ანდრია გველესიანის ოჯახის ჩემპიონი

ცნობილი მსახიობისა და მომღერლის, ანდრია გველესიანის ულამაზესი კანე კორსო ჯესი ტეკილა ჯერ წლინახევრისაა, თუმცა უკვე მრავალგზის ჩემპიონია. ტეკილა მისი საპასპორტო და საგამოფენო სახელია, ჯესი ანდრიამ დაარქვა. საუცხოო შეფერილობა აქვს, ვეფხისებრი ნაცრისფერია, გულზე თეთრი ნიშით.

პატრონი მისი განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს. ინტენსიურად ავარჯიშებს, მაღალი კლასის სპეციალური საკვებით კვებავს. ჯესიც პატრონის რიტმს მიჰყვება, განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, სიხარულით ავსებს ოჯახს და თავგადასავლებითაც ახალისებს.

ანდრია გველესიანი სმარტ პეტს თავისი ოჯახის ოთხფეხა ბინადარზე ესაუბრა.

ანდრია როგორ აღმოჩნდა თქვენს ოჯახში ოთხფეხა მეგობარი?

– ბავშვობაში ოჯახში ყოველთვის მყავდა ძაღლი, მონადირე ჯიშის, პოინტერები. მას შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, აღარ მყოლია. ძალიან მინდოდა ლეკვის აყვანა, სხვადასხვა ჯიშებს ვფიქრობდი, ჯგუფებში ვეძებდი. უცებ გამოჩნდა კანე კორსოს ლეკვები, 11 აპრილს დაბადებულები. ამ დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა და არც დავფიქრებულვარ, მაიკოს გავუკეთე საჩუქარი, მოვუყვანე მისივე დაბადების დღეზე დაბადებული გოგო კანე კორსო. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ რეალურად ეს საჩუქარი მეტწილად ჩემს თავს გავუკეთე.

ჯესი ძალიან საყვარელი იყო, 2 თვისა წამოვიყვანე, მეორე აცრა ჩემ თვალწინ გაიკეთა. თავიდანვე დიდი გოგო იყო და ახლაც გამოირჩევა ტანადობით.

ლეკვი თავიდან როგორ შეგეჩვიათ?

– ცოტა შიში ჰქონდა, თუმცა შეგვეჩვია. მოყვანისთანავე მე ამირჩია პატრონად. ძალიან მოკედლებული იყო. ახლა უკვე იქით მიეკედლები, იმხელაა და ისეთი ძალა აქვს.

ძაღლის და მით უფრო დიდტანიანის მოვლას ბევრი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, ამას როგორ ახერხებთ?

– ჩემი ძაღლი თანამოძმეებისგან გამოირჩევა. ბევრად ენერგიულია, ვიდრე ჩვეულებრივ კანე კორსოს ჯიში. თავად ენერგიული ცხოვრების რიტმი მაქვს, ჯესიც ჩემ გვერდით მყავდა და ვავარჯიშებდი. თანდათან ისე განვითარდა, რომ დღეში მინიმუმი ორჯერ მაინც ითხოვს სირბილს, ძუნძულს. ძალიან აქტიური კორსოა. ზოგადად კორსოები ძალიან დინჯები, ტლანქები არიან. ეს კი ზედმიწევნით სპორტული აღმოჩნდა და ერთი მხრივ მიხარია. თუმცა, რა თქმა უნდა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ყველას ვურჩევ, ვისაც ძაღლის ყოლის სურვილი აქვს, პირველ რიგში, უნდა გქონდეს იმის თავი, დრო, ხალისი და განწყობა, რომ სახლში მოყვანილ ლეკვს მიაქციო დიდი ყურადღება. შენზეა დამოკიდებული, როგორი გაიზრდება. ეს ნებისმიერ ჯიშს ეხება. როგორსაც გაზრდი, ისეთივე ჩამოყალიბდება.

როგორც ჩანს, ჯესი თქვენს ხასიათთან ახლოს დგას.

