ინტერვიუ მიშა რამიშვილთან

ცნობილ ადვოკატსა და მუსიკოსს, მიშა რამიშვილს ორი სხვადასხვა ჯიშის ძაღლი ჰყავს: დიდრონი, დინჯი, მძლავრი, მებრძოლი კანე კორსო და პაწია, ცქვიტი, მოუსვენარი მინი ტოი ტერიერი. ეს ორი კონტრასტული არსება ერთად საოცარ ტანდემს ქმნიან. ოჯახის წევრებს ახარებენ, უჩვეულო პოზიტივით ავსებენ და თავგადასავლებსაც არ აკლებენ. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ კანე კორსო განსაკუთრებული ჯიშია – ყველა სხვა ძაღლისგან განსხვავებული, ადამიანივითაა და მას როგორც ძაღლს, ვერ მოეპყრობი. მისი კანე კორსო, სახელად ბუჩი, განსაცვიფრებელ თვისებებს ავლენს.

იშვიათი ფერის კანე კორსო გყავთ. გვიამბეთ მასზე, როგორ ხასიათს ამჟღავნებს?

– 2013 წელს მოვიყვანე, ხვადია. ამ ჯიშის ძაღლები მეტწილად არიან შავი ან ვეფხისებრი. ბუჩი კი რუხი, “სველი ასფალტის” ფერია. მართლაცდა იშვიათი ფერისაა. სხვა თანამოძმეების მსგავსად, გულზე თეთრი ნიშა აქვს. ძალიან ლამაზი, მასიური, ფანტასტიკური ძაღლია. უაღრესად ერთგული და ჭკვიანია. დიდი მნიშვნელობა აქვს ლეკვობიდან სწორ და თანმიმდევრულ აღზრდას. სიტყვა “კანე კორსო” კარის მცველს ნიშნავს. ეს ჯიში უძველესია და სახელს ამართლებს. სადაც არ უნდა გახვიდე, შენ გვერდითაა, პირადი მცველივით თან დაგყვება. სტუმარს კარგად ხვდება, აგრესიას არ ამჟღავნებს, თუმცა თვალსაც არ აცილებს. სადაც სტუმარი მოთავსდება, ფეხებთან დაუჯდება და ფხიზლად ადევნებს თვალყურს. 

ამით ოჯახის წევრებს იცავს სავარაუდო საფრთხისგან?

– დიახ, რა თქმა უნდა. დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის წევრებს და მათ უსაფრთხოებას. თუ ოჯახში არ ვარ, იცის, რომ უნდა შემცვალოს, როგორც ოჯახის უფროსი. ბავშვების მოყვარულია. უმწეო არსებებს იცავს. 

ეს ისტორიული ჯიშია, მეომარია, თავის დროზე გლადიატორადაც იყო ბრძოლებში. ყოფით ცხოვრებაში აგრესიას არ ამჟღავნებს, თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ სწორ აღზრდას აქვს არსებითი მნიშვნელობა. 

ბუჩი სხვა ცხოველების მიმართ რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს?

– ხომ იცით, ძაღლი და კატა ერთმანეთს ვერ ეგუებიან. ბუჩი კი ისე დამეგობრდა ქუჩის კატასთან, მსგავსი რა ადამიანებშიც იშვიათია. ერთხელ, სტადიონზე ვასეირნებდი ეზოში. ამ დროს კატა შემოვარდა სტადიონზე, ორი ძაღლი მოსდევდა. ბუჩი, კატის დასაცავად, ძაღლებს გადაუდგა. ისეთი მასიურია და შემართული დგომი აქვს, რომ მეტოქეს დააფრთხობს. ძაღლებმა ვერც კი გაბედეს შემოსვლა. კატა ბუჩის უკან დაიმალა. საოცარი სცენა იყო, განცვიფრებული დავრჩი. 

თურმე მაშინ კატა ორსულად ყოფილა, მოგვიანებით კნუტები დაყარა… იმ შემთხვევის შემდეგ, ბუჩი რომ ჩამყავს ეზოში, გამოვარდება ის კატა, გაუწვება, გაკოტრიალდება. ერთად სეირნობენ და თამაშობენ. 

მებრძოლ ძაღლს ენერგიის დასახარჯად ალბათ ხანგრძლივი სეირნობა და რბენაც დასჭირდება.

