არჩილ სოლოღაშვილის საუცხოო ძაღლი-პოზიტივი

არჩილ სოლოღაშვილის საუცხოო ძაღლი-პოზიტივი

საშუალო ზომის, საშუალო ენერგიის, დიდი გულით – ასე ახასიათებენ ინგლისურ ბულდოგს სპეციალისტები. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლი არამხოლოდ ბრიტანელთა საყვარელი ჯიშია. ის ჩვენი პლანეტის მრავალი ცნობილი ადამიანის – სპორტის, კინოსა თუ მუსიკის ვარსკვლავის ფავორიტად ითვლება.

ინგლისური ბულდოგის გამოხედვა ნუ დაგაბნევთ! ერთი შეხედვით შეიძლება პირქუში, სევდიანი და უკმაყოფილოც ჩანდეს, თუმცა ძალიან კეთილი, ლაღი და პოზიტიურია. არ სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა. სითბოსა და კომფორტის მოყვარული ეს ოთხფეხა ბინადარი პატრონისთვის საუკეთესო მეგობარი და კომპანიონია.

ცნობილ მსახიობსა და ტელეწამყვანს, არჩილ სოლოღაშვილს, ამ ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი ჰყავს. საუცხოო ინგლისური ბულდოგი, სახელად ლილიკო, წელიწადზე მეტია მისი ოჯახის ბინადარია. ეს, თეთრი ფერის, საყვარელი არსება მის ლამაზ კერას მეტი პოზიტივით ავსებს. მაყურებელმა უკვე გაიცნო ტელეეთერიდან.

როგორ მოხვდა ოთხფეხა მეგობარი ცნობილი ქართველი წყვილის ოჯახში და რა როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში, ამ თემაზე სმარტ პეტს არჩილ სოლოღაშვილი ესაუბრა.

– სანამ ლილიკოს მოვიყვანდით, მანამდე მყავდა ლაბრადორი, რომელიც ასაკოვნებით გარდაიცვალა. ისე განვიცადე, რომ სახლში ძაღლი აღარ მინდოდა. თუმცა, გავიდა 6 თვე და მივხვდი, რომ ის ხმაური, ის სიცოცხლე მომენატრა, რაც ცხოველს შემოაქვს ოჯახში. ვიფიქრეთ, როგორი ძაღლი გვინდოდა და შევარჩიე ინგლისური ბულდოგი იმიტომ, რომ ყველაზე მშვიდი ძაღლია, არ უყვარს ყეფა და არ მიაქვს დიდი დრო. ასე შემოვიდა ჩვენს ოჯახში სუფთა სისხლის, საუკეთესო გენეტიკის ეს პატარა ბუთქუჩა გოგონა. სახელი არ გვქონდა შერჩეული. ოთახში სიარული და სირბილი რომ დაიწყო, მივხვდით, რომ ლილიკო უნდა დაგვერქმია.

– რა შემოიტანა თქვენში ლილიკომ?

– უფრო მეტი ხალისი. როცა ოჯახში ახალი წევრია, სხვაგვარად გიხარია გათენება იმიტომ, რომ იცი, ის გელოდება. ოთხფეხა მეგობარს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მისი ყოლა ოჯახში გარკვეულ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ყველას ვურჩევ, ვინც აპირებს, აიყვანოს ნებისმიერი ცხოველი – ცოცხალი არსება, წინასწარ გააანალიზოს, რამხელა პასუხისმგებლობა და ყურადღებაა საჭირო. პატივი უნდა ვცეთ ამ არსებებს, ვუპატრონოთ და ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ თავი არ იგრძნონ გალიაში, ოთხ კედელში გამოკეტილად.

– სამსახურით დაკავებულმა ცოლ-ქმარმა როგორ მოახერხეთ ლეკვის გაზრდა?

– ლილიკო 3 თვის ასაკიდან დადის ბაღში, მანქანა აკითხავს… იქ მთელ დღეს ატარებს საღამომდე, ძაღლებთან ერთობა. ჩვენი მუშაობისთვის პრობლემა არ შეუქმნია. ახლა წლის და 6 თვისაა.

მარტივი წესები მე ვასწავლე, როგორიცაა: დაჯექი, დაწექი, თათი მომეცი… თუმცა, ეს არსებითი არც არის. მთავარია, ძაღლმა იცოდეს საზოგადოებაში ქცევა, შეეძლოს სოციუმთან კონტაქტი, იყოს სოციალური, ადამიანები უყვარდეს და ქუჩაში რომ გაიყვან, სხვა ძაღლების მიმართ არ ჰქონდეს გაუცხოება ან აგრესია. ამიტომ ძაღლი ცხოველებთან უნდა აკონტაქტო. ლილიკოს 3 თვიდან აქვს ცხოველებთან ურთიერთობა, ამიტომაც არის ძალიან კეთილი და საყვარელი.

– რა თავისებურებები ახასიათებს?