– ნამდვილად ასეა. როგორც ადამიანი გემსგავსება, ვისაც შენთან ახლო ურთიერთობა აქვს, ასევეა ძაღლიც, იმიტომ, რომ შენ ზრდი და შენზეა აწყობილი. თუ ენერგიული ტიპი ხარ, ისიც ენერგიულია. თუ ცოტა ზარმაცი ხარ, ისიც ზარმაცი ხდება… ჯესი ხასიათით ნამდვილად მგავს.

როგორ შეადარებთ კანე კორსოს სხვა ჯიშის ძაღლებს, თუნდაც იმ მონადირე ოთხფეხა მეგობრებს, რომლებიც ბავშვობაში გყავდათ?

– ყველა ჯიშს თავისი გენეტიკა და თვისებები აქვს. მონადირე ძაღლის მთავარი ფუნქცია ნადირობაა, მას სჭირდება ბევრი სირბილი… კანე კორსო კი მცველი ძაღლია. ინსტინქტის დონეზე აქვს განვითარებული, რომ დაიცვას პატრონი, ოჯახი, საკუთრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯესის ძალიან განვითარებული აქვს ყნოსვის უნარი. ეს კი მიუთითებს, რომ კორსოს გენეტიკაში ნადირობის ფუნქციაც აქვს. წინათ ამ ჯიშის ძაღლებით ნადირობდნენ საკმაოდ მოზრდილ ცხოველებზე: დათვებზე და ტახებზე. თუმცა, ზოგადად ნადირობის ფუნქციით პოინტერებს ალბათ ვერ შეედრება. ჯესის დაგეშვას და სანადიროდ წაყვანას არ ვაპირებ.

კანე კორსო მძაფრი ინტუიციით გამოირჩევა. როგორც ამბობენ, აქვს უნარი, გამოიცნოს პატრონის მიმართ გარეშე პირთა განწყობა, არაკეთილმოსურნეთა მიმართ კი შესაბამისად რეაგირებს. მსგავსი შემთხვევა გქონიათ?

– ამ აზრს ვეთანხმები. არა მარტო კანე კორსოებს, ზოგადად ძაღლებს ინტუიცია მეტად აქვთ განვითარებული, ვიდრე ადამიანებს. პირდაპირ ხვდებიან შენს შინაგან სამყაროს. ზოგჯერ სიტყვაც არ არის საჭირო, გრძნობებს და ადამიანის დამოკიდებულებას უფრო იღებენ.

არ დავაკონკრეტებ, თუმცა მქონია ეჭვი ამა თუ იმ ადამიანის არაკეთილგანწყობაზე ჩემ მიმართ. ჯესის ჰქონდა მათ მიმართ გაწევის და ყეფის მომენტი. ვფიქრობ, რომ ინტუიციით ხვდება იმას, რასაც ადამიანი ვერ იაზრებს.

ჯესი გრძნობს, ვინ როგორ უყურებს. თავიდან, უცხო ადამიანს ეზოში არ უშვებს, რომ გავაცნობთ და იმ ადამიანის კეთილგანწყობას ხვდება, თავადაც კეთილგანწყობით პასუხობს.

კანე კორსოს ფილოსოფოს ძაღლსაც უწოდებენ. ჯესის თუ გამოუვლენია განსაკუთრებული ჭკუა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში?

– ზოგადად არ მიყვარს ძაღლის გაადამიანება. ამ ჯიშის ძაღლს ისეთი ძლევამოსილება აქვს, ყველას ჰგონია, თავით გაიტანს კედელს. თუმცა ასე არ არის, ღობის განგრევას ურჩევნია, უფრო მოხერხებული ნაბიჯი გადადგას, რამე მოიფიქროს, თუნდაც კარი გამოაღოს, თათით სახელური ჩამოსწიოს… ჭკუით უდგება ყველაფერს და არა ღონით. ეს ჯიში ნამდვილად გამოირჩევა ინტელექტით, ასეა ჯესიც.

ძაღლის სეირნობისას თავგადასავლები, კურიოზებიც გექნებოდათ. რომელიმე გვიამბეთ.