– საჭიროა მაქსიმალურად დახარჯოს ენერგია. ბოლოხანს გრაფიკის მხრივ ცოტა შევიზღუდე, თუმცა იპოდრომზე ყოველთვის ვარბენინებ, მინიმუმი 1 საათი.

ლეკვობის ასაკიდან გაზარდეთ?

– ბუჩი 3 თვისა წამოვიყვანე, 5 თვიდან კი შევუდექი წვრთნას, საუკეთესო მწვრთნელთან გავიარე კონსულტაციები. ორი მეთოდია: 1. მწვრთნელმა დამოუკიდებლად გაწვრთნას ლეკვი და მერე პატრონს რჩევები მოგცეს, 2. ძაღლის პატრონმა გაწვრთნას ლეკვი, მწვრთნელის რეკომენდაციებით. მეორე ვარიანტი ავირჩიე, მსურდა თავად გამეკეთებინა ყველაფერი მწვრთნელის მითითებებით. შესაბამისად, ბევრი საინტერესო მეთოდი ვისწავლე. 

ბუჩი ოჯახში როგორ იქცევა?

– დინჯია, არ ყეფს. შინ რომ შემოვდივარ, მაშინ გამოხატავს ემოციას. ოჯახში პატრონად და ლიდერად აღმიქვამს. ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე. ჩემს ბიჭს ვეთამაშებოდი (ლუკა პატარა იყო მაშინ), ვითომ ვჭიდაობდით, ცოტა უხეშად მოვეპყარი ბავშვს. 

იცით, ბუჩიმ რა ქნა? ბავშვს გადმოახტა და ხელში ჩამავლო. არ მიკბინა, თუმცა მატკინა. რომ გავუბრაზდი, ბავშვის გვერდით დაჯდა, თავი ჩახარა და ისეთი თვალებით ამომხედა, თითქოს მეუბნებოდა – კარგი რა, არ გრცხვენია, ბავშვს რას ერჩიო!

მისი გასეირნებისას თავგადასავლებიც გექნებათ.

– ეზოში ერთ ძაღლთან ბუჩის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მერე ის ძაღლი ცუდად მოიქცა და მტრები გახდნენ. ერთ დღეს ბუჩი ეზოში ჩავიყვანე, მეგობარს ვესაუბრებოდი. ამ დროს გამოიარა იმ ძაღლმა პატრონთან ერთად. ბუჩიმ აიწყვიტა და მთელი შემართებით მეტოქეს დაეტაკა. მოკლავდა, რომ არ ჩავრეულიყავი, ახრჩობდა იმ ძაღლს. ვერ ვაკავებდი. პირში ხელი ჩავუდე, მან კი ყბა ჩამარჭო და ხელი გამიხვრიტა. როცა გამოერკვა, მიხვდა, რომ მე ვიყავი და გამიშვა. სისხლი წამომივიდა. ბუჩი ჩემს მეუღლეს გავაყოლე სახლში და ექიმთან წავედი გადასახვევად. რომ დავბრუნდი, ბუჩი კართან იდგა. ხელი მივუტანე სახესთან, ეს რა არის-მეთქი. შემომხედა და ოთახში გაიქცა. შევედი, კარის უკან იწვა, თავზე თათები ჰქონდა გადაფარებული, მიხვდა, რომ ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა და სინანული ასე გამოხატა. 

მართლაცდა ადამიანური ყოფილა. ამბობთ, რომ მღერის კიდეც.

– საოცრად მღერის. გიტარაზე რომ ვუკრავ და სიმღერას ვიწყებ, ისიც ჩემთან დგება და მღერის. არ არსებობს, მუსიკა მოისმინოს და ხმით არ აჰყვეს თავისებურად.

ასეთი ლამაზი და საუცხოო ძაღლი გამოფენებზე რატომ არ გაგყავთ?

– წლების წინ გამყავდა, ორ გამოფენაზე პირველი ადგილიც აიღო… მაგრამ, მართალი გითხრათ, არ მომეწონა იქაური სიტუაცია, არასამართლიანად მიმდინარეობდა ბევრ საკითხში, არ იყო ჩამოყალიბებული და დახვეწილი. მერე ჩავთვალე, რომ ბუჩის გაყვანა დიდ საჭიროებას არ წარმოადგენდა. თან გამოფენაზე გასაყვანად ძაღლს სპეციალური მომზადება სჭირდება. დროც აღარ მქონდა.

