა, მეგობარმა ორჯერ მაჩუქა ცხენი: ერთხელ _ თუშური და მეორედ _ ინგლისურ-არაბული. ისინი იპოდრომზე იყვნენ და უბრალოდ გასეირნება უნდოდათ. ახლა კი მინდა, ცხენი სოფელში მყავდეს.
როგორც აქ დადიან კატები თავისუფლად, ისე დადიან სენაკის ქუჩებში ცხენები, შეიძლება პატრონიც არ ჰყავდეთ… ამან ძალიან მომხიბლა. მე სადაც ვიყავი, ღამის 3-4 საათზეც დასეირნობდნენ ცხენები… საოცრება იყო.
_ თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს ადამიანზე ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა?
_ ცხოველთან ურთიერთობა ძალიან კარგია, აკეთილშობილებს ადამიანს. ბებიას სოფელში ძროხები ჰყავდა და ახლაც მახსოვს მათი სხეულის სითბო და ოხშივარი, რომ წველიდა.
ცხოველთან ურთიერთობა ვისაც აქვს, ის სხვანაირი ადამიანი ხდება, სხვა მსოფლმხედველობა უყალიბდება, სხვაგვარად აღიქვამს სამყაროს, უფრო ტოლერანტულია.
ვწუხვარ, რომ ვაკეში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარს ფინანსური კრიზისი შეექმნა. ამ თავშესაფრით კარგი საქმე კეთდებოდა და ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ძაღლები ქუჩაში აღმოჩნდებიან. სასურველია, ოთხფეხა არსებების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა შეიცვალოს, კარგი იქნება, თუ თავშესაფარს მხარში დაუდგებიან და ცხოველებს დაიცავენ. ბოლოს და ბოლოს, ბიბლიის მიხედვით ცხოველი ადამიანზე ადრე შეიქმნა და ადამიანს თავისი არსებობის დღიდან აქვს მასთან ურთიერთობა. გაჭირვების დროს მათი არდახმარება ღალატივით გამოგვდის.
სმარტ პეტი

კახა ბასილიას უანგარო და კეთილშობილი მეგობრები

“ძაღლი ერთადერთი არსებაა შემორჩენილი დედამიწაზე, რომელსაც უანგარო და უპირობო სიყვარული შეუძლია, რაც ასე აკლია ადამიანებს და ჩვენს ცივილიზაციას. ძაღლი მზადაა, ბოლომდე გიერთგულოს და თავი გაწიროს შენთვის დაუფიქრებლად. ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებით,” – ამბობს კახა ბასილია, კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერი საქართველოში.
ძაღლების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მას, ორი ათეული წლის წინ ტოკიოში ყოფნისას, პოპულარული ძაღლის – ჰაჩიკოს ძეგლის ნახვამ და მისმა ისტორიამ შთააგონა. ჰაჩიკოს იაპონელებმა სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი, პატრონის მიმართ უსაზღვრო ერთგულების გამო. ძაღლი იაპონიაში უანგარო სიყვარულის და ერთგულების სიმბოლოდ იქცა.
იაპონური ორთაბრძოლების დიდოსტატს, კახა ბასილიას თავისმა ძაღლებმაც არაერთგზის უჩვენეს დიდი სიყვარული და ერთგულება. რა თვისებებს ამჟავნებენ ოთხფეხა მეგობრები, როგორ ულამაზებენ ცხოვრებას, რით აცვიფრებენ და რამდენად მნიშვნელოვანია ძაღლის სწორად აღზრდა, ამ თემაზე კარატეს ლიდერი “სმარტ პეტს” ესაუბრა.

რა ჯიშის ძაღლები გყავდათ წლების მანძილზე და, თქვენი სამუშაო რეჟიმის პირობებში, მათ მოვლას როგორ ახერხებდით?

ელიას მთაზე, დიდ ეზოიან კერძო სახლში ვცხოვრობ დედასთან ერთად, რომელიც ძალიან მეხმარება. სამწუხაროდ, მამა რამდენიმე თვის წინ გარდამეცვალა. ეზოში სხვადასხვა დროს მყავდა პიტბული, დობერმანი, ქართული ნაგაზი… ჩემი ამჟამინდელი მეგობარი, სუფთა ჯიშის კლასიკური გერმანული ნაგაზი, სახელად მაქსი, განსაკუთრებით ჭკვიანი, კეთილშობილი და კომფორტულია. გულმოდგინედ ვუვლით, პროფესიონალთა რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, მაღალი ხარისხის საკვებით ვკვებავთ.

ზოგადად, გერმანულ ნაგაზს ახასიათებს განსაკუთრებული გონიერება და ინტელექტი. მაქსი რა თვისებებს ამჟღავნებს?

მაქსი სამწლინახევრის, სუფთა ჯიშის ულამაზესი ძაღლია. ზედმიწევნით ჭკვიანი და ინტელექტუალურია. მეტყველი გამოხედვით მაოცებს, თვალებში ეტყობა, რომ ყველაფერი ესმის, ადამიანივით. თუ რამე სურს, აუცილებლად მიგახვედრებს. რა დავალებასაც მისცემ, პირნათლად ასრულებს.
ინტელიგენტური ძაღლია. ოჯახში თავისი ადგილი იცის. სუფრას რომ ვუსხედვართ, არაფრით შეგვაწუხებს. როგორც კი ჭამას ვიწყებ, განმერიდება და დაწვება თავისთვის. ჭამას რომ ვამთავრებ, მხოლოდ მაშინ მოდის. მძაფრი ყნოსვით და ინტუიციით გამოირჩევა, მოვლენებს წინასწარ გრძნობს. საქართველოში მცირე მიწისძვრები რომ ხდებოდა, მაქსი წინასწარ იწყებდა ფორიაქს.

ასეთი ლამაზი და საუცხოო გერმანული ნაგაზი ძაღლების გამოფენაზე გაგყავთ?

რამდენჯერმე გავიყვანე თბილისში, გაიმარჯვა, ჯილდოებიც დაიმსახურა.
ლეკვის აყვანისას, ყურადღება გავამახვილე გენეტიკაზე. მაქსს საუკეთესო გენეტიკა აქვს, ტიტულოვანი წინაპრები ჰყავს. მისი წინაპრების მედლები და დამსახურებები მეც კი მაოცებს.
მაქსი, როგორც ხვადი, ძალიან ფასობს. ძუ ძაღლების პატრონები, შეიძლება ითქვას, რიგში დგანან, რომ, სუფთა სისხლის საუკეთესო ლეკვების მისაღებად, თავიანთი ძაღლები მაქსთან შეაჯვარონ.

დამეთანხმებით, გენეტიკასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული აღზრდა. მაქსის წვრთნა, ალბათ, ლეკვობიდან დაიწყეთ.

დიახ, რა თქმა უნდა. პატარა მოვიყვანე, სპეციალურ სკოლაშიც დამყავდა. მწვრთნელი ავუყვანე. მეც ვავარჯიშებ. მანქანით დამყავს თბილისის ზღვაზე, კუსტბაზე, ლისზე. ერთად დავრბივართ. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილია. ბავშვები უყვარს. ბრძანება თუ არ მიეცი, აგრესია არ აქვს, თვინიერია.
ცუდად გაწვრთნილი ძაღლი ცოდოა და, მეორე მხრივ, საშიშია საზოგადოებისთვის. კარგად გაწვრთნილი ძაღლი კი შენც სიამოვნებას განიჭებს, არც საზოგადოებას უქმნის საფრთხეს და მეტი სიკეთის მოტანაც შეუძლია. კარგ მწვრთნელთან სწავლება უფრო პროდუქტიულია.

პანდემიამდე ხშირად გიწევდათ საზღვარგარეთ საერთაშორისო ჩემპიონატებზე წასვლა, მეტწილად გასული იყავით ქვეყნიდან. მაქსი ხანგრძლივ განშორებას როგორ ეგუებოდა?

ჭკვიანია, ესმის, ეგუება. ჭიშკართან თუ მივდივარ, მასაც უნდა გასვლა, გასეირნება. მომყვება. რომ ვეუბნები, სამსახურში მივდივარ და მალე მოვალ-მეთქი, ნაბიჯსაც არ გადმოდგამს, არ შემაწუხებს. ადამიანივით ესმის.

ძაღლები ადამიანებზე არანაკლებ განიცდიან ოჯახურ ტრაგედიას. მამა რომ გარდაგეცვალათ, მაქსმა ეს განცდა როგორ გამოხატა?

ერთი დღე გაუნძრევლად იწვა ოთახში, სადაც მამა ესვენა. არც საჭმელი ჭამა. ძალიან განიცადა… ნერვიულობისგან ძალიან ცუდად იყო, გახდა, ექიმთანაც მყავდა, ვიტამინები დაუნიშნა. თანდათან მომჯობინდა.

ერთ ინტერვიუში თქვით, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრებიდან თქვენს ხასიათთან ახლოს ყველაზე მეტად ქართული ნაგაზი იყო. რატომ?

ქართული ნაგაზი, ზოგადად, მეცხვარე ჯიშია. ჩემს ნაგაზს ლომა ერქვა, ვაჟკაცური იყო, ქართული ხასიათით. ბრძანებები არ უყვარდა, არც ემორჩილებოდა. მასთან რბილად და დაყვავებით უნდა გესაუბრა. მბრძანებლურ ტონზე რეაგირებდა, შეგიღრენდა. მრისხანება სჩვეოდა, თუმცა ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულს და ერთგულებას ამჟღავნებდა. ულამაზესი იყო.

ბავშვების მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა?

ლომა რომ გვყავდა, მაშინ ჩემი დისშვილები პატარები იყვნენ და ძაღლს მოფერებით აწვალებდნენ, ლამის ცხვირზე კბენდნენ… ეს დიდი და აგრესიული ძაღლი არც კი იმჩნევდა, უჩვეულო მოთმინებას იჩენდა. სტუმარს არ ერჩოდა, მაგრამ არც ახლოს უშვებდა, ბავშვებს არ აკარებდა. გაცნობიერებული ჰქონდა, რომ პატარები უნდა დაეცვა.
სამწუხაროდ, მოგვიკვდა ლომა, როგორც ჩანს, ვიღაცამ მოგვიწამლა – ეტყობა, მისი აგრესიულობის ეშინოდათ… თუმცა, ლომას არავისთვის უკბენია. 5 წლის იყო მაშინ. ძალიან განვიცადე… შემდეგ მაქსი მოვიყვანეთ.

როგორც ვიცი, დღესდღეობით კიდევ ერთი ძაღლი გყავთ, რომელიც ქუჩიდან შეიფარეთ. სად და როგორ იპოვეთ?

ეს 2 თვის წინ მოხდა. ელიას მთაზე მაქსს ვასეირნებდი. იქ ბევრი მაწანწალა ძაღლია, შორიდან გვიყურებენ, მაქსის ეშინიათ, არ გვეკარებიან. იმ დღესაც დავინახეთ, მაწანწალა ძაღლების ხროვა შავ ძაღლს მოსდევდა, ძაღლი ჩვენკენ მორბოდა და შეგვეფარა. მაწანწალა ძაღლები მაქსის დანახვაზე შედრკნენ და დაიწყეს ყეფა. მაქსიც გაიქაჩა. ძაღლებმა უკან დაიხიეს და გაიქცნენ.
მას შემდეგ შავი ძაღლი აღარ მოგვცილებია, სახლამდე გამოგვყვა და ჭიშკართან დაჯდა. ზამთრის ყინვიანი დღეები იყო. შემებრალა და შინ შემოვიყვანე, ვაჭამე, ნაკბენები დავუმუშავე. მეორე დილიდან დავიწყე მოკითხვა უბანში, ვინმეს ძაღლი ხომ არ დაუკარგავს-მეთქი.

რა ჯიშის ძაღლია?

შავია, გულზე თეთრი ნიშით, ლაბრადორს ჰგავს. ეტყობა, სახლში ყოფნას ნაჩვევია. ალბათ ვიღაცას გამოეპარა. ძუ არის, 8-9 თვისა იქნება. მთელი კვირა ვეძებე პატრონი, ვერ ვიპოვე. ამასობაში ძაღლი შემოგვრჩა, მაქსიც შეეჩვია. ჩორნა დავარქვით.

საუბარში თქვით, რომ თქვენს ეზოს კატებიც სტუმრობენ. თქვენი ძაღლები ფისოებს როგორ ეგუებიან?

დიდი ეზო გვაქვს. რამდენიმე კატა მოგვეჩვია. დილა-საღამოს მოდიან, ჭამის დროს. დედაჩემი აპურებს, სახელებიც შეარქვა. მაქსი კატებთან ერთად გაიზარდა და არ ერჩის. ჩორნა კი ვერ იტანს კატებს და ეზოში დასდევს, ერთი გაწამაწიაა. მაქსი ძალიან კეთილშობილი და დამთმობია, ის და ჩორნა ერთი ჯამიდან ჭამენ და მაქსს ამის გამო აგრესია არ აქვს.

მაქსი ფისოებთანაც მეგობრობს?

“რიჟა” კატას დაუმეგობრდა. მაქსი ბოლომდე არ ჭამს საჭმელს, “რიჟას” უტოვებს, ელოდება, მერე დგას და დიდსულოვნად უყურებს, როგორ მიირთმევს კატა მის დატოვებულ საკვებს. საოცარი სანახავია, ვიდეოც გადავუღე.

მართლაცდა უჩვეულოა!

მეტსაც გეტყვით, ეზოში გვიკიდია ზარი, როგორც დეკორაცია. საღამოს, დედაჩემმა თუ დააგვიანა კატების ჭმევა, ერთი კატა იმ ზარს ფეხს ურტყამს, რეკავს და გვატყობინებს, რომ ჭამა დაუგვიანდა. ამას რომ შევესწარი, გაოგნებული დავრჩი. ზარმა ქარის დროს შეიძლება დარეკოს, მაგრამ იმ დღეს ნიავიც კი არ ყოფილა.

