“როდესაც გადაცემის ჩაწერისას, და ამ არეული და აწეწილი სიტუაციის დროს, სტუდიაში ეს საოცრება (ძაღლი, ავტ.) შემოდის და დიდი, სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებს, ხვდები, რომ ცხოვრება სულ სხვა რამეა, ვიდრე მტყუან-მართლის გარკვევა და ერთმანეთის ზიზღი!!!”_ ასე გამოხატა ძაღლების მიმართ დამოკიდებულება კახა გოგიძემ, ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა, რომელმაც განსაკუთრებული არტისტული და სასიმღერო ტალანტი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”. მოგეხსენებათ, ამ სერიალში ის დარდიმანდი პრეზიდენტის, სულიკო დარდიანიძის როლს ასრულებს, თანაც ბრწყინვალედ…
გარდა ამისა, კახა გოგიძე ოთხფეხა მეგობრების განსაკუთრებულად მოყვარული და ქომაგია. ამჯერად ჰყავს პოინტერი, სახელად ბოი, და ორი კატა _ ფარსადანი და აბესალომი. თავს გამოცდილ მეძაღლეს უწოდებს. ზოგადად, ძაღლების პატრონებსაც მეძაღლეებად მოიხსენიებს. მისი ჰობია ნადირობა.
“ისე მიყურებს, თითქოს ძაღლების დინ ვიტო იყოს, ჩემი “ბოი”… დილა მშვიდობისა, ერო!” _ ასეთი სახალისო წარწერა წაუმღვარა თავისი პოინტერის ფოტოს ფეისბუქზე. არის თუ არა ბოი “ძაღლების დონ ვიტო”, რამდენად ასრულებს მონადირის ფუნქციას, ამ და სხვა საკითხებზე, ფაუნის ბინადრების მიმართ დამოკიდებულებასა და გამოცდილებაზე კახა გოგიძე “სმარტ პეტს” ესაუბრა.
_ თქვენი მეგობრობა ოთხფეხა ბინადრებთან როდის დაიწყო?
_ ბავშვი ვიყავი, მამამ რომ ძაღლი მოიყვანა, პოინტერი, სახელად პერი. ცოტახანს გვყავდა, მერე სოფლის გზას გაუყენა. იქ კი, სამწუხაროდ, ჩვენი პერი მანქანის ქვეშ მოყვა… ძალიან დამწყდა გული. მას შემდეგ სულ მინდოდა, ძაღლი მყოლოდა.
დაახლოებით 25 წლის ასაკში მოვიყვანე კურცხალი. ძალიან მაგარი ძაღლი იყო. ჩემმა მეგობარმა როი დაარქვა. არ მიყვარს გაპრანჭული სახელები და ამიტომ როინს ვეძახდი. მე და როინი დიდხანს ვნადირობდით. მერე ისე მოხდა, რომ ჩემ გვერდით აღარ იყო, დეტალებს არ გავიხსენებ… მის გამო ვიდარდე…
ახლა მყავს პოინტერი, სახელად ბოი. მოგეხსენებათ, მონადირე ჯიშია, მაგრამ ბოი ვერ ნადირობს _ შეშინებულია. ასევე, მყავს 2 კატა. პირველს ფარსადანი დავარქვი. მეორე კატა მსახიობმა ნინო ლეჟავამ მაჩუქა. თავიდან გოგო მეგონა, თუმცა ბიჭი აღმოჩნდა და აბესალომი დავარქვი.
_ ოთხფეხა მეგობრები კერძო სახლში გყავთ თუ კორპუსის ბინაში?
_ ამჯერად თბილისში ვმუშაობ, კერძო სახლში ვცხოვრობ ჩემს ვაჟთან ერთად, მაქვს საშუალება, თავი გავინებივრო _ ძაღლი ეზოში მყავს, კატები სახლში. პირველი ძაღლი კორპუსში მყავდა, იქ ძაღლიც დაიტანჯა და ჩემებიც… კერძო სახლში კი კარგად ვართ. ზოგადად, ოჯახში ცხოველებთან ურთიერთობის პრობლემა არავის აქვს.
_ რა თვისებებს ამჟღავნებენ თქვენი ოჯახის ფაუნის ბინადრები?
_ პოინტერი იმიტომ მაჩუქეს, რომ ნადირობა მიყვარს, მაგრამ ბოი მშიშარა აღმოჩნდა. მალე 3 წლის გახდება. ნადირობისას პარტნიორად არ გამოდგება, თუმცა მაინც ძალიან მიყვარს. ვისაც ოდესმე ძაღლი ჰყოლია, მიხვდება, რა არის ოთხფეხა მეგობარი. ეს ნამდვილი მეგობარია _ უერთგულესი, რომელიც არ წავა შენგან, არ დაგტოვებს, არ გაგწირავს, არ გიღალატებს.