თქვენს მამას, ბატონ ოთარ რამიშვილსაც ჰყვარებია ძაღლები. რას გაიხსენებთ?

– მამაჩემს ჰყავდა ძაღლები. ბავშვი რომ ვიყავი, ერთხელ ნაგაზი მომიყვანა, ერთხელ – დობერმანი, მონადირე ძაღლიც ჰყავდა, თუმცა მამას ნადირობა არ უყვარდა.

იმ ძაღლებს რომ ვადარებ, კანე კორსო სულ სხვაგვარია. ადამიანივით არის, მეც ისე ვექცევი, როგორც ადამიანს.

ძაღლების სიყვარულმა რა მოგიტანათ, თქვენში რა შეცვალა?

– ეს ძაღლი რომ მყავს, შვილის დამსახურებაა. ჩემმა გოგომ, ლიზამ მთხოვა, სკოლას რომ ამთავრებდა: მამა, მომიყვანე ძაღლი, მე მოვუვლიო. მაშინ ახალი შემოსული იყო კანე კორსოები, ეს ჯიში უნდოდა. სურვილი შევუსრულე, თუმცა ისე მოხდა, რომ თვითონ საზღვარგარეთ მოუწია სწავლის დაწყება, ლეკვი კი ჩემი გასაზრდელი გახდა. 

იმდენი პოზიტივი მივიღე ბუჩისგან! სხვა გრაფიკი შემიქმნა, სხვაგვარი სიყვარული და პასუხისმგებლობა მომიტანა. ბავშვივით სჭირდება დილიდან ზრუნვა. რომ ვასეირნებ, ჩემი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, ვარჯიშია. 

ჩემს ბიჭს, ლუკას, პატარაობისას, ცოტა ეშინოდა კანე კორსოსი, სიმძლავრის და სიდიდის გამო, მერე მიეჩვია და ისეთი პასუხისმგებლობა გაუჩნდა, რომ თითქმის ყოველდღე ჩემთან ერთად ასეირნებდა. 

ბუჩი აგარაკზეც დამყავს, იქაც ძალიან მოსწონს. საოცრად კეთილშობილურ განწყობას და პოზიტივს გჩუქნის ადამიანს. ეს არის არსება, რომელიც ვერ გელაპარაკება, მაგრამ თვალებში რომ უყურებ, შენი ყველაფერი ესმის. ერთი შეხედვით და ხელის გაქნევითაც ხვდება, უნდა წავიდეს თუ უნდა მოვიდეს. 

ქუჩაში რომ გაგყავთ, მოქალაქეები მის მიმართ შიშს არ გამოხატავენ? კანე კორსოს ხომბასკერვილების ძაღლსაცეძახიან.

– ზოგი დანახვისთანავე გარბის, არ მიკბინოსო. თუმცა ბევრი მოსულა და უთხოვია – თუ შეიძლება, მოვეფეროო. ზოგჯერ მშობელი მოდის შვილთან ერთად და მეკითხება: “შეიძლება, ბავშვს მოვაფერებინო?” რა თქმა უნდა, ვთანხმდები და ვუხსნი, რომ ბუჩი არ უკბენს. თავადაც მინდა, რომ ბუჩი  პატარა ბავშვებს მივაჩვიო. გასათვალისწინებელია, რომ თუ ადამიანს ძაღლის მიმართ შიში და აგრესია გაუჩნდება, შეიძლება მან ძაღლშიც ზიზღი და აგრესია გამოიწვიოს. 

ბავშვი თუ მორბის ბუჩის მოსაფერებლად, მშობელს ვეუბნები, ნუ ნერვიულობთ-მეთქი. ბავშვი რომ მიუახლოვდება, ბუჩი დაჯდება და ადგილიდან არ იძვრის. ბავშვი ხან ცხვირზე მოუჭერს ხელს, ხან ყურს ჩამოქაჩავს, ეს კი ხმას არ იღებს, ზის უდრტვინველად. მერე ჩაეხუტება ბავშვი, ზურგზეც შეახტება… მშობელი კი ბედნიერი უყურებს. 