– თავისი ხასიათი აქვს. ზოგადად, ინგლისური ბულდოგი გამოირჩევა სიჯიუტით. ვცდილობ, ჩემს ძაღლს თავისი უნარ-ჩვევები შევუნარჩუნო, ლილიკო სწორედ ისეთი უხასიათო მიყვარს, როგორიც არის. თუ არ უნდა, არ მოვა; თუ ხასიათზე არ არის, ზედ არ შემოგხედავს… რაღაცნაირი, თავისი თავის ქალია.

მკვეთრად განსხვავდება ჩემი წინა ძაღლისგან. ლაბრადორი სულ თვალებში მიყურებდა, ოღონდ რამე მეთქვა, რჩევა ან ბრძანება მიმეცა!.. ამას კი, უკაცრავად და, სულ ფეხებზე ჰკიდია ოჯახის წევრები. მომწონს, რომ არ გვაწუხებს. რაც მთავარია, ყეფა არ უყვარს, რაღაც ხმაურზე არ რეაგირებს. ამით არც პატრონს აწუხებს და არც მეზობლებს. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული გოგოა.

– რით კვებავთ?

– მხოლოდ და მხოლოდ ძაღლების სპეციალური საკვებით. ზოგჯერ დამატებით შეიძლება მივცეთ ვაშლი ან ბანანი. ასევე ვაძლევთ “სნექებს”, ანუ წასახემსებლებს, სპეციალურ ორცხობილებს ძაღლებისთვის.

ადრე მყავდა პუდელი, ჩემი პირველი ძაღლი იყო, მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი და სერიოზული შეცდომა დავუშვი: ყველაფერს ვაძლევდი, კიტრის მწნილიდან დაწყებული, შოკოლადით დამთავრებული. მერე, სამწუხაროდ, დიაბეტი დაემართა და ბევრი ვინერვიულეთ.

– სპეციალისტების ცნობით, შოკოლადში შემავალი ნივთიერება თეობრომინი არ არის მავნე ადამიანებისთვის, მაგრამ საშიშია ძაღლებისა და კატებისთვის, სულ რაღაც 40 გრამს მათი მოწამლვა შეუძლია. ამიტომაც გვაფრთხილებენ, რომ არ დავდოთ შოკოლადი მათთვის მისაწვდომ ადგილზე.

– ყველას ვურჩევ, აჭამონ ცხოველებს მხოლოდ მათთვის განკუთვნილი სპეციალური საკვები. ხოლო თუ მათი განებივრება სურთ, მისცენ სპეციალური “სნექები”, მრავალი ორცხობილაა მათთვის შექმნილი.

ლილიკოს კვებას ძალიან ვაკონტროლებთ. საკვებს მაქსიმალური სიფრთხილით ვურჩევ, ვინაიდან თეთრი ძაღლია და ალერგიულია, ცრემლდენა აქვს. ეს საკვები, ახლა რომ ვაძლევთ, შედარებით უხდება.

– თეთრი ფერის ძაღლებში, როგორც ჩანს, ალერგია უფრო ხშირია.

– ძირითადად ასეა. თუ თეთრი ძაღლი გყავს, უნდა შეარჩიო სპეციალური ხსნარი იატაკის საწმენდად. შეიძლება ჰაერზეც მისცეს ალერგია, ქუჩისა და სახლის მტვერზე, ყვავილებზე, გაზაფხულზე აყვავებას რომ იწყებს ბუნება… შეიძლება სავარძლის გადასაფარებელმაც გამოიწვიოს. ალერგია იმით გამოიხატება, რომ ძაღლს ცრემლდენა ეწყება, თეთრი კანი მოყავისფრო უხდება. ეს პატრონის მხრიდან ცალკე დროს და ყურადღებას მოითხოვს, უნდა მიხედო ძაღლს ისე, რომ არ დარჩეს ლაქა. თუ ლაქა დარჩა, ესე იგი, პატრონი ვერ უვლის სათანადოდ.

– ძაღლის მოვლის წესები მაქსიმალურად შეისწავლეთ?

– ლილიკო რომ მოვიყვანე, ინტერნეტს ჩავუჯექი და თითქმის ყველა ინფორმაციას გავეცანი ინგლისური ბულდოგის თვისებებთან და მოვლასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

– სახლში ძაღლის ბეწვს როგორ უმკლავდებით?

– მოკლებეწვიან ძაღლებს, ფაქტობრივად, სულ სცვივათ თმა. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია პატრონისთვის. ყველგან ლილიკოს თმაა გარჭობილი, შავი ტანსაცმელი ამოვიღე ხმარებიდან. რას ვიზამთ, ვუმკლავდებით.

– ვიდეოდან ჩანს, რომ ლილიკოს სხეულს მტვერსასრუტით წმენდთ და ამით სუსტ ბეწვებს აშორებთ. ძაღლებს, როგორც წესი, აფრთხობს მტვერსასრუტის ხმა. როგორ მიაჩვიეთ?

– ძაღლებს აშინებს მტვერსასრუტის, ასევე ფენის ხმა, მაგრამ თუ ლეკვობიდან მიაჩვევ, პრობლემა არ არის. თავიდან, ლილიკოს სამ ჯერზე გაუჭირდა, ახლა უკვე გატრუნულია, მის სხეულს რომ “ვამტვერსასრუტებ”. გარკვეულწილად ეს შეღავათია.