კატები უფრო სხვაგვარად იქცევიან, თითქოს მე ვარ მათთან სახლში და არა ისინი _ ჩემთან. პირველი კატა, ფარსადანი რომ მოვიყვანე, აღმოვაჩინე, რომ ესეც ძალიან ანგარიშგასაწევი, საინტერესო არსებაა. სახლში მოყვანილი ცხოველი ოჯახის წევრი ხდება.
_ რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც ოთხფეხა მეგობრის აყვანა სურთ?
_ არასწორია, როდესაც დეკორაციად მიჰყავთ შინაური ცხოველები და მერე აღმოჩნდება, რომ ვერ უვლიან. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს: შინ მიყვანილი ფაუნის ბინადარი (კატა იქნება, ძაღლი თუ სხვა) ოჯახის წევრად უნდა მიიღო და თანასწორად აღიქვა.
ოთხფეხა მეგობრები საოცარი არსებები არიან. ჩემი ძაღლი, ჩვეულებრივ, განიცდის იმას, რაც შეიძლება მე განვიცადო. ჩემს მეგობრებს ისეთივე კეთილგანწყობით უყურებს, როგორც მე ვუყურებ მათ. ძაღლი ჩემს მიმიკებს კითხულობს, ჩემს განწყობებს გრძნობს. აქედან გამომდინარე, ოჯახის ბინადარ ძაღლს თუ კატას ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორც ოჯახის სხვა წევრებს. რასაკვირველია, სუფრასთან ვერ დავსვამ, მაგრამ სხვა მხრივ ნაკლებ ყურადღებას არ ვაქცევ.
ძაღლებს რომ აჩხუბებენ, ან ძაღლს რომ ურტყამენ _ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია!..
თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ძაღლი თავს მარიდებს, კატები კი მოდიან და მეფერებიან, ამით მდგომარეობიდან გამოვყავარ. ძალიან მიყვარს სიმარტოვე, ჩემი ოთხფეხა მეგობრები კი ამ სიმარტოვეს მივსებენ.
_ თქვენი ძაღლი და ონავარი კატები ერთმანეთს როგორ ეწყობიან?
_ ჩემი კატები ბოის ძალიან აწვალებენ, გაწამებული ჰყავთ, კბენენ, კუდს ქაჩავენ… ბოი სხვა კატებს ემტერება, ჩემს კატებს _ არა. გრძნობს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ და თავისიანებად აღიქვამს. ესენი კი ბოროტად სარგებლობენ ბოის კეთილგანწყობით და თამაშის დროს კბენენ, კაწრავენ… თუმცა მაინც, ბოის დათმენითა და ძალისხმევით, ერთად ჰარმონიულ ცხოვრებას ახერხებენ.
საინტერესო ფაქტს გიამბობთ. ერთხელ ჩემს ძაღლს ფუტკარმა უკბინა, ძალიან დასივდა, ფეხები ეკეცებოდა, ვერ დგებოდა, კინაღამ მოკვდა. ვეტერინარიც ჩავრიეთ, ანტიალერგიული საშუალებები, დექსამეტაზონი და სუპრასტინი გავუკეთეთ, რომ გადაგვერჩინა. ძაღლს ჩაეძინა. შავი კატა ფარსადანი, რომელიც მანამდე სულ აწვალებდა ბოის, ახლა გვერდიდან არ მოსცილებია, თავზე ჩაეხუტა. ერთი დღე ეძინა ბოის და კატაც გაუნძრევლად იწვა მასთან. სანამ არ წამოდგა ბოი და არ დავრწმუნდით, რომ ჯანმრთელად იყო, კატა წამითაც არ მოშორებია. მსგავსი არაფერი მინახავს. ნამდვილი მეგობარივით მოიქცა, გასაჭირში რომ არ მიგატოვებს.
ადრე კატებს ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი, ამის შემდეგ კი პატივისცემით განვიმსჭვალე, ასე რომ უერთგულა ძაღლს.
_ კურცხალი ნადირობისას თქვენი კომპანიონი იყო, მას როგორ გაიხსენებთ?
_ ნადირობის შემდეგ იმ ძაღლს მართლა ვსვამდი სუფრასთან, ნადირობისას ძაღლი თანასწორუფლებიანად შეიძლება ჩაითვალოს. მონადირე ძაღლი რომ მოიყვანო და დეკორაციად გყავდეს, ცოდოა, მან უნდა ინადიროს, ფუნქცია შეასრულოს. ის ძაღლი ჩემთვის დიდი დანაკლისია, გენიალური მონადირე იყო, იცოდა, ერთად რა და როგორ გვეკეთებინა, ესმოდა ჩემი, მაგებინებდა, რა უნდოდა. საოცარი ძაღლი იყო.
