კახა ბასილიას უანგარო და კეთილშობილი მეგობრები

“ძაღლი ერთადერთი არსებაა შემორჩენილი დედამიწაზე, რომელსაც უანგარო და უპირობო სიყვარული შეუძლია, რაც ასე აკლია ადამიანებს და ჩვენს ცივილიზაციას. ძაღლი მზადაა, ბოლომდე გიერთგულოს და თავი გაწიროს შენთვის დაუფიქრებლად. ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებით,” – ამბობს კახა ბასილია, კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერი საქართველოში.
ძაღლების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მას, ორი ათეული წლის წინ ტოკიოში ყოფნისას, პოპულარული ძაღლის – ჰაჩიკოს ძეგლის ნახვამ და მისმა ისტორიამ შთააგონა. ჰაჩიკოს იაპონელებმა სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი, პატრონის მიმართ უსაზღვრო ერთგულების გამო. ძაღლი იაპონიაში უანგარო სიყვარულის და ერთგულების სიმბოლოდ იქცა.
იაპონური ორთაბრძოლების დიდოსტატს, კახა ბასილიას თავისმა ძაღლებმაც არაერთგზის უჩვენეს დიდი სიყვარული და ერთგულება. რა თვისებებს ამჟავნებენ ოთხფეხა მეგობრები, როგორ ულამაზებენ ცხოვრებას, რით აცვიფრებენ და რამდენად მნიშვნელოვანია ძაღლის სწორად აღზრდა, ამ თემაზე კარატეს ლიდერი “სმარტ პეტს” ესაუბრა.

რა ჯიშის ძაღლები გყავდათ წლების მანძილზე და, თქვენი სამუშაო რეჟიმის პირობებში, მათ მოვლას როგორ ახერხებდით?

ელიას მთაზე, დიდ ეზოიან კერძო სახლში ვცხოვრობ დედასთან ერთად, რომელიც ძალიან მეხმარება. სამწუხაროდ, მამა რამდენიმე თვის წინ გარდამეცვალა. ეზოში სხვადასხვა დროს მყავდა პიტბული, დობერმანი, ქართული ნაგაზი… ჩემი ამჟამინდელი მეგობარი, სუფთა ჯიშის კლასიკური გერმანული ნაგაზი, სახელად მაქსი, განსაკუთრებით ჭკვიანი, კეთილშობილი და კომფორტულია. გულმოდგინედ ვუვლით, პროფესიონალთა რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, მაღალი ხარისხის საკვებით ვკვებავთ.

ზოგადად, გერმანულ ნაგაზს ახასიათებს განსაკუთრებული გონიერება და ინტელექტი. მაქსი რა თვისებებს ამჟღავნებს?

მაქსი სამწლინახევრის, სუფთა ჯიშის ულამაზესი ძაღლია. ზედმიწევნით ჭკვიანი და ინტელექტუალურია. მეტყველი გამოხედვით მაოცებს, თვალებში ეტყობა, რომ ყველაფერი ესმის, ადამიანივით. თუ რამე სურს, აუცილებლად მიგახვედრებს. რა დავალებასაც მისცემ, პირნათლად ასრულებს.
ინტელიგენტური ძაღლია. ოჯახში თავისი ადგილი იცის. სუფრას რომ ვუსხედვართ, არაფრით შეგვაწუხებს. როგორც კი ჭამას ვიწყებ, განმერიდება და დაწვება თავისთვის. ჭამას რომ ვამთავრებ, მხოლოდ მაშინ მოდის. მძაფრი ყნოსვით და ინტუიციით გამოირჩევა, მოვლენებს წინასწარ გრძნობს. საქართველოში მცირე მიწისძვრები რომ ხდებოდა, მაქსი წინასწარ იწყებდა ფორიაქს.

ასეთი ლამაზი და საუცხოო გერმანული ნაგაზი ძაღლების გამოფენაზე გაგყავთ?