საოცარი რამ გვიამბეთ… ზოგადად, ძაღლს და კატას თვისობრივად რით განასხვავებთ?

ძაღლი ჭკვიანია, სოციალური არსებაა. კატას მარტოსულობა სჩვევია, სხვა ფენომენია. მას არ აქვს ის მახასიათებელი, რაც ძაღლს. ძაღლს უანგაროდ უყვარს პატრონი, მისი სოციალური საფეხურის მიუხედავად. მსგავსი სიყვარული და ერთგულება ადამიანებს შორისაც იშვიათია. ძაღლი ბედნიერია შენ გვერდით – თუ კარგად ხარ, ისიც კარგადაა. თუ მოწყენილი ხარ, ისიც მოწყენილია. სახლიდან გაცილებს იმედით, რომ მალე გნახავს და ელოდება, როდის დაბრუნდები. კატას ეს არ ანაღვლებს. ის უბრალოდ ეჩვევა ადგილს, სადაც ცხოვრობს და თავს იმ ადგილის უფროსად მიიჩნევს. კატას უყვარს თავისი კომფორტი პატრონის გვერდით. სახლში კატა არასდროს მყოლია.

როგორც ვიცი, ქუჩის ძაღლებსაც აპურებთ.

უბანში ორი ძაღლი ყოველ დილით ჩვენს ჭიშკართან მოდის და მათაც ვკვებავთ. პატრონი ორივეს ჰყავს, მაგრამ მაინც ჩვენთან მოდიან. მაქსი არც მათ ერჩის.
“პლეხანოვზე”, ჩემს ძველ უბანში, ბევრი მაწანწალა ძაღლია. უმრავლესობას ვიცნობ, აგრესიულები არ არიან. 2-3 ადამიანი სისტემატურად ვკვებავთ. სუპერმარკეტში რომ შევდივარ, სოსისს ვყიდულობ მათთვის, კართან დგანან და მელოდებიან.

ოჯახში ფრინველიც გყოლიათ?

ეზოში დიდ გალიას ვაკეთებ არწივისთვის, ყველანაირი პირობებით. მინდა მართვე მოვიყვანო და გამოვზარდო. საქართველოს ბაზიერთა ფედერაციის გენერალური მდივანიც ვარ. ბაზიერთა ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა კვანტალიანი ჩვენი კარატეს ფედერაციის წევრია. არწივის გაწვრთნაში დამეხმარება.

წლების მანძილზე მსოფლიო მოიარეთ, ძაღლებთან დაკავშირებით სპეციფიკური და საინტერესო რა გახსენდებათ?

ძაღლების მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოშია. ყველაზე მეტად გაწვრთნილი ძაღლები გერმანიაში ვნახე. იქ ძაღლის ყეფის გამო შეიძლება მეზობელმა გიჩივლოს. დიდი ჯარიმაა, ამიტომ ძაღლი ისეა გაწვრთნილი, რომ არც ყეფს. ნამდვილად საოცრებაა.

ძაღლების სიყვარულმა და მათთან ურთიერთობამ რა შეგძინათ, რა შემოიტანა თქვენში?

ბევრი სითბო და სიკეთე მომიტანა. ვუყურებ, როგორც მეგობარს და არა – ცხოველს. მათი უანგარო სიყვარული და თავგანწირვისთვის მზადყოფნა დასაფასებელია. ძაღლთან ურთიერთობა საუკეთესო საშუალებაა, დადებითად დაიმუხტო. დიდ ენერგიას და პოზიტივს გაძლევს. მერე ეს მუხტი მთელი დღე მოგყვება და ცდილობ, სხვებსაც გაუნაწილო. სიკეთე გადამდებია.

სმარტ პეტი

არჩილ სოლოღაშვილის საუცხოო ძაღლი-პოზიტივი

არჩილ სოლოღაშვილის საუცხოო ძაღლი-პოზიტივი

საშუალო ზომის, საშუალო ენერგიის, დიდი გულით – ასე ახასიათებენ ინგლისურ ბულდოგს სპეციალისტები. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლი არამხოლოდ ბრიტანელთა საყვარელი ჯიშია. ის ჩვენი პლანეტის მრავალი ცნობილი ადამიანის – სპორტის, კინოსა თუ მუსიკის ვარსკვლავის ფავორიტად ითვლება.

ინგლისური ბულდოგის გამოხედვა ნუ დაგაბნევთ! ერთი შეხედვით შეიძლება პირქუში, სევდიანი და უკმაყოფილოც ჩანდეს, თუმცა ძალიან კეთილი, ლაღი და პოზიტიურია. არ სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა. სითბოსა და კომფორტის მოყვარული ეს ოთხფეხა ბინადარი პატრონისთვის საუკეთესო მეგობარი და კომპანიონია.

ცნობილ მსახიობსა და ტელეწამყვანს, არჩილ სოლოღაშვილს, ამ ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი ჰყავს. საუცხოო ინგლისური ბულდოგი, სახელად ლილიკო, წელიწადზე მეტია მისი ოჯახის ბინადარია. ეს, თეთრი ფერის, საყვარელი არსება მის ლამაზ კერას მეტი პოზიტივით ავსებს. მაყურებელმა უკვე გაიცნო ტელეეთერიდან.

როგორ მოხვდა ოთხფეხა მეგობარი ცნობილი ქართველი წყვილის ოჯახში და რა როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში, ამ თემაზე სმარტ პეტს არჩილ სოლოღაშვილი ესაუბრა.

– სანამ ლილიკოს მოვიყვანდით, მანამდე მყავდა ლაბრადორი, რომელიც ასაკოვნებით გარდაიცვალა. ისე განვიცადე, რომ სახლში ძაღლი აღარ მინდოდა. თუმცა, გავიდა 6 თვე და მივხვდი, რომ ის ხმაური, ის სიცოცხლე მომენატრა, რაც ცხოველს შემოაქვს ოჯახში. ვიფიქრეთ, როგორი ძაღლი გვინდოდა და შევარჩიე ინგლისური ბულდოგი იმიტომ, რომ ყველაზე მშვიდი ძაღლია, არ უყვარს ყეფა და არ მიაქვს დიდი დრო. ასე შემოვიდა ჩვენს ოჯახში სუფთა სისხლის, საუკეთესო გენეტიკის ეს პატარა ბუთქუჩა გოგონა. სახელი არ გვქონდა შერჩეული. ოთახში სიარული და სირბილი რომ დაიწყო, მივხვდით, რომ ლილიკო უნდა დაგვერქმია.

– რა შემოიტანა თქვენში ლილიკომ?

– უფრო მეტი ხალისი. როცა ოჯახში ახალი წევრია, სხვაგვარად გიხარია გათენება იმიტომ, რომ იცი, ის გელოდება. ოთხფეხა მეგობარს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მისი ყოლა ოჯახში გარკვეულ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ყველას ვურჩევ, ვინც აპირებს, აიყვანოს ნებისმიერი ცხოველი – ცოცხალი არსება, წინასწარ გააანალიზოს, რამხელა პასუხისმგებლობა და ყურადღებაა საჭირო. პატივი უნდა ვცეთ ამ არსებებს, ვუპატრონოთ და ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ თავი არ იგრძნონ გალიაში, ოთხ კედელში გამოკეტილად.

– სამსახურით დაკავებულმა ცოლ-ქმარმა როგორ მოახერხეთ ლეკვის გაზრდა?

– ლილიკო 3 თვის ასაკიდან დადის ბაღში, მანქანა აკითხავს… იქ მთელ დღეს ატარებს საღამომდე, ძაღლებთან ერთობა. ჩვენი მუშაობისთვის პრობლემა არ შეუქმნია. ახლა წლის და 6 თვისაა.

მარტივი წესები მე ვასწავლე, როგორიცაა: დაჯექი, დაწექი, თათი მომეცი… თუმცა, ეს არსებითი არც არის. მთავარია, ძაღლმა იცოდეს საზოგადოებაში ქცევა, შეეძლოს სოციუმთან კონტაქტი, იყოს სოციალური, ადამიანები უყვარდეს და ქუჩაში რომ გაიყვან, სხვა ძაღლების მიმართ არ ჰქონდეს გაუცხოება ან აგრესია. ამიტომ ძაღლი ცხოველებთან უნდა აკონტაქტო. ლილიკოს 3 თვიდან აქვს ცხოველებთან ურთიერთობა, ამიტომაც არის ძალიან კეთილი და საყვარელი.

– რა თავისებურებები ახასიათებს?

– თავისი ხასიათი აქვს. ზოგადად, ინგლისური ბულდოგი გამოირჩევა სიჯიუტით. ვცდილობ, ჩემს ძაღლს თავისი უნარ-ჩვევები შევუნარჩუნო, ლილიკო სწორედ ისეთი უხასიათო მიყვარს, როგორიც არის. თუ არ უნდა, არ მოვა; თუ ხასიათზე არ არის, ზედ არ შემოგხედავს… რაღაცნაირი, თავისი თავის ქალია.

მკვეთრად განსხვავდება ჩემი წინა ძაღლისგან. ლაბრადორი სულ თვალებში მიყურებდა, ოღონდ რამე მეთქვა, რჩევა ან ბრძანება მიმეცა!.. ამას კი, უკაცრავად და, სულ ფეხებზე ჰკიდია ოჯახის წევრები. მომწონს, რომ არ გვაწუხებს. რაც მთავარია, ყეფა არ უყვარს, რაღაც ხმაურზე არ რეაგირებს. ამით არც პატრონს აწუხებს და არც მეზობლებს. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული გოგოა.

– რით კვებავთ?

– მხოლოდ და მხოლოდ ძაღლების სპეციალური საკვებით. ზოგჯერ დამატებით შეიძლება მივცეთ ვაშლი ან ბანანი. ასევე ვაძლევთ “სნექებს”, ანუ წასახემსებლებს, სპეციალურ ორცხობილებს ძაღლებისთვის.

ადრე მყავდა პუდელი, ჩემი პირველი ძაღლი იყო, მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი და სერიოზული შეცდომა დავუშვი: ყველაფერს ვაძლევდი, კიტრის მწნილიდან დაწყებული, შოკოლადით დამთავრებული. მერე, სამწუხაროდ, დიაბეტი დაემართა და ბევრი ვინერვიულეთ.

– სპეციალისტების ცნობით, შოკოლადში შემავალი ნივთიერება თეობრომინი არ არის მავნე ადამიანებისთვის, მაგრამ საშიშია ძაღლებისა და კატებისთვის, სულ რაღაც 40 გრამს მათი მოწამლვა შეუძლია. ამიტომაც გვაფრთხილებენ, რომ არ დავდოთ შოკოლადი მათთვის მისაწვდომ ადგილზე.

– ყველას ვურჩევ, აჭამონ ცხოველებს მხოლოდ მათთვის განკუთვნილი სპეციალური საკვები. ხოლო თუ მათი განებივრება სურთ, მისცენ სპეციალური “სნექები”, მრავალი ორცხობილაა მათთვის შექმნილი.

ლილიკოს კვებას ძალიან ვაკონტროლებთ. საკვებს მაქსიმალური სიფრთხილით ვურჩევ, ვინაიდან თეთრი ძაღლია და ალერგიულია, ცრემლდენა აქვს. ეს საკვები, ახლა რომ ვაძლევთ, შედარებით უხდება.

– თეთრი ფერის ძაღლებში, როგორც ჩანს, ალერგია უფრო ხშირია.

– ძირითადად ასეა. თუ თეთრი ძაღლი გყავს, უნდა შეარჩიო სპეციალური ხსნარი იატაკის საწმენდად. შეიძლება ჰაერზეც მისცეს ალერგია, ქუჩისა და სახლის მტვერზე, ყვავილებზე, გაზაფხულზე აყვავებას რომ იწყებს ბუნება… შეიძლება სავარძლის გადასაფარებელმაც გამოიწვიოს. ალერგია იმით გამოიხატება, რომ ძაღლს ცრემლდენა ეწყება, თეთრი კანი მოყავისფრო უხდება. ეს პატრონის მხრიდან ცალკე დროს და ყურადღებას მოითხოვს, უნდა მიხედო ძაღლს ისე, რომ არ დარჩეს ლაქა. თუ ლაქა დარჩა, ესე იგი, პატრონი ვერ უვლის სათანადოდ.

– ძაღლის მოვლის წესები მაქსიმალურად შეისწავლეთ?

– ლილიკო რომ მოვიყვანე, ინტერნეტს ჩავუჯექი და თითქმის ყველა ინფორმაციას გავეცანი ინგლისური ბულდოგის თვისებებთან და მოვლასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

– სახლში ძაღლის ბეწვს როგორ უმკლავდებით?

– მოკლებეწვიან ძაღლებს, ფაქტობრივად, სულ სცვივათ თმა. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია პატრონისთვის. ყველგან ლილიკოს თმაა გარჭობილი, შავი ტანსაცმელი ამოვიღე ხმარებიდან. რას ვიზამთ, ვუმკლავდებით.

– ვიდეოდან ჩანს, რომ ლილიკოს სხეულს მტვერსასრუტით წმენდთ და ამით სუსტ ბეწვებს აშორებთ. ძაღლებს, როგორც წესი, აფრთხობს მტვერსასრუტის ხმა. როგორ მიაჩვიეთ?

– ძაღლებს აშინებს მტვერსასრუტის, ასევე ფენის ხმა, მაგრამ თუ ლეკვობიდან მიაჩვევ, პრობლემა არ არის. თავიდან, ლილიკოს სამ ჯერზე გაუჭირდა, ახლა უკვე გატრუნულია, მის სხეულს რომ “ვამტვერსასრუტებ”. გარკვეულწილად ეს შეღავათია.