_ კურცხალს რა თვისებები ახასიათებს და რით განასხვავებთ პოინტერისგან?
_ კურცხალი ძალიან გამძლე და ერთგულია. დაცინვას ვერ იტანს. თუ დასცინებ, მერე შეიძლება აქეთ დაგცინოს. ძალიან ამაყი და ღირსეულია.
პოინტერი მცივანაა, ზაფხულშიც კანკალებს _ ყველა დამეთანხმება, ვისაც ამ ჯიშის ძაღლი ჰყავს. ზოგადად, პოინტერები ძალიან კარგი მონადირეები არიან.
_ რამ გამოიწვია, რომ თქვენი პოინტერი მშიშარა და სანადიროდ გამოუსადეგარია?
_ ბოი რომ მაჩუქეს, უკვე დიდი იყო… ზოგჯერ ძაღლებს არაპოპულარული მეთოდებით წვრთნიან. ეტყობა, წინა პატრონმა ყურთან გაუსროლა და ამით დაშინდა. ნადირობისთვის აღარ გამოდგება, მაგრამ მაინც ჩემი მეგობარია.
_ აპირებთ სხვა ძაღლის მოყვანას?
_ ჯერჯერობით არა. სამომავლოდ კურცხალის მოყვანა მინდა.
_ სად და რომელ ფრინველებზე ნადირობთ?
_ ვნადირობთ ჯავახეთის ზეგანზე, ქარელის რაიონში, კახეთში სეზონის გახსნაზე მივდივარ ხოლმე… ძირითადად ვნადირობ მწყერზე და იხვზე, ამ ფრინველებზე ნადირობა ნებადართულია.
მამაკაცებს გვაქვს ნადირობის ინსტინქტი, ისევე, როგორც ქალებს აქვთ ჩანთის ტარების ინსტინქტი. ვიღაცას უყვარს ნადირობა, ვიღაცას _ არა, ზოგი მას ძალადობად თვლის. მე ასე არ განვიხილავ, ჩემთვის ეს მხოლოდ ტრადიციაა.
_ თქვენს ძაღლს რით კვებავთ?
_ ძირითადად სპეციალური საკვებით: ზაფხულში მაღალხარისხიან საკვებს ვაძლევ, ვინაიდან ბევრს მოძრაობს, მეტად აქტიურია. ზამთარში კი საშუალო ხარისხისას ვჯერდები.
_ ძაღლის და კატის გარდა, კიდევ რომელ ოთხფეხა მეგობარს იყოლიებდით?
_ სამეგრელოში ვიმუშავეთ სპექტაკლზე და იქ ყოფნისას ჭკუაში დამიჯდა, ცხენი მყავდეს. ჩემმა ერთმა, აწ განსვენებულმა, მეგობარმა ორჯერ მაჩუქა ცხენი: ერთხელ _ თუშური და მეორედ _ ინგლისურ-არაბული. ისინი იპოდრომზე იყვნენ და უბრალოდ გასეირნება უნდოდათ. ახლა კი მინდა, ცხენი სოფელში მყავდეს.
როგორც აქ დადიან კატები თავისუფლად, ისე დადიან სენაკის ქუჩებში ცხენები, შეიძლება პატრონიც არ ჰყავდეთ… ამან ძალიან მომხიბლა. მე სადაც ვიყავი, ღამის 3-4 საათზეც დასეირნობდნენ ცხენები… საოცრება იყო.
_ თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს ადამიანზე ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა?
_ ცხოველთან ურთიერთობა ძალიან კარგია, აკეთილშობილებს ადამიანს. ბებიას სოფელში ძროხები ჰყავდა და ახლაც მახსოვს მათი სხეულის სითბო და ოხშივარი, რომ წველიდა.
ცხოველთან ურთიერთობა ვისაც აქვს, ის სხვანაირი ადამიანი ხდება, სხვა მსოფლმხედველობა უყალიბდება, სხვაგვარად აღიქვამს სამყაროს, უფრო ტოლერანტულია.
ვწუხვარ, რომ ვაკეში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარს ფინანსური კრიზისი შეექმნა. ამ თავშესაფრით კარგი საქმე კეთდებოდა და ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ძაღლები ქუჩაში აღმოჩნდებიან. სასურველია, ოთხფეხა არსებების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა შეიცვალოს, კარგი იქნება, თუ თავშესაფარს მხარში დაუდგებიან და ცხოველებს დაიცავენ. ბოლოს და ბოლოს, ბიბლიის მიხედვით ცხოველი ადამიანზე ადრე შეიქმნა და ადამიანს თავისი არსებობის დღიდან აქვს მასთან ურთიერთობა. გაჭირვების დროს მათი არდახმარება ღალატივით გამოგვდის.
სმარტ პეტი
Leave a comment