რამდენჯერმე გავიყვანე თბილისში, გაიმარჯვა, ჯილდოებიც დაიმსახურა.
ლეკვის აყვანისას, ყურადღება გავამახვილე გენეტიკაზე. მაქსს საუკეთესო გენეტიკა აქვს, ტიტულოვანი წინაპრები ჰყავს. მისი წინაპრების მედლები და დამსახურებები მეც კი მაოცებს.
მაქსი, როგორც ხვადი, ძალიან ფასობს. ძუ ძაღლების პატრონები, შეიძლება ითქვას, რიგში დგანან, რომ, სუფთა სისხლის საუკეთესო ლეკვების მისაღებად, თავიანთი ძაღლები მაქსთან შეაჯვარონ.

დამეთანხმებით, გენეტიკასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული აღზრდა. მაქსის წვრთნა, ალბათ, ლეკვობიდან დაიწყეთ.

დიახ, რა თქმა უნდა. პატარა მოვიყვანე, სპეციალურ სკოლაშიც დამყავდა. მწვრთნელი ავუყვანე. მეც ვავარჯიშებ. მანქანით დამყავს თბილისის ზღვაზე, კუსტბაზე, ლისზე. ერთად დავრბივართ. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილია. ბავშვები უყვარს. ბრძანება თუ არ მიეცი, აგრესია არ აქვს, თვინიერია.
ცუდად გაწვრთნილი ძაღლი ცოდოა და, მეორე მხრივ, საშიშია საზოგადოებისთვის. კარგად გაწვრთნილი ძაღლი კი შენც სიამოვნებას განიჭებს, არც საზოგადოებას უქმნის საფრთხეს და მეტი სიკეთის მოტანაც შეუძლია. კარგ მწვრთნელთან სწავლება უფრო პროდუქტიულია.

პანდემიამდე ხშირად გიწევდათ საზღვარგარეთ საერთაშორისო ჩემპიონატებზე წასვლა, მეტწილად გასული იყავით ქვეყნიდან. მაქსი ხანგრძლივ განშორებას როგორ ეგუებოდა?

ჭკვიანია, ესმის, ეგუება. ჭიშკართან თუ მივდივარ, მასაც უნდა გასვლა, გასეირნება. მომყვება. რომ ვეუბნები, სამსახურში მივდივარ და მალე მოვალ-მეთქი, ნაბიჯსაც არ გადმოდგამს, არ შემაწუხებს. ადამიანივით ესმის.

ძაღლები ადამიანებზე არანაკლებ განიცდიან ოჯახურ ტრაგედიას. მამა რომ გარდაგეცვალათ, მაქსმა ეს განცდა როგორ გამოხატა?

ერთი დღე გაუნძრევლად იწვა ოთახში, სადაც მამა ესვენა. არც საჭმელი ჭამა. ძალიან განიცადა… ნერვიულობისგან ძალიან ცუდად იყო, გახდა, ექიმთანაც მყავდა, ვიტამინები დაუნიშნა. თანდათან მომჯობინდა.

ერთ ინტერვიუში თქვით, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრებიდან თქვენს ხასიათთან ახლოს ყველაზე მეტად ქართული ნაგაზი იყო. რატომ?

ქართული ნაგაზი, ზოგადად, მეცხვარე ჯიშია. ჩემს ნაგაზს ლომა ერქვა, ვაჟკაცური იყო, ქართული ხასიათით. ბრძანებები არ უყვარდა, არც ემორჩილებოდა. მასთან რბილად და დაყვავებით უნდა გესაუბრა. მბრძანებლურ ტონზე რეაგირებდა, შეგიღრენდა. მრისხანება სჩვეოდა, თუმცა ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულს და ერთგულებას ამჟღავნებდა. ულამაზესი იყო.

ბავშვების მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა?