– ასეთი ძალიან ბევრია, რომელი ერთი გიამბოთ?! ყველა სეირნობისას ჯესის ახალი თავგადასავალი აქვს, ახალ გარემოს ითვისებს, ახალ ისტორიებს აწყდება.

ერთ გადაცემაში მოვყევი სასაცილო ისტორია. პატარა რომ იყო, ჯესის მანქანით სიარული ძალიან უყვარდა და მეც ხშირად ვატარებდი. ახალ ადამიანს რომ გაიცნობდა, თუ ძალიან მოეწონებოდა, ემოციის გამოხატვისას შარდი ეპარებოდა. ერთხელ მეგობარს ვაცილებდით. ტაქსისტმა მანქანის კარი გამოაღო. ჯესიმ იფიქრა, მე გამიღოო, და მყისვე მანქანაში შეხტა, ტაქსისტის სავარძელში, საჭესთან მოთავსდა. მძღოლმა კეთილად შეხედა. როგორც ჩანს, ჯესის სახეზე მოეწონა ის ადამიანი და ემოციაც გამოხატა, ზედ სავარძელზე მოუშარდა. ასე რომ, მეგობრის გაცილება იმ მანქანის ქიმწმენდად დამიჯდა.

მსგავსი სასაცილო და პოზიტიური ისტორიები უფრო პატარაობისას ჰქონდა. კანე კორსო რომ იზრდება, მეტწილად ღირსეული და თავშეკავებული ტიპაჟი ხდება.

ჯესის აღზრდა მწვრთნელს მიანდეთ თუ თავადვე ღებულობთ მონაწილეობას?

– თავიდან, ჯესის წვრთნიდა მწვრთნელი, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. ამის შემდეგ კი ლეკვმა მე მიმიღო, როგორც პატრონი, ყველაფრით ჩემზე გახდა დამოკიდებული.

ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა, შეგიძლია მოიძიო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ძაღლის წვრთნასთან დაკავშირებითაც მოვიძიე და ახლა უკვე ჯესის წვრთნას თავადვე ვაგრძელებ. საკმაოდ კარგად მომყვება.

თუმცა, ალბათ უშუალოდ მწვრთნელის კონსულტაცია სასურველი და მნიშვნელოვანია.

– დიახ, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ამ საქმეში პროფესიონალი უნდა ჩაერთოს. ძაღლის გაწვრთნა ყოველთვის საჭიროა.

რით კვებავთ ჯესის?

– ვკვებავ მაღალი ხარისხის, პრემიუმი და სუპერ პრემიუმი კლასის სპეციალური საკვებით. ზოგჯერ ნატურალურ საკვებსაც ვამატებ, ხილსაც მიირთევს. თავიდანვე ასე ვარჩიე. ორი ვარიანტია: შეგიძლია კვებო ეგრეთ წოდებული “კორმით” – სპეციალური საკვებით, ან ბუნებრივ კვებაზე გყავდეს. თუ ბუნებრივ კვებას ირჩევ, მაშინ უნდა კვებო ხარისხიანი პროდუქტებით, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. საბოლოო ჯამში, “კორმი” სჯობს. თუმცა ბუნებრივ საკვებსაც ვაწვდი დროდადრო.

ხილი ახსენეთ და რას აძლევთ?

– რაც ძაღლისთვის დასაშვებია. ამ ინფორმაციის მოძიებაც იოლია ინტერნეტში. ჯესის ბანანი და კივი უყვარს.

დაბოლოს, გამოფენებზე თქვენი ოთხფეხა მეგობრის წარმატებებზეც გვითხარით.

– სადაც მონაწილეობდა, ყველგან ჯილდო („ბესთ ბეიბი“) აიღო, როგორც ყველაზე საუკეთესო ლეკვმა. ახლაც გავიდა გამოფენაზე, 3 და 4 ოქტომბერს, ისევ ჩემპიონი გახდა. ლეკვობაში უკვე 5 დიპლომის აღება მოასწრო.

სმარტ პეტი

Leave a comment