გაბი 2 თვის იყო, როდესაც ცნობილი მსახიობის, ლევან ყოჩიაშვილის ოჯახის უსაყვარლესი წევრი გახდა. მისი სრული სახელია მოლი გაბრიელა. ეს რუხი ფერის, უჭკვიანესი ძუ კანე კორსო ამჟამად მე-7 წელშია. ლევანს და მის ოჯახს გაბიმ წლების მანძილზე ბევრი სიხარული მოუტანა, თუმცა, სამწუხაროდ, მასთან დაკავშირებით მძიმე განსაცდელსაც ვერ ასცდნენ.
– ლევან, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს ჯიში და რატომ ძუ?
– მინდოდა მოსპორტულო, კომპაქტური ძაღლი, მყარი ფსიქიკის, კომპანიონი. ძუ ავირჩიე, ვინაიდან ხვადთან შედარებით დამყოლია. გაბი 2 თვისა ავიყვანეთ, გავზარდეთ, გავწვრთენით, რომ კომფორტული ყოფილიყო ქალაქსა და სახლში. ამ ჯიშის ძაღლები კარგი კომპანიონები არიან.
– ძაღლის წვრთნაში თავად მონაწილეობდით?
– 6 თვემდე ძალისხმევა არ დამიშურებია, არ მძინებია, ურთიერთობა რომ დაგვემყარებინა. ელემენტარულ რაღაცებს ვასწავლიდი, ვაჩვევდი, რომ მიმხვდარიყო, რისთვის იყო ჩემთან. 6 თვის შემდეგ მივიყვანე საუკეთესო მწვრთნელ ვიქტორ ნიკურაძესთან, რომელმაც იდეალურად გაწვრთნა და ზუსტად ისეთი ძაღლი ჩამაბარა, როგორიც მინდოდა – იდეალურად დამჯერი და კომფორტული, როგორიც უნდა იყოს “ძაღლი ქალაქში”.
– თბილისში კორპუსში ცხოვრობთ, ამ ჯიშის ძაღლი ბინაში რამდენად კომფორტულია?
– კანე კორსო დიდტანიანი ძაღლია და შესაბამისად შეიძლება ბინაში არც იყოს კომფორტული. თუმცა, თუ გაწვრთნილია და სეირნობს იმ დოზით, რაც მას ენერგიის დასახარჯად სჭირდება, ვერც მიხვდებით, რომ სახლში ამხელა ძაღლი გყავთ. საკუთარი ეზო ერთი მხრივ კარგია, მაგრამ ეზოში ძაღლი ხანდახან ავიწყდებათ, კონტაქტი აღარ არის ხოლმე ეზოს ძაღლსა და პატრონს შორის.
გაწვრთნილი ძაღლი ძალიან კომფორტულია. საათ-ნახევარს თუ დავუთმობდი მის სეირნობას, მერე მთელი დღე ვერც კი იგრძნობდი, რომ სახლში ძაღლი იყო.
– ოჯახში გაბით ძირითადად თქვენ იყავით დაკავებული?
– დიახ, მე ვასეირნებდი. ჭკუაში რომ ჩავარდა, ოჯახის სხვა წევრებსაც შეეძლოთ გაყვანა. უკვე ძალიან ჭკვიანი იყო, ხალხს შეჩვეული, აბსოლუტურად
სოციალური.
– ძაღლი ოჯახში ერთს ირჩევს პატრონად, ამ მხრივ გაბიზე რას იტყვით?
– ესენი ლიდერს ირჩევენ. თავიდანვე ასე დავუყენე საკითხი, რომ გაბი ცხოვრობს ჩვენთან და არა ჩვენ – მასთან. თუ პირიქით ხდება, პრობლემები იქმნება ხოლმე. ოჯახის წევრებთან გაბის კარგი ურთიერთობა აქვს, ყველა მათგანს უჯერებს. არავის გამოარჩევს.
– ლეკვობაში როგორი იყო, თუ გქონდათ მასთან დაკავშირებული სათავგადასავლო მომენტები, ფათერაკები?