ლომა რომ გვყავდა, მაშინ ჩემი დისშვილები პატარები იყვნენ და ძაღლს მოფერებით აწვალებდნენ, ლამის ცხვირზე კბენდნენ… ეს დიდი და აგრესიული ძაღლი არც კი იმჩნევდა, უჩვეულო მოთმინებას იჩენდა. სტუმარს არ ერჩოდა, მაგრამ არც ახლოს უშვებდა, ბავშვებს არ აკარებდა. გაცნობიერებული ჰქონდა, რომ პატარები უნდა დაეცვა.
სამწუხაროდ, მოგვიკვდა ლომა, როგორც ჩანს, ვიღაცამ მოგვიწამლა – ეტყობა, მისი აგრესიულობის ეშინოდათ… თუმცა, ლომას არავისთვის უკბენია. 5 წლის იყო მაშინ. ძალიან განვიცადე… შემდეგ მაქსი მოვიყვანეთ.

როგორც ვიცი, დღესდღეობით კიდევ ერთი ძაღლი გყავთ, რომელიც ქუჩიდან შეიფარეთ. სად და როგორ იპოვეთ?

ეს 2 თვის წინ მოხდა. ელიას მთაზე მაქსს ვასეირნებდი. იქ ბევრი მაწანწალა ძაღლია, შორიდან გვიყურებენ, მაქსის ეშინიათ, არ გვეკარებიან. იმ დღესაც დავინახეთ, მაწანწალა ძაღლების ხროვა შავ ძაღლს მოსდევდა, ძაღლი ჩვენკენ მორბოდა და შეგვეფარა. მაწანწალა ძაღლები მაქსის დანახვაზე შედრკნენ და დაიწყეს ყეფა. მაქსიც გაიქაჩა. ძაღლებმა უკან დაიხიეს და გაიქცნენ.
მას შემდეგ შავი ძაღლი აღარ მოგვცილებია, სახლამდე გამოგვყვა და ჭიშკართან დაჯდა. ზამთრის ყინვიანი დღეები იყო. შემებრალა და შინ შემოვიყვანე, ვაჭამე, ნაკბენები დავუმუშავე. მეორე დილიდან დავიწყე მოკითხვა უბანში, ვინმეს ძაღლი ხომ არ დაუკარგავს-მეთქი.

რა ჯიშის ძაღლია?

შავია, გულზე თეთრი ნიშით, ლაბრადორს ჰგავს. ეტყობა, სახლში ყოფნას ნაჩვევია. ალბათ ვიღაცას გამოეპარა. ძუ არის, 8-9 თვისა იქნება. მთელი კვირა ვეძებე პატრონი, ვერ ვიპოვე. ამასობაში ძაღლი შემოგვრჩა, მაქსიც შეეჩვია. ჩორნა დავარქვით.

საუბარში თქვით, რომ თქვენს ეზოს კატებიც სტუმრობენ. თქვენი ძაღლები ფისოებს როგორ ეგუებიან?

დიდი ეზო გვაქვს. რამდენიმე კატა მოგვეჩვია. დილა-საღამოს მოდიან, ჭამის დროს. დედაჩემი აპურებს, სახელებიც შეარქვა. მაქსი კატებთან ერთად გაიზარდა და არ ერჩის. ჩორნა კი ვერ იტანს კატებს და ეზოში დასდევს, ერთი გაწამაწიაა. მაქსი ძალიან კეთილშობილი და დამთმობია, ის და ჩორნა ერთი ჯამიდან ჭამენ და მაქსს ამის გამო აგრესია არ აქვს.

მაქსი ფისოებთანაც მეგობრობს?

“რიჟა” კატას დაუმეგობრდა. მაქსი ბოლომდე არ ჭამს საჭმელს, “რიჟას” უტოვებს, ელოდება, მერე დგას და დიდსულოვნად უყურებს, როგორ მიირთმევს კატა მის დატოვებულ საკვებს. საოცარი სანახავია, ვიდეოც გადავუღე.

მართლაცდა უჩვეულოა!