– ოჯახში პატარას ელოდებით. ქალის ორსულობა სახლში ძაღლს რამდენად ეთავსება?

– არანაირად არ უშლის ხელს. არც ბავშვებთან არის პრობლემა, პირიქით, როდესაც ბავშვი იზრდება ოთხფეხა მეგობართან, ეს საუკეთესო საშუალებაა, შეაყვარო მას ცხოველები, მიაჩვიო მოვლა-პატრონობას, იცოდეს, რომ ისიც ათამაშოს, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. რაც მთავარია, ცხოველთან ერთად გაზრდილი ბავშვები ნაკლებად აგრესიულები არიან.

– თქვენი ზოდიაქო ღრიანკალია. ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ, როგორც ამ ნიშნის მატარებელს, ეჭვიანობა გჩვევიათ არა მარტო საყვარელი ადამიანების, არამედ ძაღლის მიმართაც. ეს უკანასკნელი რაში გამოიხატება?

– ზოგადად ეჭვიანი ვარ მათ მიმართ, ვინც მიყვარს და ვინც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. მესაკუთრეობა მახასიათებს. მაგალითად, ლილიკოსგან ვერ ვიტან უყურადღებობას ჩემ მიმართ, ძალიან განვიცდი. ერთხელ, ლილიკო ბაღში იყო 2 კვირა და ვიდეოზარით ვესაუბრებოდი მის მომვლელს. ამ დროს ლილიკო ყურადღებას არ მაქცევდა. ისე გავმწარდი, რომ შინიდან გავვარდი და მასთან გავიქეცი. სანამ არ ჩავეხუტე და არ ჩავკოცნე, ვერ მოვისვენე.

– ოთხფეხა მეგობართან დაკავშირებით თავგადასავლები გქონიათ?

– ლილიკო ძალიან ჭკვიანია და ჯერჯერობით არც თავგადასავალი, არც ხიფათი არ შეგვმთხვევია. სადაც მივდივარ, თუ საშუალებაა, მიმყავს. ვცდილობ, ჩემთან ერთად იყოს და ვაკონტაქტო ადამიანებს, არ იყოს სახლში და სავარძლის ფუნქციას არ ასრულებდეს, რისკენაც მიდრეკილია თავად.

– მასთან დაკავშირებით სახალისო რას გახსენდებათ?

– ზოგადად, ინგლისურ ბულდოგს უყვარს ნებივრობა სავარძელში, ფუმფულა ბალიშზე ან ნოხზე, სადაც მიიძინებს და ხვრინავს. ლილიკოსაც ამოჩემებული აქვს ერთი სავარძელი, ძილში ისე სასაცილოდ ხვრინავს!..

ვისაც ცხოველი ჰყავს, მიხვდება, რომ მასთან გატარებული ნებისმიერი წუთი და წამი განსაკუთრებულია. ჩვენი ყოველდღიურობა ქმნის ისტორიას. ეს ყველაფერი ვიზუალურად არის აღსაქმელი და შესაგრძნობი, მოსაყოლად ისეთი აღარ არის, “პეწს” კარგავს…

რასაც გავცემთ მისთვის, იგივე გვიბრუნდება მისგან. ამიტომაც გვიყვარს განსაკუთრებულად.

– არჩილ, სულ რამდენი ძაღლი გყავდათ და თქვენს ხასიათთან ახლოს უფრო რომელი ჯიშია?

– ლილიკო პერსონალურად ჩემი მესამე ძაღლია. მამა მონადირეა და ამიტომ ბავშვობიდან სულ გვყავდა ძაღლი.

თუ რომელი ჯიშია უფრო ჩემეული, ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. ხან მე თვითონ ვარ “ლაბრადორი”, ხან “ინგლისური ბულდოგიც” ვარ, ხან კი შეიძლება “დობერმანიც” ვიყო…

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ლილიკოსთან დაკავშირებით?

– მარტში და აპრილში ძაღლების გამოფენაზე უწევს გასვლა და ვნახოთ, როგორ ჩაივლის. ეს მისი პირველი გამოფენაა, ადრე კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა და გამოფენაზე ვერ გავიყვანე (მაშინ იუნიორებს შორის უწევდა გამოსვლა), მერე პანდემიაც წამოგვეწია.

ავიყვანე ადამიანი, რომელიც გაიყვანს გამოფენაზე და ასწავლის შესაბამის ქცევებს.

– თქვენს წინა ძაღლთან, ლაბრადორთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ?

– ის ჩემთვის დიდი ტკივილია. ბანჩი ძალიან მიყვარდა, უაღრესად კეთილი და მზრუნველი იყო. ვისაც ლაბრადორი ჰყავს, ზუსტად გამიგებს – ამ ჯიშის ძაღლი სულ ელოდება პატრონს, ოღონდ რამე ურჩიოს, ოღონდ გასცეს და დაუბრუნოს ის სიყვარული, რასაც პატრონისგან ღებულობს.

ბანჩი 12 წელი მყავდა, მასზე საუბარი ჩემთვის მძიმეა… ზოგადად, არ მიყვარს წარსულზე საუბარი.

სმარტ პეტი

ლევან ყოჩიაშვილის კორსო დილაობით უცნობ ქალს ესალმებოდა

გაბი 2 თვის იყო, როდესაც ცნობილი მსახიობის, ლევან ყოჩიაშვილის ოჯახის უსაყვარლესი წევრი გახდა. მისი სრული სახელია მოლი გაბრიელა. ეს რუხი ფერის, უჭკვიანესი ძუ კანე კორსო ამჟამად მე-7 წელშია. ლევანს და მის ოჯახს გაბიმ წლების მანძილზე ბევრი სიხარული მოუტანა, თუმცა, სამწუხაროდ, მასთან დაკავშირებით მძიმე განსაცდელსაც ვერ ასცდნენ.

– ლევან, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს ჯიში და რატომ ძუ?

– მინდოდა მოსპორტულო, კომპაქტური ძაღლი, მყარი ფსიქიკის, კომპანიონი. ძუ ავირჩიე, ვინაიდან ხვადთან შედარებით დამყოლია. გაბი 2 თვისა ავიყვანეთ, გავზარდეთ, გავწვრთენით, რომ კომფორტული ყოფილიყო ქალაქსა და სახლში. ამ ჯიშის ძაღლები კარგი კომპანიონები არიან.

– ძაღლის წვრთნაში თავად მონაწილეობდით?

– 6 თვემდე ძალისხმევა არ დამიშურებია, არ მძინებია, ურთიერთობა რომ დაგვემყარებინა. ელემენტარულ რაღაცებს ვასწავლიდი, ვაჩვევდი, რომ მიმხვდარიყო, რისთვის იყო ჩემთან. 6 თვის შემდეგ მივიყვანე საუკეთესო მწვრთნელ ვიქტორ ნიკურაძესთან, რომელმაც იდეალურად გაწვრთნა და ზუსტად ისეთი ძაღლი ჩამაბარა, როგორიც მინდოდა – იდეალურად დამჯერი და კომფორტული, როგორიც უნდა იყოს “ძაღლი ქალაქში”.

– თბილისში კორპუსში ცხოვრობთ, ამ ჯიშის ძაღლი ბინაში რამდენად კომფორტულია?

– კანე კორსო დიდტანიანი ძაღლია და შესაბამისად შეიძლება ბინაში არც იყოს კომფორტული. თუმცა, თუ გაწვრთნილია და სეირნობს იმ დოზით, რაც მას ენერგიის დასახარჯად სჭირდება, ვერც მიხვდებით, რომ სახლში ამხელა ძაღლი გყავთ. საკუთარი ეზო ერთი მხრივ კარგია, მაგრამ ეზოში ძაღლი ხანდახან ავიწყდებათ, კონტაქტი აღარ არის ხოლმე ეზოს ძაღლსა და პატრონს შორის.

გაწვრთნილი ძაღლი ძალიან კომფორტულია. საათ-ნახევარს თუ დავუთმობდი მის სეირნობას, მერე მთელი დღე ვერც კი იგრძნობდი, რომ სახლში ძაღლი იყო.

– ოჯახში გაბით ძირითადად თქვენ იყავით დაკავებული?

– დიახ, მე ვასეირნებდი. ჭკუაში რომ ჩავარდა, ოჯახის სხვა წევრებსაც შეეძლოთ გაყვანა. უკვე ძალიან ჭკვიანი იყო, ხალხს შეჩვეული, აბსოლუტურად

სოციალური.

– ძაღლი ოჯახში ერთს ირჩევს პატრონად, ამ მხრივ გაბიზე რას იტყვით?

– ესენი ლიდერს ირჩევენ. თავიდანვე ასე დავუყენე საკითხი, რომ გაბი ცხოვრობს ჩვენთან და არა ჩვენ – მასთან. თუ პირიქით ხდება, პრობლემები იქმნება ხოლმე. ოჯახის წევრებთან გაბის კარგი ურთიერთობა აქვს, ყველა მათგანს უჯერებს. არავის გამოარჩევს.

– ლეკვობაში როგორი იყო, თუ გქონდათ მასთან დაკავშირებული სათავგადასავლო მომენტები, ფათერაკები?

– ლეკვობის პერიოდი ცოტა რთულია, სახლში შეიძლება რაღაცები გააფუჭოს. თავიდან, რომ მოვიყვანეთ, ბინაში ყველაფერი ავართვით, რაც მისთვის შეიძლებოდა საცდუნებელი ყოფილიყო. ლეკვი პატარა ბავშვივითაა, ბევრი ყურადღება სჭირდება. ლეკვობაშიც და დიდობაშიც გაბი მყარ ფსიქიკას ამჟღავნებდა, მასთან დაკავშირებით განსაკუთრებული თავგადასავლები არ გვქონია.

– საინტერესო შემთხვევები გექნებოდათ, თუნდაც სეირნობის დროს.

– იმას მივაღწიე, რომ უსაბელოდ ვასეირნებდი ხოლმე. სანამ ახალგაზრდა იყო, ტყეში გამყავდა. ვცდილობდი, ენერგია ბოლომდე დაეხარჯა, სეირნობით გაჯერებულიყო. სეირნობისას არავისთან უყვარდა მისვლა, ყველას მიმართ დისტანციას ინარჩუნებდა. დილაობით ერთი ქალი ვარჯიშობდა, გაბის ჩვევად ჰქონდა – მასთან მივიდოდა, ცხვირს მიადებდა და მერე გამომყვებოდა. ის ქალბატონი ხუმრობდა ხოლმე – ვგრძნობ, რომ მოდის, მესალმება, “დილა მშვიდობისას” მეუბნებაო.

დილაობით ბევრი ადამიანი გამოდის სავარჯიშოდ, გაბის კი მხოლოდ ის ერთი ჰყავდა ამოჩემებული. თუ იმ ადგილას ქალი არ დახვდებოდა, მერე ეძებდა.

– გაბი თავის თანამოძმეებთან თუ მეგობრობდა?

– როგორც დავაკვირდი, ამ ჯიშის ძაღლს სხვა ძაღლები საერთოდ არ აინტერესებს. გაბი იმდენად იყო ჩვენზე კონცენტრირებული, რაღაც დროის შემდეგ შევატყვე, რომ ძაღლად აღარ თვლიდა თავს, თანამოძმეების მიმართ ინტერესი გამქრალი ჰქონდა. სხვა ძაღლებს არ ეკონტაქტებოდა, არც კანე კორსოებს. ერთმანეთს დასუნავენ და იქ მთავრდება მათი ურთიერთობა.

გაბი ჩემით იყო დაკავებული, რომ თვალთახედვიდან არ გავსულიყავი. ეს იყო მისი ერთადერთი ამოცანა და ინტერესი სეირნობის დროს. ზოგადად, ამ ჯიშის ძაღლები ძირითადად პატრონზე არიან კონცენტრირებული.

– თქვენი ულამაზესი საჯიშე ძაღლი დედა არ გამხდარა?

– საკმაოდ ლამაზი და წარმოსადეგი იყო, გამოფენებზე მონაწილეობდა. შემდეგ დიდი რიგი იდგა მთხოვნელების, მაგრამ გაბის სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა, გადაგვარებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები და იძულებული გავხდით, მოგვეკვეთა, სხვაგვარად ვერ გადარჩებოდა.

– რამდენ გამოფენაზე მონაწილეობდა?

– ორ საერთაშორისო გამოფენაზე გავიყვანე, პირველად იუნიორებში და მეორედ ზრდასრულებში. მნიშვნელოვანი პრიზებიც წამოვიღეთ.

– როგორც ამბობენ, კანე კორსოებს აქვთ მძაფრი გუმანი, ინტუიცია, შეუძლიათ ამოიცნონ ოჯახში სტუმრად მისული უცხო ადამიანის კეთილი თუ ბოროტი განზრახვა.

– ესენი არიან მოფიქრალი ძაღლები. არასდროს გაქანდებიან და პირდაპირ თავს არ დაესხმიან ვინმეს. სიდინჯე და დაკვირვების უნარი ახასიათებთ. არ მახსოვს შემთხვევა, გაბის გაეწია ოჯახში შემოსული უცხო ადამიანის მიმართ არც თბილისის ბინაში, არც რაიონში, ჩემი მშობლების ეზოში. ჯერ უნდა დააკვირდეს უცხოს, გაიაზროს, შეისწავლოს…

რაიონში, ღამით, როცა სახლ-კარი იკეტებოდა და გაბის ოჯახის ყველა წევრი შინ ეგულებოდა, ძაღლი მთლიანად იცვლებოდა, მას ერთვებოდა დაცვის ინსტინქტი, მცირე ხმაურზეც კი რეაგირებდა. კორსოები გარდა იმისა, რომ კარგი კომპანიონები არიან, საუკუნოვანი მცველებიც არიან, განსაკუთრებით მდედრები.