– ლეკვობის პერიოდი ცოტა რთულია, სახლში შეიძლება რაღაცები გააფუჭოს. თავიდან, რომ მოვიყვანეთ, ბინაში ყველაფერი ავართვით, რაც მისთვის შეიძლებოდა საცდუნებელი ყოფილიყო. ლეკვი პატარა ბავშვივითაა, ბევრი ყურადღება სჭირდება. ლეკვობაშიც და დიდობაშიც გაბი მყარ ფსიქიკას ამჟღავნებდა, მასთან დაკავშირებით განსაკუთრებული თავგადასავლები არ გვქონია.
– საინტერესო შემთხვევები გექნებოდათ, თუნდაც სეირნობის დროს.
– იმას მივაღწიე, რომ უსაბელოდ ვასეირნებდი ხოლმე. სანამ ახალგაზრდა იყო, ტყეში გამყავდა. ვცდილობდი, ენერგია ბოლომდე დაეხარჯა, სეირნობით გაჯერებულიყო. სეირნობისას არავისთან უყვარდა მისვლა, ყველას მიმართ დისტანციას ინარჩუნებდა. დილაობით ერთი ქალი ვარჯიშობდა, გაბის ჩვევად ჰქონდა – მასთან მივიდოდა, ცხვირს მიადებდა და მერე გამომყვებოდა. ის ქალბატონი ხუმრობდა ხოლმე – ვგრძნობ, რომ მოდის, მესალმება, “დილა მშვიდობისას” მეუბნებაო.
დილაობით ბევრი ადამიანი გამოდის სავარჯიშოდ, გაბის კი მხოლოდ ის ერთი ჰყავდა ამოჩემებული. თუ იმ ადგილას ქალი არ დახვდებოდა, მერე ეძებდა.
– გაბი თავის თანამოძმეებთან თუ მეგობრობდა?
– როგორც დავაკვირდი, ამ ჯიშის ძაღლს სხვა ძაღლები საერთოდ არ აინტერესებს. გაბი იმდენად იყო ჩვენზე კონცენტრირებული, რაღაც დროის შემდეგ შევატყვე, რომ ძაღლად აღარ თვლიდა თავს, თანამოძმეების მიმართ ინტერესი გამქრალი ჰქონდა. სხვა ძაღლებს არ ეკონტაქტებოდა, არც კანე კორსოებს. ერთმანეთს დასუნავენ და იქ მთავრდება მათი ურთიერთობა.
გაბი ჩემით იყო დაკავებული, რომ თვალთახედვიდან არ გავსულიყავი. ეს იყო მისი ერთადერთი ამოცანა და ინტერესი სეირნობის დროს. ზოგადად, ამ ჯიშის ძაღლები ძირითადად პატრონზე არიან კონცენტრირებული.
– თქვენი ულამაზესი საჯიშე ძაღლი დედა არ გამხდარა?
– საკმაოდ ლამაზი და წარმოსადეგი იყო, გამოფენებზე მონაწილეობდა. შემდეგ დიდი რიგი იდგა მთხოვნელების, მაგრამ გაბის სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა, გადაგვარებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები და იძულებული გავხდით, მოგვეკვეთა, სხვაგვარად ვერ გადარჩებოდა.
– რამდენ გამოფენაზე მონაწილეობდა?
– ორ საერთაშორისო გამოფენაზე გავიყვანე, პირველად იუნიორებში და მეორედ ზრდასრულებში. მნიშვნელოვანი პრიზებიც წამოვიღეთ.
– როგორც ამბობენ, კანე კორსოებს აქვთ მძაფრი გუმანი, ინტუიცია, შეუძლიათ ამოიცნონ ოჯახში სტუმრად მისული უცხო ადამიანის კეთილი თუ ბოროტი განზრახვა.
– ესენი არიან მოფიქრალი ძაღლები. არასდროს გაქანდებიან და პირდაპირ თავს არ დაესხმიან ვინმეს. სიდინჯე და დაკვირვების უნარი ახასიათებთ. არ მახსოვს შემთხვევა, გაბის გაეწია ოჯახში შემოსული უცხო ადამიანის მიმართ არც თბილისის ბინაში, არც რაიონში, ჩემი მშობლების ეზოში. ჯერ უნდა დააკვირდეს უცხოს, გაიაზროს, შეისწავლოს…
რაიონში, ღამით, როცა სახლ-კარი იკეტებოდა და გაბის ოჯახის ყველა წევრი შინ ეგულებოდა, ძაღლი მთლიანად იცვლებოდა, მას ერთვებოდა დაცვის ინსტინქტი, მცირე ხმაურზეც კი რეაგირებდა. კორსოები გარდა იმისა, რომ კარგი კომპანიონები არიან, საუკუნოვანი მცველებიც არიან, განსაკუთრებით მდედრები.
