მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი ცხოველთა სამყაროს მოყვარული და ქომაგია, ხშირად მათი უფლებების დამცველი განცხადებებითაც გამოდის. თბილისში, კერძო სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს 6 ოთხფეხა მეგობარი, რომელთაც ოჯახის წევრებად აღიქვამს. შესაბამისად ცდილობს, ყოველგვარი კომფორტი შეუქმნას. სწამს, რომ ცხოველთა მიმართ სიყვარული ადამიანებს ჰუმანურს ხდის. შვილებსაც ამ შთაგონებით ზრდის. ოთხფეხა ბინადრების სიყვარული თავადაც ბავშვობიდან მოსდგამს, ცხოველთა დაცვა და მათზე ზრუნვა მისთვის ადამიანობის, ღირსების საკითხია – არაერთი მათგანი გადაურჩენია განსაცდელს, სიკვდილს. სურვილს გამოთქვამს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგოს ევროპული გამოცდილება ცხოველებთან მიმართებაში.
12 წელი განუყრელად ჰყავდა პატარა ცუგა, ლამაზი და ჭკვიანი იორკშირული ტერიერი, სახელად სისი, რომელიც მსოფლიოს მოატარა. თავის გრანდიოზულ, ვარსკვლავურ ქორწილშიც თან ჰყავდა, პატარძალს ცეკვის დროს პატარა სისი საბელით ეჭირა ხელში. მისი სიკვდილი უზომოდ განიცადა… საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.
თამარ ივერი:
– სისი განსაკუთრებით მიყვარდა, დამცინოდნენ, ბრელოკივით და მობილურივით თან დაატარებო. თვითმფრინავში ჩანთაში მეჯდა, ნიუ-იორკისკენ 7-9 საათიან ფრენებს უპრეტენზიოდ იტანდა. საოცრად კეთილი, უწყინარი, მომთმენი ძაღლი იყო. ცდილობდა, ჩემთვის კომფორტი შეექმნა, ძილი არ დაეფრთხო და არ ეხმაურა. რეპეტიციაზე რომ მივდიოდი, საათობით ვტოვებდი შინ და არაფერს აშავებდა. მისი სიკვდილი მძიმედ გადავიტანე, დღემდე უცრემლოდ ვერ ვიხსენებ. სულის ნაწილივით მყავდა. მისი სახელი დავარქვი ჩემს ახალ ცუგასაც. ეს ბივერ იორკი 2 წელია მყავს. ძალიან საყვარელია, სულ თან დამყვება, დედიკოსავით მეწებება, უნდა, ჩემს გარემოცვაში იყოს. ზოგადად, ეს ჯიშები გამოირჩევიან ამტანობით და კომფორტული ხასიათით. შეუძლიათ კოლომეტრები იარონ შენთან ერთად ისე, რომ დაღლა არ შეეტყოთ, საათობით იფრინონ და ჩანთაში გეჯდნენ ისე, რომ იქ არ მოშარდონ და მოისაქმონ. არ მახსოვს შემთხვევა, ლეკვობისას რამე დაეგლიჯოთ. ურჩევნიათ, თვალებში მოჩერებულებულები იყონ შენთან ერთად, ვიდრე სათამაშოებით გაერთონ.
– თქვენს სხვა ოთხფეხა ბინადრებზეც გვიამბეთ, როგორც ჩანს, თქვენი სახლი მათთვის საიმედო ნავთსაყუდელია.