მშობლებს ვურჩევს, რომ მიაჩვიონ ბავშვი დიდტანიან ძაღლთან ურთიერთობას – ეს ორივესთვის კარგია, როგორც ბავშვისთვის, ისე ძაღლისთვის. დადებითი ემოციებით მუხტავს. 

კანე კორსოს ჯიში უჩვეულოდ მძაფრი ინტუიციით გამოირჩევა, ადამიანის უარყოფით განზრახვასაც გრძნობს. ბუჩიმ თუ გამოავლინა კონკრეტულ შემთხვევაში ინტუიცია?

– ბუჩი არის უნიკალური, საიმედო მცველი ძაღლი. სტუმარს ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ ვაი მას, ვინც ცუდი განზრახვით შემოვა. ადამიანს შუბლზე არ აწერია განზრახვა და განწყობა.

ჩემი პროფესიის გამო ბევრ ადამიანთან მიწევს შეხვედრა როგორც სამსახურში, ისე სახლშიც. ერთხელ, სახლში უცხო ადამიანი მესტუმრა საქმეზე სასაუბროდ. ბუჩი ჩვენ შორის დაჯდა და თვალს არ აცილებდა. როგორც კი კაცი ადგა და წასვლა დააპირა, ბუჩიმ შეუღრინა. სტუმარს ვუთხარი, დაბრძანდით-მეთქი. კვლავ რომ დააპირა წასვლა, ბუჩიმ ისევ დაუღრინა. მივხვდი, რომ ჩემი ბრძანების გარეშე არ გაუშვებდა, და ვუთხარი – ბუჩი, მოდი ჩემთან, გაუშვი-მეთქი.

იგივე გააკეთა ჩემს სამსახურში სხვა პიროვნებასთან მიმართებაში. 

გაირკვა, რომ ეს ადამიანები არაკეთილი განზრახვით იყვნენ?

– სხვა პიროვნებები აღმოჩნდნენ. თავიდან ვერ მივხვდი, ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა… ბუჩი ყველა მომსვლელს კარგად ხვდებოდა, იმ ორის გარდა. 

თქვენს ციცქნა ძაღლზეც, მინი ტოი ტერიერზე გვიამბეთ. როგორ იგუა ოჯახში მასთან შედარებით გოლიათი კანე კორსო?

– მინი ტოი ტერიერი ჩემმა გოგომ მოიყვანა, დივა ჰქვია. უკვე გვყავდა კანე კორსო, რომელიც სახლის პატრონად გრძნობდა თავს. ამ პატარა ქალბატონმა ძაღლმა კი ისეთ დღეში ჩააგდო ბუჩი, მისი ყველა ტერიტორია დაისაკუთრა. ერთი არ შეუღრენია დიდს. სადაც ის პატარაა, ბუჩი თუ შედის, პატარა იწყებს ღრენას, დიდი მყისვე ტოვებს ტერიტორიას. ამხელა ძაღლზე ბატონობს. 

ალბათ ბუჩი უთმენს და უთმობს, როგორც პატარას.

– ორივეს ერთად რომ ვასეირნებ, მოსახლეობა განცვიფრებული უყურებს. პატარა სულ უყეფს დიდს. ბუჩი კი ხმას არ სცემს და ისე უყურებს, თითქოს ეუბნება – რა გინდა, შვილო, რას გადამეკიდეო.

დივა სულ ლოგინზე ხტება. ბუჩი კი არ არსებობს, ლოგინზე ამოვიდეს. ჭამაა თუ გასეირნება, პატარა პირველი გარბის. ბუჩი კი სულ უთმობს. როგორც არ უნდა ცუდად მოექცეს პატარა, ბუჩი მის საქციელზე არ რეაგირებს.

საინტერესო წყვილია

– პატარა სულ ყეფს… როცა ორივეს ვასეირნებ და უცებ დიდი ძაღლი გამოჩნდება, პატარა იწყებს ყეფას და თან ბუჩის უკან დგება, მის იმედზეა, აბა ვინმე მომეკაროთო… ბუჩის სახით ფარი და ხმალი ჰყავს. მართლაც საინტერესო წყვილია. ბუჩი ლომივითაა, ეს პატარა კი თითისტოლაა, არც ჩანს, ქუჩაში რომ მიმყავს.

სმარტ პეტი

Leave a comment