კიდევ ერთი რამ ახასიათებდა გაბის: თუ მეძინა, იმ ოთახს არავის აკარებდა. ზღურბლზე დაწვებოდა და არავის უშვებდა. დაბალი, მოგუდული ხმით დაიღრენდა და მიგახვედრებდა, რომ არ ღირს… ერთ ზაფხულს ცოტა ნასვამს ეზოში ჩამეძინა. გამოსულან ჩემები, გავაღვიძოთ, არ გაცივდეს, სახლში შემოვიდესო. გაბიმ უფლება არ მისცა, მომკარებოდნენ…

ზოგადად კი ძალიან მშვიდი ძაღლია.

– რამდენად სტუმართმოყვარეა?

– სტუმარს აკვირდება, სწავლობს. ასე გვაქვს დაყენებული საკითხი: მე თუ მივიღე ადამიანი, შენ არაფრის უფლება გაქვს, იმიტომ, რომ ის ჩემთან არის მოსული და არა შენთან. ზოგჯერ ერევათ ხოლმე, ძაღლს ჰგონია, რომ მასთან მოდიან და არა პატრონთან, და მერე, როგორც უნდა, ისე იქცევა. გაბის ეს არ ეშლება. უცხოს აკვირდება, ყურადღებას ამახვილებს, ოღონდ დისტანციურად.

– კანე კორსო ალბათ შიშს აღძრავს ადამიანებში, ვინც არ იცის ამ ჯიშის კეთილშობილური ბუნება.

– განსაკუთრებით მაშინ, თუ ყურები აქვს დაჭრილი. ადამიანებს მათი ვიზუალი აშინებს, მაგრამ მე რაც მინახავს ნორმალურად გაზრდილი კანე კორსოები, აგრესიული და უაზრო არც ერთი არ არის. ყველა მოწესრიგებული და თვინიერია, ხოლო როცა საჭიროა, იმ დოზით აგრესიულიც და მცველიც.

– ფოტოებზე გაბი კარგად მოვლილი ჩანს. ძაღლის მოვლასთან დაკავშირებით რა რჩევებს მისცემთ ახალბედა პატრონებს?

– ცხოველს მოვლა უნდა, ისევე, როგორც ადამიანს. გაბის თავიდანვე იმ საკვებს ვაძლევდი, რაც ძაღლებს უხდებოდათ. მაგ საკითხში კარგი მრჩევლები მყავდა. ლიტერატურითაც ვხელმძღვანელობდი. საჭიროა სწორად შერჩეული საკვები, ძაღლის სათანადოდ დატვირთვა, ბეწვის დავარცხნა, სისუფთავე და წესრიგი.

_ დაბოლოს, რა განსაცდელი შეგხვდათ გაბისთან დაკავშირებით?

_ სამწუხაროდ, გაბი მძიმე ავარიაში მოყვა, რაიონში მანქანა დაეჯახა. არც მეგონა, თუ გადარჩებოდა. ახლა ისე კარგად ვეღარ გამოიყურება, იმის ნახევარი აღარ დარჩა, რაც იყო. ორგანოთა დაზიანების გამო, ფაქტობრივად, ძაღლი ხელიდან გამომეცალა. უმძიმესი ტრავმა მიიღო, ძლივს გადავარჩინეთ. უცებ დაბერდა, წონაში ვერაფრით მოვამატებინეთ. ოპერაცია არ გაუკეთეს იმიტომ, რომ პროცესი არ დაჩქარებულიყო. ამჟამად ჩემი მშობლები მეთვალყურეობენ. კერძო, ეზოიან სახლში მეტი პირობა აქვს მოსვენებისთვის. ძველებურად სეირნობა აღარ შეუძლია, ეზოში გამოდის თავისუფლად, სურვილისამებრ. ჩემთან ბინაში ამ პირობას ვერ შევუქმნიდით, აქ მოიწყენდა.

სმარტ პეტი

ანდრია გველესიანის ოჯახის ჩემპიონი

ცნობილი მსახიობისა და მომღერლის, ანდრია გველესიანის ულამაზესი კანე კორსო ჯესი ტეკილა ჯერ წლინახევრისაა, თუმცა უკვე მრავალგზის ჩემპიონია. ტეკილა მისი საპასპორტო და საგამოფენო სახელია, ჯესი ანდრიამ დაარქვა. საუცხოო შეფერილობა აქვს, ვეფხისებრი ნაცრისფერია, გულზე თეთრი ნიშით.

პატრონი მისი განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს. ინტენსიურად ავარჯიშებს, მაღალი კლასის სპეციალური საკვებით კვებავს. ჯესიც პატრონის რიტმს მიჰყვება, განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, სიხარულით ავსებს ოჯახს და თავგადასავლებითაც ახალისებს.

ანდრია გველესიანი სმარტ პეტს თავისი ოჯახის ოთხფეხა ბინადარზე ესაუბრა.

ანდრია როგორ აღმოჩნდა თქვენს ოჯახში ოთხფეხა მეგობარი?

– ბავშვობაში ოჯახში ყოველთვის მყავდა ძაღლი, მონადირე ჯიშის, პოინტერები. მას შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, აღარ მყოლია. ძალიან მინდოდა ლეკვის აყვანა, სხვადასხვა ჯიშებს ვფიქრობდი, ჯგუფებში ვეძებდი. უცებ გამოჩნდა კანე კორსოს ლეკვები, 11 აპრილს დაბადებულები. ამ დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა და არც დავფიქრებულვარ, მაიკოს გავუკეთე საჩუქარი, მოვუყვანე მისივე დაბადების დღეზე დაბადებული გოგო კანე კორსო. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ რეალურად ეს საჩუქარი მეტწილად ჩემს თავს გავუკეთე.

ჯესი ძალიან საყვარელი იყო, 2 თვისა წამოვიყვანე, მეორე აცრა ჩემ თვალწინ გაიკეთა. თავიდანვე დიდი გოგო იყო და ახლაც გამოირჩევა ტანადობით.

ლეკვი თავიდან როგორ შეგეჩვიათ?

– ცოტა შიში ჰქონდა, თუმცა შეგვეჩვია. მოყვანისთანავე მე ამირჩია პატრონად. ძალიან მოკედლებული იყო. ახლა უკვე იქით მიეკედლები, იმხელაა და ისეთი ძალა აქვს.

ძაღლის და მით უფრო დიდტანიანის მოვლას ბევრი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, ამას როგორ ახერხებთ?

– ჩემი ძაღლი თანამოძმეებისგან გამოირჩევა. ბევრად ენერგიულია, ვიდრე ჩვეულებრივ კანე კორსოს ჯიში. თავად ენერგიული ცხოვრების რიტმი მაქვს, ჯესიც ჩემ გვერდით მყავდა და ვავარჯიშებდი. თანდათან ისე განვითარდა, რომ დღეში მინიმუმი ორჯერ მაინც ითხოვს სირბილს, ძუნძულს. ძალიან აქტიური კორსოა. ზოგადად კორსოები ძალიან დინჯები, ტლანქები არიან. ეს კი ზედმიწევნით სპორტული აღმოჩნდა და ერთი მხრივ მიხარია. თუმცა, რა თქმა უნდა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ყველას ვურჩევ, ვისაც ძაღლის ყოლის სურვილი აქვს, პირველ რიგში, უნდა გქონდეს იმის თავი, დრო, ხალისი და განწყობა, რომ სახლში მოყვანილ ლეკვს მიაქციო დიდი ყურადღება. შენზეა დამოკიდებული, როგორი გაიზრდება. ეს ნებისმიერ ჯიშს ეხება. როგორსაც გაზრდი, ისეთივე ჩამოყალიბდება.

როგორც ჩანს, ჯესი თქვენს ხასიათთან ახლოს დგას.

– ნამდვილად ასეა. როგორც ადამიანი გემსგავსება, ვისაც შენთან ახლო ურთიერთობა აქვს, ასევეა ძაღლიც, იმიტომ, რომ შენ ზრდი და შენზეა აწყობილი. თუ ენერგიული ტიპი ხარ, ისიც ენერგიულია. თუ ცოტა ზარმაცი ხარ, ისიც ზარმაცი ხდება… ჯესი ხასიათით ნამდვილად მგავს.

როგორ შეადარებთ კანე კორსოს სხვა ჯიშის ძაღლებს, თუნდაც იმ მონადირე ოთხფეხა მეგობრებს, რომლებიც ბავშვობაში გყავდათ?

– ყველა ჯიშს თავისი გენეტიკა და თვისებები აქვს. მონადირე ძაღლის მთავარი ფუნქცია ნადირობაა, მას სჭირდება ბევრი სირბილი… კანე კორსო კი მცველი ძაღლია. ინსტინქტის დონეზე აქვს განვითარებული, რომ დაიცვას პატრონი, ოჯახი, საკუთრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯესის ძალიან განვითარებული აქვს ყნოსვის უნარი. ეს კი მიუთითებს, რომ კორსოს გენეტიკაში ნადირობის ფუნქციაც აქვს. წინათ ამ ჯიშის ძაღლებით ნადირობდნენ საკმაოდ მოზრდილ ცხოველებზე: დათვებზე და ტახებზე. თუმცა, ზოგადად ნადირობის ფუნქციით პოინტერებს ალბათ ვერ შეედრება. ჯესის დაგეშვას და სანადიროდ წაყვანას არ ვაპირებ.

კანე კორსო მძაფრი ინტუიციით გამოირჩევა. როგორც ამბობენ, აქვს უნარი, გამოიცნოს პატრონის მიმართ გარეშე პირთა განწყობა, არაკეთილმოსურნეთა მიმართ კი შესაბამისად რეაგირებს. მსგავსი შემთხვევა გქონიათ?

– ამ აზრს ვეთანხმები. არა მარტო კანე კორსოებს, ზოგადად ძაღლებს ინტუიცია მეტად აქვთ განვითარებული, ვიდრე ადამიანებს. პირდაპირ ხვდებიან შენს შინაგან სამყაროს. ზოგჯერ სიტყვაც არ არის საჭირო, გრძნობებს და ადამიანის დამოკიდებულებას უფრო იღებენ.

არ დავაკონკრეტებ, თუმცა მქონია ეჭვი ამა თუ იმ ადამიანის არაკეთილგანწყობაზე ჩემ მიმართ. ჯესის ჰქონდა მათ მიმართ გაწევის და ყეფის მომენტი. ვფიქრობ, რომ ინტუიციით ხვდება იმას, რასაც ადამიანი ვერ იაზრებს.

ჯესი გრძნობს, ვინ როგორ უყურებს. თავიდან, უცხო ადამიანს ეზოში არ უშვებს, რომ გავაცნობთ და იმ ადამიანის კეთილგანწყობას ხვდება, თავადაც კეთილგანწყობით პასუხობს.

კანე კორსოს ფილოსოფოს ძაღლსაც უწოდებენ. ჯესის თუ გამოუვლენია განსაკუთრებული ჭკუა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში?

– ზოგადად არ მიყვარს ძაღლის გაადამიანება. ამ ჯიშის ძაღლს ისეთი ძლევამოსილება აქვს, ყველას ჰგონია, თავით გაიტანს კედელს. თუმცა ასე არ არის, ღობის განგრევას ურჩევნია, უფრო მოხერხებული ნაბიჯი გადადგას, რამე მოიფიქროს, თუნდაც კარი გამოაღოს, თათით სახელური ჩამოსწიოს… ჭკუით უდგება ყველაფერს და არა ღონით. ეს ჯიში ნამდვილად გამოირჩევა ინტელექტით, ასეა ჯესიც.

ძაღლის სეირნობისას თავგადასავლები, კურიოზებიც გექნებოდათ. რომელიმე გვიამბეთ.

– ასეთი ძალიან ბევრია, რომელი ერთი გიამბოთ?! ყველა სეირნობისას ჯესის ახალი თავგადასავალი აქვს, ახალ გარემოს ითვისებს, ახალ ისტორიებს აწყდება.

ერთ გადაცემაში მოვყევი სასაცილო ისტორია. პატარა რომ იყო, ჯესის მანქანით სიარული ძალიან უყვარდა და მეც ხშირად ვატარებდი. ახალ ადამიანს რომ გაიცნობდა, თუ ძალიან მოეწონებოდა, ემოციის გამოხატვისას შარდი ეპარებოდა. ერთხელ მეგობარს ვაცილებდით. ტაქსისტმა მანქანის კარი გამოაღო. ჯესიმ იფიქრა, მე გამიღოო, და მყისვე მანქანაში შეხტა, ტაქსისტის სავარძელში, საჭესთან მოთავსდა. მძღოლმა კეთილად შეხედა. როგორც ჩანს, ჯესის სახეზე მოეწონა ის ადამიანი და ემოციაც გამოხატა, ზედ სავარძელზე მოუშარდა. ასე რომ, მეგობრის გაცილება იმ მანქანის ქიმწმენდად დამიჯდა.

მსგავსი სასაცილო და პოზიტიური ისტორიები უფრო პატარაობისას ჰქონდა. კანე კორსო რომ იზრდება, მეტწილად ღირსეული და თავშეკავებული ტიპაჟი ხდება.

ჯესის აღზრდა მწვრთნელს მიანდეთ თუ თავადვე ღებულობთ მონაწილეობას?

– თავიდან, ჯესის წვრთნიდა მწვრთნელი, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. ამის შემდეგ კი ლეკვმა მე მიმიღო, როგორც პატრონი, ყველაფრით ჩემზე გახდა დამოკიდებული.

ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა, შეგიძლია მოიძიო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ძაღლის წვრთნასთან დაკავშირებითაც მოვიძიე და ახლა უკვე ჯესის წვრთნას თავადვე ვაგრძელებ. საკმაოდ კარგად მომყვება.