– ამჟამად მყავს 6 ოთხფეხა მეგობარი: ორი ძაღლი – გერმანული ნაგაზი და ბივერ იორკი, ოთხი ფისო – სიამის კატა, ბრიტანული კატა და ორი მეტისი. გერმანული ნაგაზის ლეკვი მაჩუქეს, როი ჰქვია. ახლა 5 თვისაა. ეზოში საჭირო პირობები მოვუწყვეთ. დანარჩენი ბინადრები სახლში გვყავს. სიამის კატას დავარქვით ჯინა, მეტის ფისოებს – ფუცი და პელე. მეტისი ფისოები ქუჩიდან ავიყვანე: ერთი ტრასასთან დარბოდა და სიკვდილის საშიშროება იყო, მეორე გაჭირვებას გადავარჩინე. ბრიტანული კატა ახლახან მაჩუქეს, უზარმაზარია. ჩემს ძაღლებს გაურბის… ფისოებთან კარგადაა, თუმცა სულ იმალება. საჭმელი რომ იჭმება, იმით ვხვდები, რომ სახლში კატაა. ვიტო დავარქვი. ისე, კორლეონივითაა. (იცინის)
ადრეც მყოლია სხვადასხვა ჯიშის ცხოველები. თუ ვხედავ, რომ ცხოველი სახლში თავს უცხოსხეულად გრძნობს, გარემოს ვერ ითავისებს, აგრესიულია ოჯახში ბავშვების ან სხვა ბინადრების მიმართ, ვცდილობ, კარგ ადამიანებს ვაჩუქო. გაშვილების შემდეგაც არ ვტოვებ უყურადღებოდ, ზოგჯერ ვეწვევი კიდეც, რომ დავრწმუნდე, რამდენად კარგად გრძნობენ თავს იმ გარემოში. მხოლოდ ჩემს კომფორტზე არ ვფიქრობ, ასევე ვფიქრობ მათ კომფორტზე.
– თქვენი ოთხფეხა ბინადრები – ძაღლები და კატები რამდენად მეგობრობენ?
– ჯერჯერობით სახლის ბინადრები იზოლირებული გვყავს, გერმანულმა ნაგაზმა რამე რომ არ დაუშავოს. როი ინტერესს იჩენს, სურს მათი გაცნობა, ალბათ მეგობრობაც, მაგრამ კატები ბრჭყალებს აჩენენ. ვშიშობ, ნაგაზს არ განუვითარდეს მათ მიმართ აგრესია. ამიტომ განცალკევებით გვყავს. არც სისის ვუშვებთ ეზოში დამოუკიდებლად, პატარაა და ვფრთხილობთ, რამე არ დაიზიანოს.
კატები სისისთან მეგობრობენ, ამ წერტილივით არსებაში პოტენციურ მტერს ვერ ხედავენ. ამიტომ არაფერს ერჩიან. ზოგჯერ საჭმელს უჭამენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯამებს სხვადასხვა ადგილას ვდებ.
– გერმანული ნაგაზი უჭკვიანესი ჯიშია. ალბათ მის წვრთნაზეც ზრუნავთ.
– გერმანული ნაგაზს აუცილებლად სჭირდება გაწვრთნა. სისი თუ არ გაიწვრთნება, არაფერი დაშავდება, მაინც უწყინარი იქნება, მაგრამ გერმანულმა ნაგაზმა წვრთნის გარეშე შეიძლება საშიში თვისებები შეიძინოს, ძალიან აგრესიული გახდეს, ეზოში შემოსულ სტუმარს დაეტაკოს და ა. შ. როგორც კინოლოგებმა მითხრეს, გერმანული ნაგაზი, კავკასიურისგან განსხვავებით, ძალიან კარგად იწვრთნება. ის არის თეთრი ფურცელივით – რასაც დასწერ, იმას აკეთებს. კავკასიურ ნაგაზს კი აქვს თანდაყოლილი ხასიათი, რაღაც დონეზე ჭკუა, ინტელექტი და პრაქტიკულად წვრთნას არ ემორჩილება. შეიძლება პატრონის ბრძანებას არ დაემორჩილოს და თავისი ჭკუით იმოქმედოს. გერმანული ნაგაზი კი თურმე მწვრთნელის რჩევებს ითავისებს და პატრონს ბრმად მიჰყვება. როის წვრთნით ჩემი მეუღლეა დაკავებული.
– თქვენმა შვილებმა რა თვისებები შეიძინეს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობით?
– ჩემი ტყუპები 5 წლის არიან. ადამიანს თუ ცხოველი უყვარს, ვფიქრობ, ბოლომდე ცუდს არ ჩაიდენს ცხოვრებაში. შვილებს ჩავაგონებ, რომ ცხოველები არიან ძალიან საყვარელი არსებები, როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ, ისე არ უნდა მოექცე მათ, არ უნდა ატკინო. მიხარია, რომ ისინი ცხოველების მოყვარულ ადამიანებად ყალიბდებიან.
