კახა ბასილია კიევის სადარაჯოზე ოთხფეხა მეგობრებსაც იცავს

კახა ბასილია კიევის სადარაჯოზე ოთხფეხა მეგობრებსაც იცავს

კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერი კახა ბასილია მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, უკრაინაში იმყოფება. ის, ქართულ ლეგიონთან ერთად, გმირი უკრაინელების მხარდამხარ, ომის პირველივე დღეებიდან კიევის მცველთა რიგებში იბრძვის.

სენსეი კახა უკრაინაში ქართული ლეგიონის სპორტულ განყოფილებას ხელმძღვანელობს და ლეგიონის ბაზაზე, უცხოელ ინსტრუქტორებთან ერთად, უკრაინის მოქალაქეებს ამზადებს თავდაცვაში. არის პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც სამოქალაქო პირებისთვის თავდაცვის ელემენტებთან ერთად პარტიზანული ბრძოლის სწავლებასაც ითვალისწინებს. მისივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე 3 ათასზე მეტი მოქალაქე გადაამზადეს. კახა ბასილია თადარიგის პოლკოვნიკია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე.

*

რუსეთის არმიამ უკრაინის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სასაკლაო მოაწყო, ენითაუწერელი სისასტიკე გამოავლინა. არც შინაური ცხოველები და ფრინველები დაინდეს.

მძიმე მდგომარეობაში არიან სიკვდილს გადარჩენილი ცხოველებიც… უკრაინელი და ქართველი მებრძოლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ მათ დაცვას.

ქართული ლეგიონის ბაზაზე უპატრონოდ დარჩენილი რამდენიმე ჯიშიანი ძაღლია შეფარებული, რომელთაც კახა ბასილია პატრონობს. ოთხფეხა მეგობრებს კარატეს ლიდერი განსაკუთრებით უყვართ და ეიმედებათ.

„სმარტ პეტის“ მკითხველმა იცის, რომ ბატონი კახა ფაუნის ბინადართა მოყვარული, გულშემატკივარი და ქომაგია. მას ძაღლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თბილისში, ოჯახში, 2 საუცხოო ბინადარი ჰყავს: გერმანული ნაგაზი და ლაბრადორი, რომლებიც დღეს მის სიშორეს განიცდიან.

_ ბატონო კახა, ქართულ ლეგიონთან ერთად უშუალოდ მონაწილეობთსაბრძოლო ოპერაციებში. ომის სისასტიკე მშვიდობიან მოსახლეობაზე და ოთხფეხა მეგობრებზეც აისახა… რა ვითარება დაგხვდათ მტრისგან დაქცეულ ქალაქებში?

_ „უფლის ნათქვამი, გიყვარდეს ადამიანები, გაიგეს მხოლოდ ძაღლებმა“, _ რუსული აგრესიიდან გამომდინარე, ამ გამონათქვამს ვეთანხმები. მტერმა არნახული სისასტიკე და კაცთმოძულეობა გამოავლინა. ბუჩა პატარა ქალაქია, წყნეთის მსგავსი, მდიდრული დასახლებით. წმენდაზე რომ შევედით, დაგვხვდა უმძიმესი სურათი: მტრისგან გაძარცვული და განადგურებული სახლები, უმოწყალოდ ნაწამები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, დახოცილი ცხოველები…

უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები, რომლებიც ტყვიას გადაურჩნენ, დასტრესილები არიან. სარდაფში ვიპოვეთ შოკირებული კანე კორსო და ამოვიყვანეთ… 4 ძაღლი წამოვიყვანე ბაზაზე (რაც მანქანაში ჩაეტია), მათ შორის კანე კორსო, ციმბირული ჰასკი, ნაგაზი… ჰასკი არ ეკარებოდა საკვებს, ძალიან შეშინებული და დაბეჩავებული იყო. თანდათან მომჯობინდა, ხტუნვა დაიწყო.

კორსო ისე იყო შოკირებული, 2 დღე არ გამოდიოდა ოთახიდან. ექიმი მოვიძიე, რომელმაც დასამშვიდებელი ნემსი გაუკეთა. თანდათან სიარული დაიწყო, დღის სინათლეზე გამოვიდა და სხვა ძაღლებს შეერია ბაზაზე.

_ ლეგიონის ბაზაზე, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, გყავთ შეფარებული უპატრონოდ დარჩენილი რამდენიმე გერმანული ნაგაზი. მათი პატრონები არ გამოჩნდნენ?

_ ზოგი დასავლეთში წავიდა, ზოგი ალბათ ცოცხალი აღარ არის. ვერ გავამტყუნებ ძაღლის პატრონს, რომელიც ომის საშინელებას გაექცა, ოჯახის წევრები, ცოლ-შვილი გახიზნა, თუმცა ოთხფეხა მეგობრის წაყვანა ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა, დაეტოვებინა.