თუმცა, ალბათ უშუალოდ მწვრთნელის კონსულტაცია სასურველი და მნიშვნელოვანია.

– დიახ, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ამ საქმეში პროფესიონალი უნდა ჩაერთოს. ძაღლის გაწვრთნა ყოველთვის საჭიროა.

რით კვებავთ ჯესის?

– ვკვებავ მაღალი ხარისხის, პრემიუმი და სუპერ პრემიუმი კლასის სპეციალური საკვებით. ზოგჯერ ნატურალურ საკვებსაც ვამატებ, ხილსაც მიირთევს. თავიდანვე ასე ვარჩიე. ორი ვარიანტია: შეგიძლია კვებო ეგრეთ წოდებული “კორმით” – სპეციალური საკვებით, ან ბუნებრივ კვებაზე გყავდეს. თუ ბუნებრივ კვებას ირჩევ, მაშინ უნდა კვებო ხარისხიანი პროდუქტებით, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. საბოლოო ჯამში, “კორმი” სჯობს. თუმცა ბუნებრივ საკვებსაც ვაწვდი დროდადრო.

ხილი ახსენეთ და რას აძლევთ?

– რაც ძაღლისთვის დასაშვებია. ამ ინფორმაციის მოძიებაც იოლია ინტერნეტში. ჯესის ბანანი და კივი უყვარს.

დაბოლოს, გამოფენებზე თქვენი ოთხფეხა მეგობრის წარმატებებზეც გვითხარით.

– სადაც მონაწილეობდა, ყველგან ჯილდო („ბესთ ბეიბი“) აიღო, როგორც ყველაზე საუკეთესო ლეკვმა. ახლაც გავიდა გამოფენაზე, 3 და 4 ოქტომბერს, ისევ ჩემპიონი გახდა. ლეკვობაში უკვე 5 დიპლომის აღება მოასწრო.

სმარტ პეტი

გიორგი ქორქიას ძაღლმა მძიმე სენი დასძლია

ცნობილ ტელეწამყვანს, გიორგი ქორქიას იდეალურად გაწვრთნილი, ულამაზესი ციმბირული ჰასკი ჰყავს. შავ-თეთრი ფერის, მისტიკური გარეგნობის ოთხფეხა მეგობარს ცისფერი თვალები აქვს, შავი კონტურებით. 

გიორგიმ ძაღლს უჩვეულო სახელი სიუქსი დაარქვა. სიუქსი იმ ინდიელთა ტომის სახელია, რომელმაც პირველმა შეაბა ძაღლი მარხილში. ეს სახელი გიორგიმ ამავე სახელწოდების მუსიკალური ბენდის პატივსაცემადაც აირჩია. 

ზოგადად, ჰასკი მარხილის ძაღლია, მას არაერთი ლეგენდარული ამბავი უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, მარხილში შებმული ჰასკების და მალამუტების დახმარებით, დიდთოვლობისას, ალიასკაზე მძიმედ დაავადებულ მოსახლეობას ვაქცინა მიუტანეს და სიკვდილისგან იხსნეს.

საქართველოში ჰასკის ამ ფუნქციით, ცხადია, ვერ გამოიყენებ, მას შეუძლია პატრონს მხოლოდ სიხარული და ბედნიერება მიანიჭოს. ამისთვის კი საჭიროა ოთხფეხა მეგობრის გულითადი მოვლა და სწორი წვრთნა. ერთ საქველმოქმედო გამოფენაზე გიორგის ძაღლმა პირველი ადგილი აიღო. ჩემპიონობა ვიზუალით, ქცევით და იდეალური გაწვრთნით მოიპოვა. გამოფენაზე შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდა. 

რამდენიმე ხნის წინ კი თავად სიუქსსაც მოუწია მძიმე სენთან ბრძოლა. 11 წელს გადაცილებულ ძაღლს სიმსივნის ოპერაცია დასჭირდა, ამჯერად თავს კარგად გრძნობს.

გიორგი, თქვენს ძაღლს ვერაგი დაავადება როდის გამოუვლინდა?

– ონკოლოგიური პრობლემები 3 წლის წინ დაეწყო, პირველი ოპერაცია მაშინ  ვეტერინარმა ნათია ბერიძემ გაუკეთა. საკვერცხეები მოკვეთეს. 

ორი-სამი კვირის წინ კი მეორე ოპერაცია გავუკეთეთ, სარძევე ჯირკვალზე. ვეტერინარებმა დათო ნანობაშვილმა და გიორგი ჩიკვატიამ (ქირურგი) გადაარჩინეს. 

ძაღლის სხეულზე სიმსივნე როგორ შენიშნეთ?

– დავარცხნის დროს, ხელში მომხვდა პატარა, მრგვალი, უმნიშვნელო ხორცმეტი. ტკივილი არ ჰქონია. 2-3 დღეში კი კატასტროფულად გაეზარდა, ჩოგბურთის ბურთისხელა გახდა. ლპობა დაეწყო. მყისვე კლინიკაში წავიყვანე. ვეტერინარმა თქვა, რომ საოპერაციო იყო. ძაღლი ახლა მე-12 წელშია და ამ ასაკში საშიშია ოპერაცია, მით უფრო ნარკოზი. დიდი შანსი იყო, ნარკოზიდან ვერ გამოსულიყო.

როგორც ჩანს, გარისკეთ.

– სხვა გზა არ მქონდა. ძაღლს ტანჯვა-წამებისთვის ვერ გავიმეტებდი, ცხადია, ვერც სამუდამოდ დავაძინებდი ინექციით. ეს როგორ უნდა გააკეთოს პატრონმა!.. მერჩივნა გამერისკა. ოპერაცია გავუკეთეთ აზოტის ნარკოზის გამოყენებით.

როგორ გადაიტანა?

– ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა, ერთი კვირა ზომბივით იყო. სიარულს თუ დაიწყებდა, შეეძლო საათობით ევლო ზედიზედ, თან კედლებს ეჯახებოდა, ღამეები არ გვეძინა. იმდენად არაადეკვატური იყო, გვეგონა, თავში ჰქონდა მეტასტაზები. გადასხმები, წამლები, გამორეცხვები, თაფლიანი წყალი – მაქსიმალურად ყველაფერი გავუკეთეთ, რომ ენერგია მისცემოდა. თანდათან გამოვიდა მდგომარეობიდან, ახლა შესანიშნავად არის. 

სიცხეში სულ წევს და სძინავს, რომ გაიღვიძებს, თამაშობს, ამით ვხვდებით, რომ კარგადაა, დაძახებისას მორბის. ეზოშიც მშვენივრად ხალისობს მეზობლის ძაღლთან ერთად.

ამ ასაკის ჰასკი ხანდაზმულად ითვლება?

– ამ ჯიშის ძაღლები ჩვეულებრივ 15 წელს ცოცხლობენ. თუმცა, ჩვენი კლიმატი მათთვის არაბუნებრივია, სიცხეში გაძლება უჭირთ. ცხადია, ალიასკაზე უფრო გემრიელად იცხოვრებს, ვიდრე თბილისში. აქ 11 წელს გადაცილებული ჰასკი თითზე ჩამოსათვლელია. ზაფხული რთულად გადააქვთ. სიუქსის ორივე ოპერაცია საშინელ სიცხეებს დაემთხვა, თუმცა გადავრჩით.

ზოგადად ციმბირული ჰასკი რა თვისებებს ავლენს, რას ურჩევდით მისი შეძენის მსურველებს, რა უნდა გაითვალისწინონ?

– მოგეხსენებათ, ჰასკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარხილის ძაღლია, ზამთრის სამარხილე სპორტშიც საკმაოდ წარმატებულად ითვლება. ჩვენთან უფუქციოა. მისი ერთადერთი ფუნქცია პატრონის გახარებაა. ბოლო დროს ეს ჯიში თბილისში ძალიან მომრავლდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ბინის პირობებში ცოდოა. სახლში დიდი ფართი გვაქვს და სიუქსი თავისუფლად მოძრაობს. ერთ ოთახში ვერ გამოკეტავ. 

საერთოდ, ჰასკებს ჯოგური ცხოვრება აქვთ, მინიმუმი ორი მაინც უნდა იყოს ერთად. სიუქსი რომ პატარა იყო, სახლში ვერ ვტოვებდით მარტოს, შეეძლო, პროტესტის ნიშნად ნივთები დაეღრღნა, დაეგლიჯა, მერე გამოსწორდა, ძალიან დაჭკვიანდა. აღარაფერს აფუჭებს, წყნარი და ლამაზი ძაღლია.

ავი არ არის, ადამიანების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია, ზედმეტადაც კი, აგრესია არ აქვს. “გემრიელი”, კარგი ძაღლია, რომელსაც სასწაული მოვლა სჭირდება. ჰასკის შეძენას არ ვურჩევ მათ, ვისაც მისი მოვლის თავი და საშუალება არ აქვთ. ამ ძაღლს უბრალოდ კი არ უნდა მოუარო, არამედ უნდა გადაყვე. დიდი ფიზიკური აქტივობა სჭირდება, სხვაგვარად ჰასკი ვერ გაძლებს, ვერ იცოცხლებს. ასევე საჭიროა მისი ხშირი ვარცხნა, ბანაობა, ვინაიდან საშინლად ცვივა ბეწვი, ჰაერში დაფრინავს, ისეთი მსუბუქია. 

ასეთ ბეწვის ცვენას ოჯახში როგორ აუდიხართ?

– ამით არ ვწუხდებით. ძაღლი ძალიან გვიყვარს და მის მოვლაზეც გვაქვს პასუხისმგებლობა, მთელი ოჯახი ვართ ჩართული.

ამ ჯიშზე არჩევანი რატომ შეაჩერეთ?

– თავიდან, სხვა ჯიში მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ამ ჯიშის ხასიათში მეგობარმა კინოლოგებმა გამარკვიეს. მითხრეს, რომ ის მშვიდობისმოყვარეა და იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში პატარა ბავშვია. ზოგადად, ცხოველი ადამიანზე, და არამარტო ბავშვზე, ძალიან დადებითად მოქმედებს. 

ბავშვს და ლეკვს ერთად ზრდიდით

– ჩემი შვილი ნიკოლოზი 10 წლისაა. რომ დაიბადა, ძაღლი წლისაც არ იყო მაშინ. ერთად იზრდებოდნენ. ბავშვები სიარულს რომ იწყებენ, ოთხ ფეხზე ხოხვას ცდილობენ და მერე ნელ-ნელა დგებიან ფეხზე. ჩემს შვილს ეს ეტაპი არ ჰქონია, ვინაიდან სიუქსი ჰყავდა გვერდით. როგორც კი ბავშვი ასადგომად წამოიწია, ძაღლზე ჰქონდა ხელი ჩავლებული, სიუქსი აქეთ-იქით დაატარებდა. ძუ ძაღლია და დედობრივი ინსტინქტი აქვს, პატარა ნიკოლოზს საოცრად უვლიდა. დღემდე მეგობრობენ.

მათი ურთიერთობიდან სახალისო რა გახსენდებათ?

– პატარები რომ იყვნენ, ლეკვი ცელქი იყო, ბავშვის ნივთების და სათამაშოების აღებას ვუშლით. ერთხელ დავინახე, ნიკოლოზის სათამაშო ჰქონდა გამოტანილი და დაარბენინებდა. გავუბრაზდი, რა ქენი-მეთქი. აიწურა, თავის სათამაშოს სტაცა პირი და ბავშვს წაუღო, ანუ გაუცვალა. ასეთი კეთილი და მეგობრული ტიპია. ახლა გაცილებით მშვიდი და წყნარია.

თქვენს ძაღლს შვილები არ გაუჩენია?

– შევაჯვარეთ და არ გამოვიდა. ეტყობა, პრობლემები ჰქონდა თავიდანვე. 

ძაღლის სეირნობისას თუ გქონიათ თავგადასავლები?

– იდეალურად არის გაწვრთნილი. მე როცა გამყავს, ყელსაბამს იშვიათად ვუკეთებ, სულ გვერდით დამყვება. ძალიან ჭკვიანია. ერთიორჯერ კატას გაეკიდა და გამექცა, თუმცა ზუსტად ვიცოდი, სახლამდე მოვიდოდა. მართლაც, რომ დავბრუნდი, ეზოში დამხვდა.

იდეალურად ძაღლის გაწვრთნა როგორ შეძელით?

– ლეკვი 25 დღისაც არ იყო, რომ მოვიყვანე და მას შემდეგ ვზრდიდი. მეგობარი მყავს, ბექა მეტრეველი, ამ საქმეში გათვითცნობიერებული, ჩემთვის ნომერი პირველი კონსულტანტია. მან მირჩია, ლეკვი ვიქტორ ნიკურაძისთვის მიმებარებინა გასაწვრთნელად. წვრთნის პერიოდში ძაღლის ნახვაც არ შეიძლებოდა. უიმისოდ ოჯახში მოვიწყინეთ.

ვიქტორი გენიოსია, 3-4 თვის შემდეგ მან გაწვრთნილი “ჯარისკაცი” ჩამაბარა. წვრთნას რომ მორჩა, მივედი და დაიწყო გადმობარების პროცესი. ძაღლი მიჩვეულია მწვრთნელის ბრძანებების შესრულებას, გადმობარების დროს კი პატრონსაც ისევე უნდა დაუჯეროს, როგორც მწვრთნელს. დაახლოებით 2 კვირა დასჭირდა გადმობარებას, მშვენივრად ჩაიარა.

გონიერი ძაღლი ყოფილა.

– ძალიან. ვიქტორმაც აღნიშნა, ჰასკებთან დიდი გამოცდილება არ მქონია და კარგი შედეგი აჩვენაო. ის მაშინ სხვა ჯიშის ძაღლებს წვრთნიდა: ლაბრადორებს, ნაგაზებს, კანე კორსოებს და ასე შემდეგ. 