ჩემი ბავშვობიდან მახსენდება ეპიზოდი: მესამე სართულის აივნიდან დავინახე – ვიღაც ბავშვმა კნუტი დასვა შუა ტრასაზე, თვითონ გზის იქით გადავიდა და სიამოვნებით უყურებდა, როდის გამოივლიდა მანქანა, რომ კნუტისთვის გადაევლო. ვუყვირე ბავშვს, ახლავე გამოიყვანე კნუტი, თორემ პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი. შეეშინდა, ხელი დაავლო კნუტს და გადმოიყვანა. ასეთად როგორ უნდა აღზარდო შვილი, არ მესმის! ზოგი ამას ცალკეული ბავშვის მავნებლურ ბუნებას მიაწერს, მაგრამ, ჩემი აზრით, მეტწილად აღზრდაზეა დამოკიდებული. ოჯახში თუ გყავს ცხოველი და შვილს ასწავლი – უყვარდეს, ცუდი არ გაუკეთოს, არ დაჩაგროს, ბავშვი მას აღარაფერს ავნებს. ხოლო თუ ბავშვი უყურებს, მშობელი აქანდაზით როგორ ყრის კნუტებს ნაგავში, შეიძლება თვითონ უარესი გააკეთოს, ხომ? ვფიქრობ, ეს ოჯახიდან მოდის.
– ოთხფეხა ბინადრების სიყვარული თავად ოჯახიდან მოგყვებათ?
ბავშვობაში გყავდათ შინაური ცხოველები?
– იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. ეზოში გვყავდა ძაღლი, რომელსაც ვუვლიდით. დედაჩემს ძალიან უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით კატები. სულ მოჰყავდა სახლში. წიწილებიც გვყოლია. მამას არ უყვარდა კატები, მაგრამ დედას ხათრით იტანდა. ჩემს ბავშვობაში მეტწილად დიდტანიანი ძაღლები იყო, ბინაში ვერ იყოლიებდი, შინ ვერ მოგვყავდა, თუმცა ქუჩის ძაღლებს სულ ვაპურებდით.
– რა შეგძინათ ცხოველების სიყვარულმა?
– “რაც უფრო ახლოს გავიცანი ადამიანები, მით მეტად შემიყვარდა ცხოველები,” – ეს გამოთქმა გავაცნობიერე და სრულიად ვეთანხმები. შინაურ ცხოველს უყვარხარ გულწრფელად და არა შენი საზოგადოებრივი ან ფინანსური მდგომარეობის გამო. უყვარხარ იმიტომ, რომ შენში ხედავს მშობლიურ გრძნობას. მსგავსი გულწრფელი და ერთგული დამოკიდებულება იშვიათია ადამიანებს შორის.
– სოციალურ ქსელში სტატუსებით ხშირად ეხმიანებით ცხოველთა დაცვის თემას.
– ზამთარში თბილისში, საკრებულოს წინ, ცხოველთა დამცველების შეკრება გაიმართა. სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მივედი. ჩემი კარიერის დასაწყისში შეძენილი მაქვს ნატურალური ბეწვის ქურქები, თუმცა იმ შეკრებაზე საგანგებოდ ჩავიცვი შავი ხელოვნური ბეწვის ქურქი. მიტინგი ტელევიზიამ გააშუქა. მეორე დღიდან წამოვიდა აგრესიის ტალღა ხალხისგან – უსირცხვილო თამარ ივერი ბეწვის ქურქში გამოწყობილი მივიდა ცხოველთა დაცვის მიტინგზე, სიტყვაც წარმოთქვა და ინტერვიუც მისცაო. ფეისბუქის პოსტში განვმარტე, რომ ეს იყო ხელოვნური ქურქი, რომელიც საგანგებოდ ჩავიცვი მიტინგზე, თუმცა მაინც არ დაიჯერეს, სიცრუედ ჩამითვალეს. იძულებული გავხდი, ის შავი ქურქი მიმეტანა ტელევიზიაში და მეჩვენებინა გადაცემის წამყვანებისთვის, რომ ხელოვნური ბეწვი იყო, მათაც დაადასტურეს. სამწუხაროდ, ის განწყობა ჩემ მიმართ დღემდე მუსირებს. თუ რამეს დავწერ ფეისბუქზე ცხოველთა დასაცავად, გამოხტება ვიღაც მწვავე რეპლიკით – შენ რომ მართლა ცხოველთა ბედი გაღელვებდეს, იმ მიტინგზე ბეწვის ქურქით არ მიხვიდოდიო.
– ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში რატომ არ წევრიანდებით?
– საკუთარ თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. ჩემი აზრით, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში რომ გავწევრიანდე, უნდა ვიყო ვეგეტარიანელი. ხორცი არ მიყვარს და არც ვამზადებ, თუმცა ათასში ერთხელ ხინკალსა და მწვადზე უარს ვერ ვამბობ. არც იქ გაწევრიანებული ყველა ადამიანია ვეგეტარიანელები. ცხოველთა დაცვის მიტინგზე მოსულ ადამიანებს ეცვათ ტყავის ქურთუკები და ფეხსაცმელები, ტყავის ჩანთებიც ეკავათ, მაგრამ რატომღაც ჩემი გამოჩნდა ცუდად, მე მესროლეს ლაფი.
– მსოფლიოს უამრავი ქვეყანა მოიარეთ, საქართველოსგან განსხვავებით იქ რა სიტუაციაა მაგ მხრივ?
– ევროპაში თანდათან წამოვიდა ტენდენცია, რომ ბეწვის ქურქის ტარება ცუდ ტონად ითვლება, განსაკუთრებით გერმანიაში, ინგლისში… ნატურალური ბეწვის ქურქებს ასაკოვანი ქალბატონები იცვამენ, ახალგაზრდები ერიდებიან.
ევროპაში ცხოველს ჰუმანური წესით კლავენ. შუბლზე ადებენ ელექტრონს, ამით აბრუებენ და თიშავენ, რომ მან ვერ გაიგოს ტკივილი. მერე კლავენ. საქართველოში ასე არ ხდება. ბავშვობაში, სოფელში ვნახე საშინელება, როგორ ურტყამდა 5 კაცი ცოცხალ ძროხას ნაჯახს – ეს არის მარაზმი!
ცხოველის გატყავებაც ბეწვის ქურქისთვის ზოგადად ვანდალური წესით ხდება. ადრე მეგონა, მკვდარ ცხოველს ატყავებდნენ. ცხოველი რომ კვდება, თუ დროზე არ გაატყავე, თურმე მისი ბეწვი უხეშდება. ამიტომ ცხოველებს, გაბრუებულ მდგომარეობაში, ცოცხლად ატყავებენ, იმისთვის, რომ მიიღონ ქურქი. რაც ეს გავიგე, მას შემდეგ უარი ვთქვი ბეწვის ქურქის ტარებაზე, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, დიდ თოვლსა და ყინვაში ვიცვამ.
– ამგვარი მეთოდით ქურქისთვის ცხოველის გატყავების შესახებ ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. ეს საიდან შეიტყვეთ?
– ავსტრიის დედაქალაქ ვენის ცენტრში დგას ცხოველთა დამცველების დიდი ეკრანი, სადაც დოკუმენტურად აჩვენებენ, რა სასაკლაოს უწყობენ ცხოველებს, რომ ბეწვი მიიღონ, რა პირობებში ამყოფებენ და რისი გადატანა უწევთ განწირულებს. სასურველია, ეს ინფორმაცია ქართველი ხალხისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს, კადრები უჩვენონ და ჩვენი მოსახლეობის შეგნება აამაღლონ. სამწუხაროდ, აღარც ცხოველებზე გვაქვს გადაცემები, აღარც საბავშვო… სულ – პოლიტიკური… უბადრუკი გახდა ჩვენი ტელევიზია. კარგი იქნება, ცხოველთა დამცველებმა ცენტრალურ ადგილებში, თუნდაც მოლებში, დადგან ეკრანები, და აჩვენონ, რაც ხდება რეალურად. ევროპაში ამ მხრივ მოქალაქეთა შეგნება და მენტალიტეტი გაიზარდა.