მეტსაც გეტყვით, ეზოში გვიკიდია ზარი, როგორც დეკორაცია. საღამოს, დედაჩემმა თუ დააგვიანა კატების ჭმევა, ერთი კატა იმ ზარს ფეხს ურტყამს, რეკავს და გვატყობინებს, რომ ჭამა დაუგვიანდა. ამას რომ შევესწარი, გაოგნებული დავრჩი. ზარმა ქარის დროს შეიძლება დარეკოს, მაგრამ იმ დღეს ნიავიც კი არ ყოფილა.

საოცარი რამ გვიამბეთ… ზოგადად, ძაღლს და კატას თვისობრივად რით განასხვავებთ?

ძაღლი ჭკვიანია, სოციალური არსებაა. კატას მარტოსულობა სჩვევია, სხვა ფენომენია. მას არ აქვს ის მახასიათებელი, რაც ძაღლს. ძაღლს უანგაროდ უყვარს პატრონი, მისი სოციალური საფეხურის მიუხედავად. მსგავსი სიყვარული და ერთგულება ადამიანებს შორისაც იშვიათია. ძაღლი ბედნიერია შენ გვერდით – თუ კარგად ხარ, ისიც კარგადაა. თუ მოწყენილი ხარ, ისიც მოწყენილია. სახლიდან გაცილებს იმედით, რომ მალე გნახავს და ელოდება, როდის დაბრუნდები. კატას ეს არ ანაღვლებს. ის უბრალოდ ეჩვევა ადგილს, სადაც ცხოვრობს და თავს იმ ადგილის უფროსად მიიჩნევს. კატას უყვარს თავისი კომფორტი პატრონის გვერდით. სახლში კატა არასდროს მყოლია.

როგორც ვიცი, ქუჩის ძაღლებსაც აპურებთ.

უბანში ორი ძაღლი ყოველ დილით ჩვენს ჭიშკართან მოდის და მათაც ვკვებავთ. პატრონი ორივეს ჰყავს, მაგრამ მაინც ჩვენთან მოდიან. მაქსი არც მათ ერჩის.
“პლეხანოვზე”, ჩემს ძველ უბანში, ბევრი მაწანწალა ძაღლია. უმრავლესობას ვიცნობ, აგრესიულები არ არიან. 2-3 ადამიანი სისტემატურად ვკვებავთ. სუპერმარკეტში რომ შევდივარ, სოსისს ვყიდულობ მათთვის, კართან დგანან და მელოდებიან.

ოჯახში ფრინველიც გყოლიათ?

ეზოში დიდ გალიას ვაკეთებ არწივისთვის, ყველანაირი პირობებით. მინდა მართვე მოვიყვანო და გამოვზარდო. საქართველოს ბაზიერთა ფედერაციის გენერალური მდივანიც ვარ. ბაზიერთა ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა კვანტალიანი ჩვენი კარატეს ფედერაციის წევრია. არწივის გაწვრთნაში დამეხმარება.

წლების მანძილზე მსოფლიო მოიარეთ, ძაღლებთან დაკავშირებით სპეციფიკური და საინტერესო რა გახსენდებათ?

ძაღლების მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოშია. ყველაზე მეტად გაწვრთნილი ძაღლები გერმანიაში ვნახე. იქ ძაღლის ყეფის გამო შეიძლება მეზობელმა გიჩივლოს. დიდი ჯარიმაა, ამიტომ ძაღლი ისეა გაწვრთნილი, რომ არც ყეფს. ნამდვილად საოცრებაა.

ძაღლების სიყვარულმა და მათთან ურთიერთობამ რა შეგძინათ, რა შემოიტანა თქვენში?

ბევრი სითბო და სიკეთე მომიტანა. ვუყურებ, როგორც მეგობარს და არა – ცხოველს. მათი უანგარო სიყვარული და თავგანწირვისთვის მზადყოფნა დასაფასებელია. ძაღლთან ურთიერთობა საუკეთესო საშუალებაა, დადებითად დაიმუხტო. დიდ ენერგიას და პოზიტივს გაძლევს. მერე ეს მუხტი მთელი დღე მოგყვება და ცდილობ, სხვებსაც გაუნაწილო. სიკეთე გადამდებია.

სმარტ პეტი

Leave a comment