ზოგადად, ამ ჯიშის ძაღლი მაინცდამაინც იოლად არ იწვრთნება, მაგრამ როგორც ადამიანებს შორის არის გონებრივი სხვაობა, ისეა ძაღლებს შორის. ჩემი ძაღლი იოლად დაექვემდებარა წვრთნას, უბრალოდ ხელის მოძრაობაზე ყველა საჭირო მოქმედებას ასრულებს. 

როგორც ვიცი, ფაუნის ბინადრებში ცხენიც ძალიან გიყვართ. საქართველოს ნაკრებში იყავით ცხენოსნობაში. ცოტა რამ ამის შესახებაც გვიამბეთ.

– ცხენი და ძაღლი განსაკუთრებით მიყვარს. ცხენზე რომ ვჯდები, თავს კომფორტულად ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი გაგრძელებაა. 8 წლის ვიყავი, ცხენოსნობაზე რომ მიმიყვანეს. ხერხემლის გამრუდება მქონდა და ექიმმა ცხენზე ჯდომა და ცურვა მირჩია. წყალი და ცურვა არ მიყვარს, ამიტომ არჩევანი ცხენოსნობაზე შევაჩერე. მივედი საცხენოსნო სპორტზე, რომელსაც კონკური ჰქვია. ეს არის ოლიმპიური სახეობა, კლასიკური სპორტი, ცხენზე წელგამართული უნდა იჯდე. შეჯიბრებები იმართებოდა დაბრკოლებათა გადალახვაში. 10 წელი ვიარე ამ სპორტზე. მერეც დავდიოდი იპოდრომზე, ახლა დრო არ მრჩება.

ცხენოსნობამ ხერხემლის პრობლემა მოგიგვარათ?

– ორ თვეში შეაჩერა სქოლიოზი და მერე საერთოდ გამისწორა. ამ მეთოდს რაიდთერაპია ჰქვია (“რაიდ” ჭენებას ნიშნავს), ასევე იპოთერაპიაც (“იპო” ლათინურად ცხენს ნიშნავს). ცხენზე ჯდომამ იმ ადამიანებსაც მისცა კარგი შედეგი, ვისაც სიარული უჭირდათ. ნევროლოგიურ პროცესებს აუმჯობესებს, ფსიქოთერაპიული დანიშნულებაც აქვს. 

ზოგადად ცხოველებთან ურთიერთობა ფსიქოლოგიურად ამშვიდებს ადამიანს.

– რა თქმა უნდა. ერთხანს, 2 თვე, სამსახურიდან თავისუფალ დროს, ზოოპარკში მომვლელად ვმუშაობდი და ამით ვისვენებდი, განტვირთვას ვიღებდი. 

რომელ ცხოველებს უვლიდით?

– ტაპირს ვუვლიდი ლამებთან და მარტორქასთან ერთად.  ვაჭმევდი, ვუსუფთავებდი, ვეფერებოდი. მარტორქასთან პროფესიონალი მომვლელების ზედამხედველობის ქვეშ შევდიოდი. 

საინტერესო იყო ყოველი დღე. ცხოველი თავიდან უცხოდ აღგიქვამს, მერე თანდათან გეჩვევა. რაც უფრო მშვიდად ექცევი ცხოველს, მით უფრო ამყარებ ურთიერთობას.სმარტ პეტი

ინტერვიუ მიშა რამიშვილთან

ცნობილ ადვოკატსა და მუსიკოსს, მიშა რამიშვილს ორი სხვადასხვა ჯიშის ძაღლი ჰყავს: დიდრონი, დინჯი, მძლავრი, მებრძოლი კანე კორსო და პაწია, ცქვიტი, მოუსვენარი მინი ტოი ტერიერი. ეს ორი კონტრასტული არსება ერთად საოცარ ტანდემს ქმნიან. ოჯახის წევრებს ახარებენ, უჩვეულო პოზიტივით ავსებენ და თავგადასავლებსაც არ აკლებენ. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ კანე კორსო განსაკუთრებული ჯიშია – ყველა სხვა ძაღლისგან განსხვავებული, ადამიანივითაა და მას როგორც ძაღლს, ვერ მოეპყრობი. მისი კანე კორსო, სახელად ბუჩი, განსაცვიფრებელ თვისებებს ავლენს.

იშვიათი ფერის კანე კორსო გყავთ. გვიამბეთ მასზე, როგორ ხასიათს ამჟღავნებს?

– 2013 წელს მოვიყვანე, ხვადია. ამ ჯიშის ძაღლები მეტწილად არიან შავი ან ვეფხისებრი. ბუჩი კი რუხი, “სველი ასფალტის” ფერია. მართლაცდა იშვიათი ფერისაა. სხვა თანამოძმეების მსგავსად, გულზე თეთრი ნიშა აქვს. ძალიან ლამაზი, მასიური, ფანტასტიკური ძაღლია. უაღრესად ერთგული და ჭკვიანია. დიდი მნიშვნელობა აქვს ლეკვობიდან სწორ და თანმიმდევრულ აღზრდას. სიტყვა “კანე კორსო” კარის მცველს ნიშნავს. ეს ჯიში უძველესია და სახელს ამართლებს. სადაც არ უნდა გახვიდე, შენ გვერდითაა, პირადი მცველივით თან დაგყვება. სტუმარს კარგად ხვდება, აგრესიას არ ამჟღავნებს, თუმცა თვალსაც არ აცილებს. სადაც სტუმარი მოთავსდება, ფეხებთან დაუჯდება და ფხიზლად ადევნებს თვალყურს. 

ამით ოჯახის წევრებს იცავს სავარაუდო საფრთხისგან?

– დიახ, რა თქმა უნდა. დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის წევრებს და მათ უსაფრთხოებას. თუ ოჯახში არ ვარ, იცის, რომ უნდა შემცვალოს, როგორც ოჯახის უფროსი. ბავშვების მოყვარულია. უმწეო არსებებს იცავს. 

ეს ისტორიული ჯიშია, მეომარია, თავის დროზე გლადიატორადაც იყო ბრძოლებში. ყოფით ცხოვრებაში აგრესიას არ ამჟღავნებს, თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ სწორ აღზრდას აქვს არსებითი მნიშვნელობა. 

ბუჩი სხვა ცხოველების მიმართ რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს?

– ხომ იცით, ძაღლი და კატა ერთმანეთს ვერ ეგუებიან. ბუჩი კი ისე დამეგობრდა ქუჩის კატასთან, მსგავსი რა ადამიანებშიც იშვიათია. ერთხელ, სტადიონზე ვასეირნებდი ეზოში. ამ დროს კატა შემოვარდა სტადიონზე, ორი ძაღლი მოსდევდა. ბუჩი, კატის დასაცავად, ძაღლებს გადაუდგა. ისეთი მასიურია და შემართული დგომი აქვს, რომ მეტოქეს დააფრთხობს. ძაღლებმა ვერც კი გაბედეს შემოსვლა. კატა ბუჩის უკან დაიმალა. საოცარი სცენა იყო, განცვიფრებული დავრჩი. 

თურმე მაშინ კატა ორსულად ყოფილა, მოგვიანებით კნუტები დაყარა… იმ შემთხვევის შემდეგ, ბუჩი რომ ჩამყავს ეზოში, გამოვარდება ის კატა, გაუწვება, გაკოტრიალდება. ერთად სეირნობენ და თამაშობენ. 

მებრძოლ ძაღლს ენერგიის დასახარჯად ალბათ ხანგრძლივი სეირნობა და რბენაც დასჭირდება.

– საჭიროა მაქსიმალურად დახარჯოს ენერგია. ბოლოხანს გრაფიკის მხრივ ცოტა შევიზღუდე, თუმცა იპოდრომზე ყოველთვის ვარბენინებ, მინიმუმი 1 საათი.

ლეკვობის ასაკიდან გაზარდეთ?

– ბუჩი 3 თვისა წამოვიყვანე, 5 თვიდან კი შევუდექი წვრთნას, საუკეთესო მწვრთნელთან გავიარე კონსულტაციები. ორი მეთოდია: 1. მწვრთნელმა დამოუკიდებლად გაწვრთნას ლეკვი და მერე პატრონს რჩევები მოგცეს, 2. ძაღლის პატრონმა გაწვრთნას ლეკვი, მწვრთნელის რეკომენდაციებით. მეორე ვარიანტი ავირჩიე, მსურდა თავად გამეკეთებინა ყველაფერი მწვრთნელის მითითებებით. შესაბამისად, ბევრი საინტერესო მეთოდი ვისწავლე. 

ბუჩი ოჯახში როგორ იქცევა?

– დინჯია, არ ყეფს. შინ რომ შემოვდივარ, მაშინ გამოხატავს ემოციას. ოჯახში პატრონად და ლიდერად აღმიქვამს. ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე. ჩემს ბიჭს ვეთამაშებოდი (ლუკა პატარა იყო მაშინ), ვითომ ვჭიდაობდით, ცოტა უხეშად მოვეპყარი ბავშვს. 

იცით, ბუჩიმ რა ქნა? ბავშვს გადმოახტა და ხელში ჩამავლო. არ მიკბინა, თუმცა მატკინა. რომ გავუბრაზდი, ბავშვის გვერდით დაჯდა, თავი ჩახარა და ისეთი თვალებით ამომხედა, თითქოს მეუბნებოდა – კარგი რა, არ გრცხვენია, ბავშვს რას ერჩიო!

მისი გასეირნებისას თავგადასავლებიც გექნებათ.

– ეზოში ერთ ძაღლთან ბუჩის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მერე ის ძაღლი ცუდად მოიქცა და მტრები გახდნენ. ერთ დღეს ბუჩი ეზოში ჩავიყვანე, მეგობარს ვესაუბრებოდი. ამ დროს გამოიარა იმ ძაღლმა პატრონთან ერთად. ბუჩიმ აიწყვიტა და მთელი შემართებით მეტოქეს დაეტაკა. მოკლავდა, რომ არ ჩავრეულიყავი, ახრჩობდა იმ ძაღლს. ვერ ვაკავებდი. პირში ხელი ჩავუდე, მან კი ყბა ჩამარჭო და ხელი გამიხვრიტა. როცა გამოერკვა, მიხვდა, რომ მე ვიყავი და გამიშვა. სისხლი წამომივიდა. ბუჩი ჩემს მეუღლეს გავაყოლე სახლში და ექიმთან წავედი გადასახვევად. რომ დავბრუნდი, ბუჩი კართან იდგა. ხელი მივუტანე სახესთან, ეს რა არის-მეთქი. შემომხედა და ოთახში გაიქცა. შევედი, კარის უკან იწვა, თავზე თათები ჰქონდა გადაფარებული, მიხვდა, რომ ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა და სინანული ასე გამოხატა. 

მართლაცდა ადამიანური ყოფილა. ამბობთ, რომ მღერის კიდეც.

– საოცრად მღერის. გიტარაზე რომ ვუკრავ და სიმღერას ვიწყებ, ისიც ჩემთან დგება და მღერის. არ არსებობს, მუსიკა მოისმინოს და ხმით არ აჰყვეს თავისებურად.

ასეთი ლამაზი და საუცხოო ძაღლი გამოფენებზე რატომ არ გაგყავთ?

– წლების წინ გამყავდა, ორ გამოფენაზე პირველი ადგილიც აიღო… მაგრამ, მართალი გითხრათ, არ მომეწონა იქაური სიტუაცია, არასამართლიანად მიმდინარეობდა ბევრ საკითხში, არ იყო ჩამოყალიბებული და დახვეწილი. მერე ჩავთვალე, რომ ბუჩის გაყვანა დიდ საჭიროებას არ წარმოადგენდა. თან გამოფენაზე გასაყვანად ძაღლს სპეციალური მომზადება სჭირდება. დროც აღარ მქონდა.

თქვენს მამას, ბატონ ოთარ რამიშვილსაც ჰყვარებია ძაღლები. რას გაიხსენებთ?

– მამაჩემს ჰყავდა ძაღლები. ბავშვი რომ ვიყავი, ერთხელ ნაგაზი მომიყვანა, ერთხელ – დობერმანი, მონადირე ძაღლიც ჰყავდა, თუმცა მამას ნადირობა არ უყვარდა.

იმ ძაღლებს რომ ვადარებ, კანე კორსო სულ სხვაგვარია. ადამიანივით არის, მეც ისე ვექცევი, როგორც ადამიანს.

ძაღლების სიყვარულმა რა მოგიტანათ, თქვენში რა შეცვალა?

– ეს ძაღლი რომ მყავს, შვილის დამსახურებაა. ჩემმა გოგომ, ლიზამ მთხოვა, სკოლას რომ ამთავრებდა: მამა, მომიყვანე ძაღლი, მე მოვუვლიო. მაშინ ახალი შემოსული იყო კანე კორსოები, ეს ჯიში უნდოდა. სურვილი შევუსრულე, თუმცა ისე მოხდა, რომ თვითონ საზღვარგარეთ მოუწია სწავლის დაწყება, ლეკვი კი ჩემი გასაზრდელი გახდა. 

იმდენი პოზიტივი მივიღე ბუჩისგან! სხვა გრაფიკი შემიქმნა, სხვაგვარი სიყვარული და პასუხისმგებლობა მომიტანა. ბავშვივით სჭირდება დილიდან ზრუნვა. რომ ვასეირნებ, ჩემი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, ვარჯიშია. 

ჩემს ბიჭს, ლუკას, პატარაობისას, ცოტა ეშინოდა კანე კორსოსი, სიმძლავრის და სიდიდის გამო, მერე მიეჩვია და ისეთი პასუხისმგებლობა გაუჩნდა, რომ თითქმის ყოველდღე ჩემთან ერთად ასეირნებდა. 