– ოჯახში პატარას ელოდებით. ქალის ორსულობა სახლში ძაღლს რამდენად ეთავსება?

– არანაირად არ უშლის ხელს. არც ბავშვებთან არის პრობლემა, პირიქით, როდესაც ბავშვი იზრდება ოთხფეხა მეგობართან, ეს საუკეთესო საშუალებაა, შეაყვარო მას ცხოველები, მიაჩვიო მოვლა-პატრონობას, იცოდეს, რომ ისიც ათამაშოს, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. რაც მთავარია, ცხოველთან ერთად გაზრდილი ბავშვები ნაკლებად აგრესიულები არიან.

– თქვენი ზოდიაქო ღრიანკალია. ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ, როგორც ამ ნიშნის მატარებელს, ეჭვიანობა გჩვევიათ არა მარტო საყვარელი ადამიანების, არამედ ძაღლის მიმართაც. ეს უკანასკნელი რაში გამოიხატება?

– ზოგადად ეჭვიანი ვარ მათ მიმართ, ვინც მიყვარს და ვინც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. მესაკუთრეობა მახასიათებს. მაგალითად, ლილიკოსგან ვერ ვიტან უყურადღებობას ჩემ მიმართ, ძალიან განვიცდი. ერთხელ, ლილიკო ბაღში იყო 2 კვირა და ვიდეოზარით ვესაუბრებოდი მის მომვლელს. ამ დროს ლილიკო ყურადღებას არ მაქცევდა. ისე გავმწარდი, რომ შინიდან გავვარდი და მასთან გავიქეცი. სანამ არ ჩავეხუტე და არ ჩავკოცნე, ვერ მოვისვენე.

– ოთხფეხა მეგობართან დაკავშირებით თავგადასავლები გქონიათ?

– ლილიკო ძალიან ჭკვიანია და ჯერჯერობით არც თავგადასავალი, არც ხიფათი არ შეგვმთხვევია. სადაც მივდივარ, თუ საშუალებაა, მიმყავს. ვცდილობ, ჩემთან ერთად იყოს და ვაკონტაქტო ადამიანებს, არ იყოს სახლში და სავარძლის ფუნქციას არ ასრულებდეს, რისკენაც მიდრეკილია თავად.

– მასთან დაკავშირებით სახალისო რას გახსენდებათ?

– ზოგადად, ინგლისურ ბულდოგს უყვარს ნებივრობა სავარძელში, ფუმფულა ბალიშზე ან ნოხზე, სადაც მიიძინებს და ხვრინავს. ლილიკოსაც ამოჩემებული აქვს ერთი სავარძელი, ძილში ისე სასაცილოდ ხვრინავს!..

ვისაც ცხოველი ჰყავს, მიხვდება, რომ მასთან გატარებული ნებისმიერი წუთი და წამი განსაკუთრებულია. ჩვენი ყოველდღიურობა ქმნის ისტორიას. ეს ყველაფერი ვიზუალურად არის აღსაქმელი და შესაგრძნობი, მოსაყოლად ისეთი აღარ არის, “პეწს” კარგავს…

რასაც გავცემთ მისთვის, იგივე გვიბრუნდება მისგან. ამიტომაც გვიყვარს განსაკუთრებულად.

– არჩილ, სულ რამდენი ძაღლი გყავდათ და თქვენს ხასიათთან ახლოს უფრო რომელი ჯიშია?

– ლილიკო პერსონალურად ჩემი მესამე ძაღლია. მამა მონადირეა და ამიტომ ბავშვობიდან სულ გვყავდა ძაღლი.

თუ რომელი ჯიშია უფრო ჩემეული, ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. ხან მე თვითონ ვარ “ლაბრადორი”, ხან “ინგლისური ბულდოგიც” ვარ, ხან კი შეიძლება “დობერმანიც” ვიყო…

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ლილიკოსთან დაკავშირებით?

– მარტში და აპრილში ძაღლების გამოფენაზე უწევს გასვლა და ვნახოთ, როგორ ჩაივლის. ეს მისი პირველი გამოფენაა, ადრე კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა და გამოფენაზე ვერ გავიყვანე (მაშინ იუნიორებს შორის უწევდა გამოსვლა), მერე პანდემიაც წამოგვეწია.

ავიყვანე ადამიანი, რომელიც გაიყვანს გამოფენაზე და ასწავლის შესაბამის ქცევებს.

– თქვენს წინა ძაღლთან, ლაბრადორთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ?

– ის ჩემთვის დიდი ტკივილია. ბანჩი ძალიან მიყვარდა, უაღრესად კეთილი და მზრუნველი იყო. ვისაც ლაბრადორი ჰყავს, ზუსტად გამიგებს – ამ ჯიშის ძაღლი სულ ელოდება პატრონს, ოღონდ რამე ურჩიოს, ოღონდ გასცეს და დაუბრუნოს ის სიყვარული, რასაც პატრონისგან ღებულობს.

ბანჩი 12 წელი მყავდა, მასზე საუბარი ჩემთვის მძიმეა… ზოგადად, არ მიყვარს წარსულზე საუბარი.

სმარტ პეტი

Leave a comment