ომი ცხოველებზეც საშინლად მოქმედებს, ისინი ყველაზე დაუცველები არიან. ასეთი წყნარი ძაღლები პირველად ვნახე. წესით, ნაგაზი უცხოს მიმართ აგრესიული უნდა იყოს. ეს ძაღლები ზოგჯერ ერთმანეთს უღრენენ, მაგრამ არ ერჩიან, იმდენად ყველა დაშინებულია.

_ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში შეიქმნა მიტოვებული და უპატრონო ცხოველების ხსნის საზოგადოებრივი სამსახურები. მათ ვერ დაუკავშირდით?

_ ვერ მოვიძიე. სხვათა შორის, ორ ძაღლს, ჰასკის და კორსოს, მალევე გამოუჩნდათ ახალი პატრონები, ალბათ წაიყვანენ. უკრაინელებს უყვართ ცხოველები და მათი მოვლის კულტურითაც გამოირჩევიან.

_ ძაღლებს, როგორც ჩანს, განსაკუთრებით უყვარხართ, ასე რომ მოგეკედლნენ. რთულ და დაძაბულ საომარ ვითარებაში, როგორ ახერხებთ მათ მოვლას?

_ ოპერაციაზე რომ გავდივართ, ძაღლები რჩებიან ბაზაზე. როცა ვბრუნდებით, ვაჭმევ, ვეფერები… აქ ბევრი ადამიანია, მაგრამ ძაღლები რატომღაც ჩემთან მოდიან. ღამით, ოთახში ერთი ნაგაზი ფეხებთან მიწევს, მეორე კართან, მესამე _ გასასვლელთან… არ მშორდებიან. სტრესის გადატანის შემდეგ შიში იპყრობთ, კვლავ არ დაკარგონ პატრონი, პატარა ბავშვებივით არიან. ასე ვთქვათ, მდარაჯობენ.

_ ერთ ნაგაზს „ბაირახტარი“ დაარქვით, მეორეს _ „ჯაველინი“… „ბაირახტარი“ განსაკუთრებით გიყვართ, მასთან გადაღებული ფოტო ფეისბუქზეც ატვირთეთ, გვიამბეთ მათზე.

_ ძალიან შემეჩვივნენ. ახლაც, რომ გესაუბრებით, თათს მიტყაპუნებს „ჯაველინი“, ყურადღებას ითხოვს… ძაღლებს მოვლა, კვება სჭირდებათ, წყალი სულ უნდა ედგათ… სხვათა შორის, ესენი ბევრს არ ჭამენ, მთავარია, გიყურონ _ დარწმუნდნენ, რომ აქ ხარ, მათ გვერდით.

„ბაირახტარი“ ცალკე თემაა, სწრაფი და მაგარი ძაღლია, არ მშორდება, ღამით ჩემ გვერდით წევს. პირველ დღეებში, დაბომბვიდან რამდენიმე წუთით ადრე იწყებდა ჩემს გაღვიძებას, იმდენად აქვს განვითარებული ინტუიცია. რამდენჯერმე მისმა ალღომ გადამარჩინა, სახიფათო ზონიდან გამიყვანა.

_ საბრძოლო ოპერაციაზე რომ გადიხართ, „ბაირახტარს“ რა რეაქცია აქვს, წაყოლას ითხოვს?

_ იცის, ვერ გავიყოლებ _ მიეჩვია. მანქანაში რომ ვჯდები, მაცილებს და მერე ელოდება იმ მანქანას. საქართველოში რომ დავბრუნდები, წამოვიყვან, აქ ვერ დავტოვებ. ჩემი მეგობარია, რომელიც ფრონტზე ჩემთან ერთადაა.

_ ძაღლის საკვებით ლეგიონს ვინ უზრუნველგყოფთ?

_ თავიდან პრობლემა იყო, მერე ქართველმა ბიჭებმა მოგვამარაგეს ინგლისიდან. ფურა გამოაგზავნეს, რომელშიც ბლომად იყო ძაღლის საკვები. თუმცა, ნაგაზები იმდენად მყავდა განებივრებული, რომ ახლა ამ საკვებს აღარ მიირთმევენ. „ტუშონკას“, სოსისს, ჩემს საჭმელს ვაძლევდი და მიეჩვივნენ. ის ფუთები რეგიონის ძაღლებსაც გავუნაწილეთ.

_ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ გამარჯვებას და შინ მშვიდობით დაბრუნებას მთელ ქართულ ლეგიონს!

სმარტ პეტი

Leave a comment