ბუჩი აგარაკზეც დამყავს, იქაც ძალიან მოსწონს. საოცრად კეთილშობილურ განწყობას და პოზიტივს გჩუქნის ადამიანს. ეს არის არსება, რომელიც ვერ გელაპარაკება, მაგრამ თვალებში რომ უყურებ, შენი ყველაფერი ესმის. ერთი შეხედვით და ხელის გაქნევითაც ხვდება, უნდა წავიდეს თუ უნდა მოვიდეს. 

ქუჩაში რომ გაგყავთ, მოქალაქეები მის მიმართ შიშს არ გამოხატავენ? კანე კორსოს ხომბასკერვილების ძაღლსაცეძახიან.

– ზოგი დანახვისთანავე გარბის, არ მიკბინოსო. თუმცა ბევრი მოსულა და უთხოვია – თუ შეიძლება, მოვეფეროო. ზოგჯერ მშობელი მოდის შვილთან ერთად და მეკითხება: “შეიძლება, ბავშვს მოვაფერებინო?” რა თქმა უნდა, ვთანხმდები და ვუხსნი, რომ ბუჩი არ უკბენს. თავადაც მინდა, რომ ბუჩი  პატარა ბავშვებს მივაჩვიო. გასათვალისწინებელია, რომ თუ ადამიანს ძაღლის მიმართ შიში და აგრესია გაუჩნდება, შეიძლება მან ძაღლშიც ზიზღი და აგრესია გამოიწვიოს. 

ბავშვი თუ მორბის ბუჩის მოსაფერებლად, მშობელს ვეუბნები, ნუ ნერვიულობთ-მეთქი. ბავშვი რომ მიუახლოვდება, ბუჩი დაჯდება და ადგილიდან არ იძვრის. ბავშვი ხან ცხვირზე მოუჭერს ხელს, ხან ყურს ჩამოქაჩავს, ეს კი ხმას არ იღებს, ზის უდრტვინველად. მერე ჩაეხუტება ბავშვი, ზურგზეც შეახტება… მშობელი კი ბედნიერი უყურებს. 

მშობლებს ვურჩევს, რომ მიაჩვიონ ბავშვი დიდტანიან ძაღლთან ურთიერთობას – ეს ორივესთვის კარგია, როგორც ბავშვისთვის, ისე ძაღლისთვის. დადებითი ემოციებით მუხტავს. 

კანე კორსოს ჯიში უჩვეულოდ მძაფრი ინტუიციით გამოირჩევა, ადამიანის უარყოფით განზრახვასაც გრძნობს. ბუჩიმ თუ გამოავლინა კონკრეტულ შემთხვევაში ინტუიცია?

– ბუჩი არის უნიკალური, საიმედო მცველი ძაღლი. სტუმარს ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ ვაი მას, ვინც ცუდი განზრახვით შემოვა. ადამიანს შუბლზე არ აწერია განზრახვა და განწყობა.

ჩემი პროფესიის გამო ბევრ ადამიანთან მიწევს შეხვედრა როგორც სამსახურში, ისე სახლშიც. ერთხელ, სახლში უცხო ადამიანი მესტუმრა საქმეზე სასაუბროდ. ბუჩი ჩვენ შორის დაჯდა და თვალს არ აცილებდა. როგორც კი კაცი ადგა და წასვლა დააპირა, ბუჩიმ შეუღრინა. სტუმარს ვუთხარი, დაბრძანდით-მეთქი. კვლავ რომ დააპირა წასვლა, ბუჩიმ ისევ დაუღრინა. მივხვდი, რომ ჩემი ბრძანების გარეშე არ გაუშვებდა, და ვუთხარი – ბუჩი, მოდი ჩემთან, გაუშვი-მეთქი.

იგივე გააკეთა ჩემს სამსახურში სხვა პიროვნებასთან მიმართებაში. 

გაირკვა, რომ ეს ადამიანები არაკეთილი განზრახვით იყვნენ?

– სხვა პიროვნებები აღმოჩნდნენ. თავიდან ვერ მივხვდი, ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა… ბუჩი ყველა მომსვლელს კარგად ხვდებოდა, იმ ორის გარდა. 

თქვენს ციცქნა ძაღლზეც, მინი ტოი ტერიერზე გვიამბეთ. როგორ იგუა ოჯახში მასთან შედარებით გოლიათი კანე კორსო?

– მინი ტოი ტერიერი ჩემმა გოგომ მოიყვანა, დივა ჰქვია. უკვე გვყავდა კანე კორსო, რომელიც სახლის პატრონად გრძნობდა თავს. ამ პატარა ქალბატონმა ძაღლმა კი ისეთ დღეში ჩააგდო ბუჩი, მისი ყველა ტერიტორია დაისაკუთრა. ერთი არ შეუღრენია დიდს. სადაც ის პატარაა, ბუჩი თუ შედის, პატარა იწყებს ღრენას, დიდი მყისვე ტოვებს ტერიტორიას. ამხელა ძაღლზე ბატონობს. 

ალბათ ბუჩი უთმენს და უთმობს, როგორც პატარას.

– ორივეს ერთად რომ ვასეირნებ, მოსახლეობა განცვიფრებული უყურებს. პატარა სულ უყეფს დიდს. ბუჩი კი ხმას არ სცემს და ისე უყურებს, თითქოს ეუბნება – რა გინდა, შვილო, რას გადამეკიდეო.

დივა სულ ლოგინზე ხტება. ბუჩი კი არ არსებობს, ლოგინზე ამოვიდეს. ჭამაა თუ გასეირნება, პატარა პირველი გარბის. ბუჩი კი სულ უთმობს. როგორც არ უნდა ცუდად მოექცეს პატარა, ბუჩი მის საქციელზე არ რეაგირებს.

საინტერესო წყვილია

– პატარა სულ ყეფს… როცა ორივეს ვასეირნებ და უცებ დიდი ძაღლი გამოჩნდება, პატარა იწყებს ყეფას და თან ბუჩის უკან დგება, მის იმედზეა, აბა ვინმე მომეკაროთო… ბუჩის სახით ფარი და ხმალი ჰყავს. მართლაც საინტერესო წყვილია. ბუჩი ლომივითაა, ეს პატარა კი თითისტოლაა, არც ჩანს, ქუჩაში რომ მიმყავს.

სმარტ პეტი

თემურ თათარაშვილის ცელქი და ჭკვიანი ოთხფეხა მეგობრები

თემურ თათარაშვილის ცელქი და ჭკვიანი ოთხფეხა მეგობრები

ლირიკული სიმღერების უბადლო შემსრულებელს, ცნობილ მომღერალ თემურ თათარაშვილს ოჯახში თითქმის ყოველთვის ჰყავდა ოთხფეხა მეგობრები, სხვადასხვა ჯიშის ძაღლები. ისინი საინტერესო, თავისებურ თვისებებს ამჟღავნებდნენ.

დღესდღეობით თემურს ბოქსიორის ჯიშის ულამაზესი სამფერა ბეკი ჰყავს, რომელიც ადამიანების უსაზღვროდ მოყვარეა, მთელ ოჯახს ახალისებს და სადღეისო ყოფასაც ულამაზებს. მომღერალი საყვარელ ძაღლს ზრუნვას არ აკლებს, მაღალი კლასის სპეციალიზებული საკვებით კვებავს და, ყოველდღიურად, მნიშვნელოვანი “დესერტითაც” – ხაჭოთი ანებივრებს. თემური ფიქრობს, რომ ოთხფეხა არსებებთან მეგობრობა ადამიანს აკეთილშობილებს, მათ გვერდით გაზრდა კი მოზარდს ჰუმანურ თვისებებს უყალიბებს.

თემურ თათარაშვილი:

– ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის გვყავდა ოჯახში ძაღლი. ჩემი პირველი ძაღლი იყო გერმანული ნაგაზი, რომელიც, სამწუხაროდ, უცნობმა ადამიანებმა მომიწამლეს. მაშინ 9-10 წლისა ვიყავი. შემდეგ შოტლანდიური ნაგაზი – კოლი მომიყვანეს. დიდობაში კი ლაბრადორი მყავდა, 1 თვის ლეკვი ჩამოვიყვანე ისრაელიდან და 12 წელი იცხოვრა ჩვენთან. ასევე გვყავდა ირლანდიური სეტერი და კოკერ სპანიელი. ამჟამად ჩვენი სახლის ბინადარია ბოქსიორი, სახელად ბეკი.

– ოთხფეხა მეგობარი თუ გაგიშვილებიათ?

– მოსკოვში რომ ვცხოვრობდი, ჩემმა იქაურმა თანამშრომლებმა მაჩუქეს ბენგალური კატა. მოგეხსენებათ, ზოგადად ეს ჯიში ჯიქისებრი შეფერილობის, ლამაზი, ჭკვიანი, თუმცა ჯიუტი და ეშმაკია კატებს შორის, საკმაოდ დიდი იზრდება. მოსკოვში მარტო ვცხოვრობდი, მის მოვლასთან გამკლავება გამიჭირდა და თბილისში ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ჩემს ბავშვობის მეგობარს, ვეტერინარ ნათია ბერიძეს ვაჩუქე. დღესაც მის სახლში ცხოვრობს. ცხოველი თუ გყავს, უნდა მოუარო, ბედის ანაბარა არ უნდა მიუშვა.

– თქვენს ძაღლს, ბოქსიორს, ოჯახში ვინუვლის?

– მთელი ოჯახი. ვასეირნებთ, ვკვებავთ. ახლაც გავასეირნე ეზოში, ძაღლთან ერთად თამაშობდა.

– სპეციალისტების ცნობით, კოვიდ-19-ით არ ინფიცირდებიან ძაღლები, თუმცა მათ იბეწვი შეიძლება აღმოჩნდეს ინფექციის გადამტანი, როგორ იცავთ უსაფრთხოებას ბეკის სეირნობისას და შინდაბრუნების შემდეგ?

– პატარა რომ იყოს, შინ გვეყოლებოდა, მაგრამ ამხელა ძაღლს სახლში ხომ ვერ გააჩერებ? ჩემი კორპუსის გვერდით ყოფილი სტადიონია და იქ გაგვყავს ოთხფეხა მეგობრები. სახლში დაბრუნების შემდეგ კი თათებს ვუწმენდ. სპეციალისტების რეკომენდაციას გავითვალისწინებ.

– რა სახასიათო თვისებებსა მჟღავნებს თქვენი ოთხფეხა მეგობარი, ბულდოგიბეკი?

– რაც მთავარია, აგრესიული არ არის. უსაზღვროდ კაცთმოყვარე და გულკეთილია, აბსოლუტურად ყველა უყვარს განურჩევლად: ადამიანი, ცხოველი, დიდი, პატარა, ქალი, კაცი… სიგიჟემდე უყვარს ბავშვები. ეზოში ბავშვის ხმას თუ გაიგებს, აღარაფერი აინტერესებს, მასთან უნდა. ჩემს შვილიშვილებთან დაჭერობანას თამაშობს სახლში, ძალიან უყვარს გასაბერი ბურთი, თავით თამაშობს. აქვს თავისი საყვარელი სათამაშოებიც, უყვარს გართობა, მხიარულია. ჩემი შვილიშვილი თომა 3 წლისაა და ბეკისთან ერთად ყირაზე გადადის, ძაღლს ზედ აწვება, კუდზე და ფეხზე ექაჩება… ასეთი ფორმით ეთამაშება. ბეკი იმდენად ბავშვის მოყვარეა, რომ ერთხელაც არ დაუღრენია, არ დაუყეფია მისთვის.

სახლში პატარა თუთიყუშიც გვყავს. ბეკის მასთან თამაში უყვარს. თუთიყუში რომ დაფრინავს, ბეკი დასდევს, თუმცა არ აზიანებს. მხოლოდ ერთხელ მოუწია თუთიყუშს კუდის მოძრობა, მაშინ პატარა იყო ძაღლი…

ბეკის ოჯახის ყველა წევრი თანაბრად უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მაინც თომას და მარის (ჩემს ქალიშვილს) გამოარჩევს. ახტება, ეფერება, ლოკავს. ძალიან ალერსიანია. დედაჩემი რომ ტელევიზორს უყურებს, ბეკიც გვერდით უზის ხოლმე, წინა თათები აქვს ამოყოფილი სავარძელზე, უკანა თათები – ქვემოთ და ასე ეხუტება დედაჩემს. საოცარი სანახავია.

ფიზიკურადაც ლამაზია, ვეფხვისებრი, სამფერა: წითური, თეთრი, შავი. 1 მაისს უსრულდება 1 წელი.

– ცნობილია, რომ ფლორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ძაღლებს, აქვთ მძაფრი ინტუიცია. თუ გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენმა ოთხფეხა ბინადარმა იგრძნო მოსალოდნელი საფრთხე?

– ლაბრადორი იყო ძალიან გონიერი… ეს მოხდა მაშინ, როცა დამაკავეს… კომპიუტერთან ვიჯექი, მოვიდა, ფეხზე თავი დამადო და თვალებში მიყურებდა ღრმად ჩაფიქრებული. იმ წუთას ადამიანივით მეტყველი და გონიერი თვალები ჰქონდა, თითქოს რაღაცას გრძნობდა… ეს კადრი მეხსიერებიდან არ გადამდის.

– ყოველ ჯერზე სხვა და სხვა ჯიშის ძაღლები გყავდათ, რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან?