– საქართველოში ევროპასთან შედარებით ცხოველებთან ურთიერთობის კულტურა რამდენად დაბალია?
– საკმაოდ დაბალია. იქ, ჩვენგან განსხვავებით, ბავშვის გასართობად არ აჰყავთ ძაღლი. ცდილობენ, ოთხფეხა მეგობრებს საუკეთესო პირობები შეუქმნან, მაღალხარისხიანი საკვები აჭამონ, ფუმფულა საგნები და აქსესუარები უყიდონ. მათ ოჯახის წევრებად თვლიან და სათანადო პირობებსაც უქმნიან. საქართველოში, სამწუხაროდ, ეს კულტურა რამდენადმე დაბალია. აქ შეიძლება ბავშვის გასართობად აიყვანონ ძაღლი და შემდეგ გარეთაც გამოაგდონ.
კერძო დასახლებაში ვცხოვრობ და გული მტკივა, ზოგიერთ მოსახლეს რა პირობებში ჰყავს ძაღლი ეზოში, 1 მეტრიან ჯაჭვზე ჰყავთ მიბმული, ისე, რომ საბრალო პირუტყვი დაჯდომასაც ვერ ახერხებს, წყალიც კი არ უდგას. მათი საცოდაობით ვკვდები… ეს მფლობელის მხრიდან ამორალური საქციელია. ერთ დღესაც ჩავივლი და აღარ მხვდება ძაღლი – ალბათ მოკვდა შიმშილით ან ავადმყოფობით. ერთი-ორ მეპატრონეს დავემუქრე კიდეც, ცხოველთა დამცველებს დაგაყენებთ-მეთქი. თუ ვერ უვლიან, ძაღლი არ უნდა იყოლიონ.
ჩემს გერმანულ ნაგაზს ეზოში ძვირფასი სახლი დავუდგით, შიგ ხალიჩა დავუფინეთ მოსათბობად. მხოლოდ სახლში ვერ შემოგვყავს. ნაგაზი ეზოს ძაღლია და ბინას თუ მიაჩვევ, ეზოში ყოფნა აღარ მოუნდება. როგორც კინოლოგმა მითხრა, ავჩარკას უნდა ჰქონდეს ეზოს ტემპერატურა, ბინაში მისი ორგანიზმი თბება და გარეთ რომ გავა, შეიძლება ფილტვების ანთება დაემართოს.
– რითი კვებავთ?
– მაღალი კლასის, პრემიუმ და სუპერ პრემიუმ, სპეციალიზებულ საკვებს ვაძლევ, დროდადრო შვრიას, ხაჭოს და მაწონსაც ვუმატებ, საღრღნელად ძვლებსაც ვყიდულობ და ვუხარშავ. ვცდილობ, ჯანსაღი კვება ჰქონდეს. ცუდი კვებით ძაღლს 3-4 წელიწადში კუჭის პრობლემები დაეწყება და მერე მისი მოვლა ათმაგი დაჯდება.
ფისოებსაც მაღალი ხარისხის სპეციალიზებულ საკვებს ვაძლევ, ზოგჯერ იაფფასიანსაც ვურევ, თორემ “გავიყიდებოდი”. ჩემი კატები იმდენს ჭამენ, რომ დღეში 1 კილო არ ჰყოფნით. 1 კილო საჭმელი 18 ლარი ღირს.
გამოვთქვამ სურვილს, თბილისშიც გაიხსნას ცხოველებისთვის ისეთი დიდი მაღაზიები, როგორიც უცხოეთშია. იქ არის მათი ტანსაცმლის, აქსესუარების, ალიკაპების დიდი არჩევანი, 10-15 დასახელების ბრენდული საკვები – პრემიუმ და სუპერ პრემიუმ კლასის. სასურველია საქართველოშიც გვქონდეს ასეთი არჩევანი. ზოგიერთი იაფფასიანი, დაბალი ხარისხის საკვებით ფაქტობრივად წამლავ ცხოველს. ეს გასათვალისწინებელია.
Leave a comment