კიდევ ერთი რამ ახასიათებდა გაბის: თუ მეძინა, იმ ოთახს არავის აკარებდა. ზღურბლზე დაწვებოდა და არავის უშვებდა. დაბალი, მოგუდული ხმით დაიღრენდა და მიგახვედრებდა, რომ არ ღირს… ერთ ზაფხულს ცოტა ნასვამს ეზოში ჩამეძინა. გამოსულან ჩემები, გავაღვიძოთ, არ გაცივდეს, სახლში შემოვიდესო. გაბიმ უფლება არ მისცა, მომკარებოდნენ…
ზოგადად კი ძალიან მშვიდი ძაღლია.
– რამდენად სტუმართმოყვარეა?
– სტუმარს აკვირდება, სწავლობს. ასე გვაქვს დაყენებული საკითხი: მე თუ მივიღე ადამიანი, შენ არაფრის უფლება გაქვს, იმიტომ, რომ ის ჩემთან არის მოსული და არა შენთან. ზოგჯერ ერევათ ხოლმე, ძაღლს ჰგონია, რომ მასთან მოდიან და არა პატრონთან, და მერე, როგორც უნდა, ისე იქცევა. გაბის ეს არ ეშლება. უცხოს აკვირდება, ყურადღებას ამახვილებს, ოღონდ დისტანციურად.
– კანე კორსო ალბათ შიშს აღძრავს ადამიანებში, ვინც არ იცის ამ ჯიშის კეთილშობილური ბუნება.
– განსაკუთრებით მაშინ, თუ ყურები აქვს დაჭრილი. ადამიანებს მათი ვიზუალი აშინებს, მაგრამ მე რაც მინახავს ნორმალურად გაზრდილი კანე კორსოები, აგრესიული და უაზრო არც ერთი არ არის. ყველა მოწესრიგებული და თვინიერია, ხოლო როცა საჭიროა, იმ დოზით აგრესიულიც და მცველიც.
– ფოტოებზე გაბი კარგად მოვლილი ჩანს. ძაღლის მოვლასთან დაკავშირებით რა რჩევებს მისცემთ ახალბედა პატრონებს?
– ცხოველს მოვლა უნდა, ისევე, როგორც ადამიანს. გაბის თავიდანვე იმ საკვებს ვაძლევდი, რაც ძაღლებს უხდებოდათ. მაგ საკითხში კარგი მრჩევლები მყავდა. ლიტერატურითაც ვხელმძღვანელობდი. საჭიროა სწორად შერჩეული საკვები, ძაღლის სათანადოდ დატვირთვა, ბეწვის დავარცხნა, სისუფთავე და წესრიგი.
_ დაბოლოს, რა განსაცდელი შეგხვდათ გაბისთან დაკავშირებით?
_ სამწუხაროდ, გაბი მძიმე ავარიაში მოყვა, რაიონში მანქანა დაეჯახა. არც მეგონა, თუ გადარჩებოდა. ახლა ისე კარგად ვეღარ გამოიყურება, იმის ნახევარი აღარ დარჩა, რაც იყო. ორგანოთა დაზიანების გამო, ფაქტობრივად, ძაღლი ხელიდან გამომეცალა. უმძიმესი ტრავმა მიიღო, ძლივს გადავარჩინეთ. უცებ დაბერდა, წონაში ვერაფრით მოვამატებინეთ. ოპერაცია არ გაუკეთეს იმიტომ, რომ პროცესი არ დაჩქარებულიყო. ამჟამად ჩემი მშობლები მეთვალყურეობენ. კერძო, ეზოიან სახლში მეტი პირობა აქვს მოსვენებისთვის. ძველებურად სეირნობა აღარ შეუძლია, ეზოში გამოდის თავისუფლად, სურვილისამებრ. ჩემთან ბინაში ამ პირობას ვერ შევუქმნიდით, აქ მოიწყენდა.
სმარტ პეტი
Leave a comment