– ლეკვობაში ბეკი და ლაბრადორი ერთი ჭკუის არიან, ლამის კედლებზე დადიან… ირლანდიური სეტერი გვყავდა საოცრად გონიერი. ლაბრადორი მარისთან ცხოვრობდა და დროდადრო ჩვენთან მოჰყავდა. თუ ლაბრადორი შეჭამდა ირლანდიური სეტერის ჯამიდან, სანამ არ გავრეცხავდით, სეტერი თავის ჯამს აღარ ეკარებოდა. ადამიანივით იყო. პურის ნაჭერს რომ მისცემდი, დაწვებოდა, თათებში მოიქცევდა და სხვა ძაღლებივით დიდ ლუკმებად კი არ მიირთევდა, არამედ პატარა ლუკმას მოაკვნეტდა ადამიანივით, კარგა ხანს ღეჭავდა და გადაყლაპავდა.

წვიმის დროს სიფრთხილეს იჩენდა, გარეთ გაიხედავდა, სიტუაციას შეაფასებდა, გამორიცხული იყო, გუბეში ფეხი ჩაედგა. მოგეხსენებათ, სეტერი მონადირე ძაღლია. მე არ ვნადირობ, ჩემს ბიჭს დაჰყავდა სანადიროდ. იქ ჭაობებსაც ლაშქრავდა, ისე დაჰქროდა, ყველაფერი ავიწყდებოდა. ეზოში კი გუბეშიც არ ჩაყოფდა ფეხს. თავისებური ძაღლი იყო, საოცრად სუფთა.

– მრავალი ჯიშის ძაღლიგყავდათ, თქვენს ხასიათთან ახლოს უფრო რომელი ჯიშია?

– ლაბრადორი. უჭკვიანესი ძაღლი იყო, “პროფესორივით”. ბეკი ჯერ პატარაა, იმედია, ესეც დაჭკვიანდება.

– ბეკის რით კვებავთ?

– სპეციალიზებულ საკვებს ვაძლევთ. გარდა ამისა, ყოველდღე 3 საათზე 1 შეკვრა 0 %-იან ხაჭოს მიირთმევს, დღე არ ჩაგვიგდია. მოგეხსენებათ, ხაჭო კალცის შემცველი პროდუქტია, ძვლებისთვისაა სასარგებლო.

– ცხოველთა დაცვის თემაზე რა შემთხვევა გახსენდებათ?

– ვეტერინარ ნათია ბერიძესთან ვიყავი კლინიკაში. დილის 10 საათი იყო. უცებ მოვიდა ქუჩის ძაღლი, დიდტანიანი. ნათიამ გასძახა თანამშრომლებს: ჩქარა, მოვიდნენო!.. გაუტანეს საჭმელი დიდი რაოდენობით. ვკითხე, ვისი ძაღლები არიან-მეთქი. ნათიამ მიპასუხა, ასე მოდიან და ვაჭმევთ ხოლმეო. ასეთი საქციელი მისაბაძია.

– პირადი გამოცდილებით, ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის განვითარებაზე რა სასიკეთო გავლენასახდენს?

– ბეკი იმიტომ მოვიყვანე სახლში, რომ თომა გაზრდილიყო ძაღლთან ერთად. თომა ძაღლს ადამიანივით ესიყვარულება, ეუბნება ხოლმე: “ჩემო დახატულო!” ძაღლის გვერდით გაზრდილ ბავშვს ჰუმანური თვისებები უყალიბდება. არ გახდება სასტიკი და აგრესიული, არასდროს იფიქრებს ცხოველის მიმართ მავნებლობაზე.

ავის მქმნელი ბავშვები ცხოველთან ერთად რომ გაზრდილიყვნენ, არასდროს იფიქრებდნენ ცხოველის წამებაზე და სხვა მსგავს ვანდალიზმზე, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში ხდება.

სმარტპეტი

სმარტ პეტის ინტერვიუ თიკა ჯამბურიასთან. „მსურს, ოთხფეხა მეგობრებისთვის თავშესაფარი გავაკეთო“

„ მსურს, ოთხფეხა მეგობრებისთვის თავშესაფარი გავაკეთო“

ცნობილი მომღერალი თიკა ჯამბურია სახლში თეთრ ბულტერიერს ზრდის. ამ ჯიშის ძაღლი, გარდა იმისა, რომ შეუპოვარი მებრძოლია, შესანიშნავი sკომპანიონიც არის. ცნობილია, რომ თეთრი ბულტერიერი 1850 წელს ბირმინგემელმა კინოლოგმა ჯეიმს ჰინკსმა სხვადასხვა ჯიშის შერევით, ექსპერიმენტის შედეგად გამოიყვანა. ამ თეთრმა, კომპაქტური ზომის ძაღლმა დიდ ბრიტანეთში არისტოკრატთა გულები დაიპყრო. განსაკუთრებით პრესტიჟული გახდა ოქსფორდისა და კემბრიჯის სტუდენტებისთვის, როგორც ამბობენ, მოდურობა და აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს… მოუსყიდველი, ბავშვების მოყვარული, საუკეთესო ვირთხამჭერი, ეგზოტიკური ექსტერიერი – ასე ახასიათებენ ამ ჯიშის ძაღლს სპეციალისტები. სავალდებულოდ მიაჩნიათ ადრეული ასაკიდანვე მისი თანმიმდევრული, სწორი წვრთნა.

თუ როგორ მოხვდა თეთრი ბულტერიერის ლეკვი თიკა ჯამბურიას ოჯახში, რა თავისებურება ახასიათებს, რა კეთილ თვისებებს ამჟღავნებს, არის თუ არა საშიში გარშემომყოფთათვის, როგორ წვრთნიან და უვლიან მას – ამ თემაზე თავად მომღერალი გვიამბობს. თიკა ფაუნის ბინადართა, განსაკუთრებით ძაღლების, ზედმიწევნით მოყვარული და ქომაგია.

– თიკა, გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხება შინაურ ცხოველებთან.

– 5-6 წლის ვიყავი, როცა მამამ პირველად მომიყვანა სახლში ოთხფეხა მეგობარი. ეს პატარა ტანის ჯიშის ძაღლი რამდენიმე წელი მყავდა. ძალიან მიყვარდა და ვუვლიდი. ფაბი ერქვა. მისი სიკვდილის შემდეგ ჯუჯა პუდელი მომიყვანეს, მასაც ფაბი დავარქვით. ბავშვობიდან მოყოლებული, ძაღლების მიმართ დიდი სიყვარული, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. შეიძლება ითქვას, ვგიჟდები მათზე. ძაღლების მოყვარულ ადამიანებსაც ძალიან ვაფასებ.

– ამჟამად გყავთ თეთრი ბულტერიერის ლეკვი, რომელსაც სახლში ზრდით. ამჯიშის ძაღლზე არჩევანი რატომ შეაჩერეთ?

– ბულტერიერი ჩემი დისშვილის ოცნება იყო. ეს ჯიში მეც ძალიან მიყვარს. ფეისბუქზე ერთმა ბიჭმა დაპოსტა ძაღლთან ერთად ფოტო და კომენტარში ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე. მომდევნო კვირას მომწერა, თუ გინდა, ლეკვს გაჩუქებო. სიამოვნებით ვიშვილეთ პატარა ლეკვი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ენტერიტი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, იყო უსმენოც. საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი ექიმების, ირაკლის და მაშოს ძალისხმევით გადავარჩინეთ. მათი უზომოდ მადლიერი ვარ.

– ბულტერიერი გარეგნულად მშვიდი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი, შეუპოვარი ძაღლია და, როგორც ამბობენ, მტკიცე მართვა სჭირდება. აღზრდისას პრობლემებს გიქმნით?

– 8 თვისაა, ტერი ჰქვია. ავუყვანეთ მწვრთნელი გია მჭედლიშვილი, უსმენო ძაღლებისთვის სპეციალური მეთოდით, ხელის მოძრაობებით უხსნის, რა მოქმედება უნდა შეასრულოს ძაღლმა. ბევრი რამ ისწავლა. ძალიან საინტერესოა, რომ უსმენო ლეკვს ხელის მოძრაობით ყველაფერი ესმის, იცის, რომ უნდა მოვიდეს, რომ ჭამის დროა, რომ უნდა დაწვეს და ა. შ.

მწყინს, ქუჩაში ადამიანები მის მიმართ შიშს და უნდობლობას რომ გამოხატავენ. ზოგი აღიქვამს როგორც საშიშ არსებას, მკვლელ ძაღლს, თუმცა ასე არ არის. ჩემი ძაღლი ადამიანების მოყვარული, ძალიან თბილი და კეთილია.

– ადამიანთა შიში ალბათ არც თუ უსაფუძვლოა. ცნობილია, რომ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ბულტერიერი, ძაღლის სხვა ჯიშებთან შედარებით, იშვიათად იკბინება, თუმცა კბილს თუ ჩაავლებს, მისი მოცილება ძალიან ძნელია, ამით შეიძლება მსხვერპლი საშინლად დააზიანოს.

– აღზრდაზეა დამოკიდებული. ვზრდით სიყვარულით სავსე, თბილ გარემოში. თავს ვევლებით… ზედმეტად გვიყვარს იმიტომ, რომ სიკვდილის პირას იყო და გადავარჩინეთ. საშიში არანაირად არ არის, პირიქით, უთბილესი და უსაყვარლესია. ჩემს შვილსაც ახლო ურთიერთობა აქვს მასთან. ქუჩაში ნერვები მეშლება ხოლმე, რამდენჯერ მქონია შელაპარაკება ადამიანებთან, რომლებიც ისე ექცევიან, თითქოს რაღაც საშინელება იყოს! ტერი არავის ავნებს, პირიქით, ადამიანების მოყვარულია.

– სხვა ძაღლების მიმართ რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს?

– კეთილგანწყობილია. ჩემი მეგობრის ძაღლი სულ ჩვენთანაა. მეტისია, ტერი მეგობრობს მასთან, ერთმანეთი ძალიან უყვართ. დიდი სიამოვნებით ავიყვანდი კიდევ ძაღლს. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, ცხოველთა თავშესაფარი გავაკეთო და ბევრ ძაღლს ვუპატრონო.

– ტერი რომ უსმენოა, ეს მის ხასიათზე ხომ არაისახება? ზნით და თვისებებით ამავე ჯიშის სხვა, სმენიანი ძაღლებისგან თუ განსხვავდება?

– არ ვიცოდით და გავარკვიეთ: თურმე თეთრი ბულტერიერის ჯიშს აქვს მიდრეკილება სიყრუისადმი. თუმცა, როგორც ამიხსნეს, ძაღლები ვერ ხვდებიან თავიანთ უსმენობას და დისკომფორტად არ აღიქვამენ.

ეს ჯიში ძალიან მომწონს, განსაკუთრებულია, არ ერთს სხვა ჯიშს არ ჰგავს. თეთრი ფერის ტერის შავი თვალები აქვს, ულამაზესია.

– ძაღლის გარდა, სხვა ცხოველიც ხომ არ გყოლიათ?

– ფისო ავიყვანე ქუჩიდან, გავასუფთავეთ, გავალამაზეთ, მაგრამ ძაღლებთან ვერ გაჩერდა და სამწუხაროდ, მისი გაჩუქება მოგვიწია… კატის ყოლა ჩემი დიდი ხნის ოცნებაა.

– ტერის რა პროდუქტებით კვებავთ?

– მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალიზებული ძაღლის საკვებით. გულმოდგინედ და სათუთად ვუვლით, ვინაიდან ალერგიულია და სჭირდება სპეციალური, ანტიალერგიული საკვები. ენტერიტიც რომ აქვს გადატანილი, სპეციფიკური მოვლა სჭირდება.

– სახლში ძაღლის ბეწვს როგორ უმკლავდებით?

– ვვარცხნი დღეში სამჯერ, სპეციალურ ვიტანიმებს ვაძლევთ.

– თიკა, თქვენს პირად სამყაროში რა შემოიტანა ოთხფეხა მეგობარმა?

– ბევრი სიხალისე და ბედნიერება. შემიძლია მასთან ერთად საათობით ვისეირნო და მაგ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.

– თქვენი ოჯახის წევრებს ცხოველების მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ?

– ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ძაღლები და ეს ჩემთვის სასიხარულოა. ტერის პატრონად ჩემი დისშვილი, გუკა ჰყავს არჩეული. ჩემი შვილი ნინა 9 წლისაა, ყველანაირ ჯიშთან შეუძლია კონტაქტი, შიში არ აქვს. როცა ერთად ვართ გარეთ, ნინა არავის აძლევს უფლებას, ძაღლი საბელით დაიკავოს, თვითონ უნდა ატარებდეს აუცილებლად. კლინიკაში რომ გვყავდა ლეკვი გადასარჩენად, ნინა თავთან ედგა, ნერვიულობისგან ღამეები არ ეძინა… სურვილი აქვს, პატარა ჯიშის ძაღლიც ვიყოლიოთ, მაგრამ დედაჩემს უჭირს სახლის პირობებში ამდენი ცხოველის ყოლა.

– თიკა, დაკავებული ხართ, მღერით, თავადვე ამუშავებთ საკუთარ საოჯახო სასტუმროს – გესთჰაუსს… ძაღლის მოვლას როგორღა ახერხებთ?

– ძაღლის მოვლას სჭირდება ბევრი დრო და დიდი ყურადღება. ამასაც ვაკეთებ, თან სიამოვნებით. სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებს.

*

PS.სმარტ პეტი გირჩევთ! გახსოვდეთ, რომ ჯიშიანი ძაღლი არ არის მხოლოდ ჯიშიანი ექსტერიერი. მოშენების დროს სავალდებულოა გავითვალისწინოთ ჯიშის მიდრეკილება სხვადასხვა დაავადების მიმართ და ძაღლების დართვამდე აუცილებელია შემოწმდეს ლეკვის მომავალი მშობლები, რათა თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რაც ზემოთ ნახსენებ შემთხვევაშია მოცემული.

Back to Top

Search For Products

Product has been added to your cart